Facebook Twitter

ას-513-485-2012 6 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. გ-ის საჩივრის (თავისი შინაარსით კერძო საჩივრის) წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – ი. გ-ის სარჩელის გამო, ც. ს-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის თანახმად, საპროცესო კოდექსი კონკრეტულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამდენად, გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.

რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც საჩივრის სახითაა შემოსული, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა მხარე მას კერძო საჩივრად, საჩივრად თუ საკასაციო საჩივრად ჩათვლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია. გასაჩივრებული განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნულ განჩინებაზე არ დაიშვება არც კერძო საჩივარი და არც საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.