ას-527-496-2012 12 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. კ-ე, მ. კ-ე, გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ტ-ო“, თავმჯდომარე ნ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ., მ. და გ. კ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ტ-ოსა“ და თავმჯდომარე ნ. ჯ-ის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ., მ. და გ. კ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ., მ. და გ. კ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ., მ. და გ. კ-ეებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ., მ. და გ. კ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. (იხ. ტ.II, ს.ფ.51-52).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დ., მ. და გ. კ-ეები არ მიეკუთვნებიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 28 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე - 9 მარტი, ამდენად კასატორებს ან მათ წარმომადგენელს შეეძლოთ, მისულიყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 28 თებერვლიდან 2012 წლის 9 მარტამდე. საქმიდან ირკვევა, რომ დ., მ. და გ. კ-ეებს ან მათ წარმომადგენელს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
რაც შეეხება საქმეში არსებულ განცხადებას, განჩინების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.II, ს.ფ. 71), ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი მხარის წარმომადგენელმა ბექა ბადრიშვილმა სასამართლოს მიმართა 2012 წლის 20 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 9 მარტიდან.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 9 მარტს და დამთავრდა 2012 წლის 29 მარტს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 30 მარტს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ., მ. და გ. კ-ეების საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. კ-ის, მ. კ-ისა და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
დ. კ-ეს, მ. კ-ესა და გ. კ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ დ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი (2012 წლის 27 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი #4997282) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.