Facebook Twitter

ას-531-500-2012 12 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე - ვ. შ-ის სარჩელის გამო, ს. შ-ის მიმართ საცხოვრებელი სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინება, რომლითაც ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. აღნიშნული განჩინება მხარის წარმომადგენელ მ. მ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ. 61) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა 2012 წლის 13 მარტს (ტ.II, ს.ფ. 10).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 მარტს და დასრულდა 2012 წლის 25 მარტს, მაგრამ ვინაიდან 25 მარტი დაემთხვა უქმე დღეს, ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2012 წლის 26 მარტს.

საქმის მასალებით დასტურდება რომ, ს. შ-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 27 მარტს (ტ.II, ს.ფ. 14) კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ ს. შ-ის კერძო საჩივარი ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. შ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.