ას-532-501-2012 24 აპრილი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ს-ი
წარმომადგენელი - ლ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური, ნოტარიუსი გ. ბ-ი, ქ. ჯ-ე, ქ. ს-ი, მ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-მა თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს გ. ბ-ის, ქ. ჯ-ის, ქ. ს-ისა და მ. მ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2007 წლის 21 აგვისტოს ცნობის ყალბად მიჩნევა, საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობა, ნოტარიუს გ. ბ-ის მიერ დამოწმებული 2007 წლის 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებისა და 2010 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს გ. ბ-ის, ქ. ს-ის, ქ. ჯ-ის, მ. მ-ის მიმართ ცნობის სიყალბის აღიარების, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ს-მა სააპელაციო წესით გასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად მიიჩნია და 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აპელანტ – ი. ს-ს და მის წარმომადგენელს, ლ. ჭ-ეს, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინათ: ა) სააპელაციო საჩივრის შემოტანის დროისათვის, დავის საგნის საბაზრო ღირებულების ამსახველი დოკუმენტი; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
იმავე სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაგრძელდა.
2012 წლის 6 იანვარს, აპელანტის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინების ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება აპელანტს 2012 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა. მისთვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე. ი 2012 წლის 6 თებერვლიდან და ამოიწურა 2012 წლის 15 თებერვალს, ხოლო ი. ს-სა და მის წარმომადგენელ ლ. ჭ-ეს, არც ხარვეზის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოსათვის არ მიუმართავთ განცხადებით ხარვეზის გამოსწორების, ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ი. ს-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა და აღნიშნა, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნდა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც სასამართლოს წარუდგინეს, სააპელაციო სასამართლომ კი, ისინი არ შეაფასა. აპელანტი ი. ს-ი სტუდენტი იყო, დედამისი ლია ელიზბარაშვილი უმუშევარი, ხოლო მამის, ნ. ს-ის დანაშთი ქონება - მთლიანად გასხვისებული მოპასუხეების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით ი. ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
განსახილველ შემთხვევაში, ი. ს-ს სააპელაციო სასამართლოსათვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის სრულად ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ იმავდროულად ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა, შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გზით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა დაემტკიცებინა, რაც მას არ განუხორციელებია და არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება აპელანტს 2012 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა იმავე წლის 15 თებერვალს ამოიწურა. ვინაიდან ი. ს- ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.