ას-533-502-2012 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-იასა და ლ. ს-ის მიმართ ქ.თბილისში, ი-ის ქ.№71-ში მდებარე №33 ბინის ½-ის მესაკუთრედ ცნობისა და მოძრავი ნივთების ლ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნას ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ლ. ს-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო მ. კ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით როგორც ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, ისე მ. კ-ის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ. ს-ის უფლებებს არ შეხებია, რადგან ლ. ს-ის უფლებამოსილების საკითხი სადავო ქონებასთან მიმართებით გადაწყდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-სა და ლ. ს-ს შორის ქ.თბილისში, ი-ის ქ.№71-ში მდებარე №33 ბინის ½-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ლ.ს-ი აღარ წარმოადგენს იმ ქონების მესაკუთრეს, რომლის მიკუთვნებასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ასევე მ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და არ გაითვალისწინა, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდა, როგორც საქმეში ჩაბმულ მხარეს, მოპასუხეს.
ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტის უფლებები არ შელახულა, რადგან მითითებულ სადავო ბინაში ცხოვრობს ლ. ს-ი, ამდენად, ბინის ნაწილის მ. კ-ისათვის მიკუთვნება უშალოდ ეხება მხარის ინტერესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და ასეთად მიიჩნევს მხარეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და ასევე იმ პირებს, ვის უფლებებსაც უშუალოდ შეეხო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ აპელანტი ზემოხსენებული ნორმით დადგენილ პირთა წრეს არ განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის მიერ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება მის კანონიერ ინტერესებს არ შეხებია. აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ლ. ს-ისა და გ. კ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ი-ის ქ.№71-ში მდებარე №33 ბინის ½-ის მესაკუთრედ, ხოლო სარჩელს ლ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე ეთქვა უარი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მ. კ-ის აღრიცხვით შეილახა ლ. ს-ის უფლებები, რადგან ამჟამად აღნიშნულ ბინაში სწორედ აპელანტი ცხოვრობს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ლ. ს-ის უფლებამოსილების საკითხი სადავო ქონებასთან მიმართებით გადაწყდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-სა და ლ. ს-ს შორის ქ.თბილისში, ი-ის ქ.№71-ში მდებარე №33 ბინის ½-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ლ.ს-ი აღარ წარმოადგენს იმ ქონების მესაკუთრეს, რომლის მიკუთვნებასაც მოსარჩელე ითხოვს.
სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ლ. ს-ის პოზიცია, რომ მას, როგორ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ მხარეს, უფლება ჰქონდა, შეეტანა სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი მ. კ-ის სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს მხოლოდ მოძრავი ნივთების ლ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ.სესტიაშვილის სასარგებლოდ არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ი არ იყო უფლებამოსილი, სააპელაციო საჩივარი შეეტანა სადავო გადაწყვეტილებაზე და სააპელაციო პალატამ იგი განუხილველად მართებულად დატოვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.