ას-566-534-2012 30 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. წ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. კ. ნ-ე“ E
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. წ-ამ მოპასუხე შპს „ს. კ. ნ-ეს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოპასუხისათვის 2011 წლის 13 ივლისამდე პირგასამტეხლოს სახით 96000 აშშ დოლარის, ხოლო 2011 წლის 13 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 120 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 35000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-ამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა შპს „ს. კ. ნ-ემ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით შპს „ს. კ. ნ-ესა“ და ლ. წ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი:
2007 წლის 3 მაისს დაიდო ხელშეკრულება ლ. წ-ას და შპს „ს. კ. ნ-ეს“ შორის. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-ის ქუჩის II ჩიხის №12-ში, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა 400კვ.მ ფართობის მქონე ბინა თეთრი კარკასი, ნასყიდობის საგანზე – მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, 200კვ.მ ბინა უკვე მშენებარე ბინაში ევრორემონტით ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და სამი ავტოსადგომი.
მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 600000 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგნად განისაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-ის ქუჩის II ჩიხის №12-ში.
ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს გადასცემდა 200კვ.მ ბინას არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო 400კვ.მ-ს მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემდა 200კვ.მ ფართის მიღებიდან, არაუგვიანეს 2 თვისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს დაეკისრებოდა 0.02 % მიწის ღირებულების მიხედვით.
მოპასუხემ ვერც ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში და ვერც შემდგომ ვერ შეასრულა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
მოპასუხემ ვერ დაადასტურა რომ ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ შესრულდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა 2008 წლის აგვისტოს ომი, თუმცა მას არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რა უარყოფითი პროცესები განვითარდა აგვისტოს ომის შედეგად მისი საქმიანობის კუთხით.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ლ. წ-ას სააპელაციო საჩივრის დასაბუთება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვინაიდან თავად მხარეების მიერ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგამსატეხლოს ოდენობა 0.02% და თავად ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 600000 აშშ დოლარს, ამიტომ ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა – 96000 აშშ დოლარი, არ უნდა მიჩნეულიყო შეუსაბამოდ მაღალ თანხად.
საქმის მასალების თანახმად, 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი გამყიდველს გადასცემდა 200კვ.მ ბინას არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო 400კვ.მ ბინას გამყიდველი მყიდველს გადასცემდა 200კვ.მ ფართის მიღებიდან, არაუგვიანეს 2 თვისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მყიდველს დაეკისრებოდა მიწის ღირებულების 0.02%. მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეთა ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული და ეს შეზღუდვა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის დანაწესით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, აღჭურავს სასამართლოს უფლებამოსილებით ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გონივრულ ფარგლებში შეამციროს პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომელიც მხარეთა მიერ იქნა წინასწარ დადგენილი ხელშეკრულებით. იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა – 35000 აშშ დოლარი, კონკრეტულ შემთხვევაში, დარღვეული ვალდებულების თანაზომიერი და გონივრული იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ შპს „ს. კ. ნ-ეს“ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. მართალია, ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს აქვს უფლება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საჭიროება, რადგან მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო – 0.02%, არ არის მაღალი, თანაც, იგი მაღალი არ არის ხელშეკრულების ფასთან (600000 აშშ დოლარი), მიმართებით.
კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელი იყო ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე არ შეეცადა არათუ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, არამედ, მხარესთან რაიმე სახის მოლაპარაკებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.