ას-612-578-2012 30 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/2 ნაწილში, საცხოვრებელი ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ო-ისა და ი. ო-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ლ. ო-სა და ი. ო-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ...ს მასივი 1 მ/რ, კორპუსი #12, ბინა #5 1/2 ნაწილში და თ. ო-ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ...ს მასივი 1 მ/რ, კორპუსი #12, ბინა #5 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ო-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა გარემოებებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილი იმპერატიულად ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც, საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, უფლება აქვთ სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული განჩინება გაასაჩივრონ კერძო საჩივრით. დასახელებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ გასაჩივრებული განჩინების მხარეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებები და მოვალეობებიც განისაზღვრა გასაჩივრებული განჩინებით.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გასაჩივრებულ განჩინებაში მხარეები იყვნენ ს. ხ-ე (აპელანტი) და თ. ო-ი (მოწინააღმდეგე მხარე), კერძო საჩივარი კი შემოტანილია ლ. ო-ის მიერ, რომელიც არ არის გასაჩივრებული განჩინების მხარე. ამავდროულად, ლ. ო-ს გასაჩივრებული განჩინება უშუალოდ არ ეხება, რადგან ამ განჩინებით ლ. ო-ის უფლებები და ვალდებულებები არ დადგენილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ო-ი მოცემულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი არ არის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ო-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.