ას-626-589-2012 30 აპრილი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „ბანკი ...“
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ო-მა სასამართლოში სს „ბანკი ...ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. თელავში ზ. კ-ის შესახვევის N10-ში მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის ელექტროგამტარი კაბელის გადატანა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ბანკ ...ს“ დაევალა ქ. თელავში ზ. კ-ის შესახვევის N10-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან ელექტროენერგიის გამტარი კაბელის გადატანა.
სს „ბანკმა ...მ“ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო. სასამართლოს მითითებით, სს „ბანკ ...ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წლის 14 თებერვალს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში 1 მარტსაა შეტანილი.
აღნიშნულ განჩინებაზე სს „ბანკმა ...მ“ კერძო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის ბოლო დღეს, 2012 წლის 28 თებერვალს, ჩაბარდა ფოსტას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც სააპელაციო წარმოების მასალებში არ აღმოჩნდა. კერძო საჩივარს ერთვის TNT-ს N001295328 გზავნილის ბილი, შპს „სკს“-ს ცნობა, რომლის თანახმადაც, სს „ბანკმა ...მ“ 2012 წლის 28 თებერვალს შპს „სკს“-ს მეშვეობით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა N001295328 გზავნილი, ასევე თელავის რაიონული სასამართლოს კანცელარიის წერილი, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1 მარტს შპს „სკს“-ს თანამშრომელმა 15:40 საათზე სასამართლოში მიიტანა სს „ბანკი ...ს“ სააპელაციო საჩივარი N2/584-11 სამოქალაქო საქმეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სს „ბანკმა ...მ“ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ სს „ბანკ ...ს“ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 14 თებერვალს ჩაბარდა (ტ. 1-ლი, ს.ფ. 96), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იმავე წლის 28 თებერვალს ამოიწურა.
სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარს ერთვის მტკიცებულებები, კერძოდ, TNT-ს N001295328 გზავნილის ბილი, შპს „სკს“-ს ცნობა, რომლის თანახმადაც, სს „ბანკმა ...მ“ 2012 წლის 28 თებერვალს შპს „სკს“-ს მეშვეობით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა N001295328 გზავნილი, ასევე თელავის რაიონული სასამართლოს კანცელარიის წერილი, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1 მარტს შპს „სკს“-ს თანამშრომელმა 15:40 საათზე სასამართლოში მიიტანა სს „ბანკი ...ს“ სააპელაციო საჩივარი N2/584-11 სამოქალაქო საქმეზე. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ სს „ბანკი ...ს“ სააპელაციო საჩივარი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მომხსენებლ მოსამართლეს არ გადასცემია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.