ას-74-70-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ქ-ის მიმართ 2008-2009 წლების სწავლის საფასურის – 2250 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
ს. ქ-ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოპასუხემ დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ასევე წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც რექტორის 2009 წლის 19 ივნისის №3-280 ბრძანების საფუძველზე, შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. გამომდინარე იქედან, რომ 2008 წლიდან 2009 წლის 19 ივნისამდე ს. ქ-ე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად, მასზე, როგორც სტუდენტზე, ირიცხებოდა სწავლის საფასური.
მოპასუხე ს. ქ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
ს. ქ-ეს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თუნდაც ერთი სემესტრი ისწავლიდა უნივერსიტეტში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ვერ მოხვდა საბიუჯეტო სწავლებაზე, მან აღარ გააგრძელა სწავლა, რის შესახებაც აცნობა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ქ-ე 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სამაგისტრო სპეციალობაზე – ნიადაგის გეოგრაფია, მან მისაღებ გამოცდებზე დასაშვებად განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს 2008 წლის 29 იანვარს, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 19 ივნისის №3-280 ბრძანებით ს.ქ-ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და დავალიანების დასაფარად შეტყობინება გაეგზავნა 2011 წლის 18 აპრილს. ს. ქ-ესა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მოპასუხეს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიუხედავად, არც ერთი დღე არ უვლია უნივერსიტეტში და არ გაუვლია სასწავლო კურსი, ასევე არ გადაუხდია სწავლის საფასური, შესაბამისად, სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არ ჩამოყალიბებულა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა და არ წარმოშობილა ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2008 წლის 12 სექტემბრის №70 დადგენილებით დამტკიცებული უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებო პროგრამების განხორციელების დებულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2007 წლის 23 ოქტომბერს დამტკიცებული სწავლის საფასურის გადახდის წესის საფუძველზე, რომლებშიც განსაზღვრულია სტუდენტთა უფლება-მოვალეობები. სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი, ვადები და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესით“. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწვეტილებით დამტკიცებული სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის იურიდიული და საფინანსო სამსახურები ყოველი წლის დასაწყისიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნა, რომ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ რაიმე გარიგება უფლებამოსილ პირს – უნივერსიტეტის რექტორსა და ს. ქ-ეს შორის სწავლის მიღებისა და შესაბამისად საფასურის გადახდის თაობაზე არ შემდგარა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ დგება წერილობითი გარიგება – ხელშეკრულება, სტუდენტსა და რექტორს შორის, სადაც გაწერილია ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-ვალდებულებები, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და არანაირი შეთანხმება, ხელშეკრულება მხარეთა შორის არ შემდგარა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეს არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება, რადგანაც მოსარჩელე ამ გარემოებას ვერ ადასტურებდა მტკიცებულებით, კონკრეტულ შემთხვევაში – ხელშეკრულებით, რომლის კანონშესაბამისი წესით დადება უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთან და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანანმდებობის პირის ვალდებულებაა. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, შესრულდა თუ არა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას ვალდებულება, უნდა შეფასდეს მხოლოდ ხელშეკრულების იმ პირობების გონივრული გააზრებით, რაზედაც მხარეები სამართლებრივი ურთიერთობისას შეთანხმდნენ, კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ წერილობითი ხელშეკრულებაა ის კანონშესაბამისი მტკიცებულება, სადაც უნდა ასახულიყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ასევე მათი უფლებები, მათ შორის კი უმთავრესი, სწავლის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა, ამასთან, ს. ქ-ეს არც ერთი დღე არ უსწავლია უნივერსიტეტში, არ დასწრებია ლექციას, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ მომხდარა შეთანხმება გარიგების არსებით პირობებზე (სწავლის საფასური და ა.შ), შესაბამისად, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, სასამართლომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა საპროცესო ნორმები. სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მოპასუხე 2008 წლიდან 2010 წლის 19 ივნისამდე სამართლებრივად არ ითვლებოდა სტუდენტად, ხოლო რადგანაც მხარეებს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება, არასწორად ჩათვალა, რომ სტუდენტს თანხები არ უნდა დაკისრებოდა. მოპასუხემ ჩააბარა მისაღები გამოცდები და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა უნივერსიტეტში, შესაბამისად, მასზე, როგორც სტუდენტზე, გავრცელდა სტუდენტის უფლებები და მოვალეობები. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის, ან თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი, აღნიშნული სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ასევე 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტს სტატუსი არ უწყდება, არ ფიქსირდება სტუდენტის განცხადება სტატუსის შეწყვეტაზე 2010 წლის 19 ივნისამდე. რაც შეეხება იმ გარემოებას, მოპასუხე დადიოდა თუ არა ლექციებზე, არ წარმოადგენს მნიშვნელობის მქონე ფაქტს, რადგან მას სამართლებრივად ჰქონდა ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა, ხოლო, თუ იგი ამას არ აკეთებდა, ეს მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული ბრალეული ქმედებაა. არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე არდასწრების ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. სტუდენტი მოიპოვებს რა სტატუსს, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება, დარეგისტრირდეს მომდევნო სემესტრში და ა.შ. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ეფუძნება იმ არგუმენტებზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს, რაც არ შეესაბამება უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 414-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 5 იანვარს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 5 იანვარს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.