Facebook Twitter
საქმე №ას-84-80-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ას-84-80-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. კ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. კ-ას მიმართ 2007-2008 წლების, ასევე 2008-2009 წლის პირველი სემესტრის სწავლის გადაუხდელი საფასურის – 2822 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 29 სექტემბრის №3-263 ბრძანებით ჟ. კ-ა ჩაირიცხა უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე და 2007 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტმა იკისრა ვალდებულება, სტუდენტის სწავლა-აღზრდისათვის შეექმნა ყველა პირობა, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველეყო საერთო საცხოვრებელში ბინით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, თავის მხრივ, სტუდენტმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. ჟ. კ-ამ დაარღვია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რის შედეგადაც უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 29 სექტემბრიდან 2008 წლის 29 დეკემბრამდე ჟ. კ-ა სამართლებრივად ითვლებოდა უნივერსიტეტის სტუდენტად, მის, როგორც სტუდენტის მიმართ, ირიცხებოდა სწავლის საფასური 2007-2008 სასწავლო წელსა და 2008-2009 წლის პირველ სემესტრში. დავალიანებამ სულ შეადგინა 2822 ლარი. ჟ. კ-ას, როგორც 2010 წლის 4 თებერვლამდე სტუდენტის სტატუსშეწყვეტილ პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად, უფლება აქვს ისარგებლოს მობილობის უფლებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შეწყვეტისა და დავალიანების დაფარვის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა შეტყობინების გაგზავნის გზით, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

ჟ. კ-ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძველბით:

სსიპ შოთა რუისთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია, რადგანაც მოპასუხე უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 29 სექტემბრის №3-263 ბრძანების საფუძვლეზე ჩაირიცხა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში, ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და სწავლის გაგრძელება, სწავლის შეწყვეტის თაობაზე მან ზეპირად აცნობა ფაკულტეტის დეკანს. უნივერსიტეტში არსებული შიდა აქტებისა და მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსი 2007 წელსვე უნდა შეეწყვიტა, ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სტატუსის შეწყვეტისათვის მხარეს არ ავალდებულებს უნივერსიტეტისათვის წერილობით შეტყობინებას. მოპასუხესთან სტატუსი შეწყვეტილად ითვლება 2007 წლის პირველი სემესტრიდანვე, რადგანაც ჟ.კ-ას მოსარჩელისაგან მომსახურება არ მიუღია, რაც გამორიცხავს მისთვის თანხის დაკისრებასაც, ამასთანავე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ჟ. კ-ა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 29 სექტემბრის №3-263 ბრძანებით, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე. 2007 წელს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჟ. კ-ას შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მოპასუხეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან (გაირიცხებოდა). ჟ. კ-ამ სასწავლებელში იარა მხოლოდ სამი თვე, არ მიუღია საგანმანათლებო მომსახურება და არ გადაუხადია სწავლის საფასური. უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ჟ. კ-ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჟ. კ-ა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლის დასრულების შემდეგ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მოპასუხეს სამი სემესტრის თანხის გადაუხდელობის შემდგომ უნდა შეწყვეტოდა სტუდენტის ტატუსი და გარიცხულიყო უნივერსიტეტიდან, ვინაიდან 2007 წლის სასწავლო ხელშეკრულებით განისაზღვრა სწავლის საფასურის გადახდის წესი და სტუდენტის გარიცხვის შემთხვევები, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს რექტორის 2007 წლის 25 სექტემბრის №3 ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან ანუ გაირიცხებოდა უნივერსიტეტიდან. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 25 სექტემბრის №3 ბრძანებით დაწესდა სწავლის საფასურის სემესტრული გადახდა, რომლის თანახმადაც სწავლის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო თანაბრად, 50% თითოეული სემესტრისათვის. ამასთან, პირველი ნახევრის საფასურის გადახდის ვადად დადგინდა მიმდინარე პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადა, ხოლო მეორე სემესტრისა – მეორე სასწავლო სემესტრის დაწყვებიდან ერთი თვის ვადა. თუ სტუდენტი პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურის 50%-ს ის უნდა გარიცხულიყო. მითითებული წესი და გადახდის ვალდებულება შეეხებოდა 2007 სასწავლო წლის გადასახადს, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება 2007 წელს დაიდო მხოლოდ ერთი წლის ვადით და დანარჩენ წლებში სასწავლო ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაფორმებულა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 25 სექტემბრის №3 ბრძანების საფუძველზე პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არსებობდა 2007 წლის ოქტომბრიდან, როცა მან არ გადაიხადა 2007 წლის სწავლის საფასური, ამდენად, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლომ იხელმძღვანელა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქაქრთველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტით, 22-ე მუხლის პირველი პუნქტით და აღნიშნა შემდეგი: უდავოდ დადგენილია, რომ 2007 წელს გამომდინარე ზემოაღნიშნული ნორმიდან, სასწავლებელსა და ჟ. კ-ას შორის შედგა შეთანხმება, წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი. ხელშეკრულების მესამე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში სწავლის შესაბამისი საფასურის გადაუხდელობის შედეგი იყო სტუდენტის გარიცხვა. მითითებული ვადა გავიდა და ჟ. კ-ამ სწავლის საფასური არ გადაიხადა, შესაბამისად, გაჩნდა საფუძველი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა. ხელშეკრულებაშივე გაკეთდა დათქმა, რომ იგი ძალაში იყო 1 წლის განმავლობაში ხელმოწერის დღიდან სწავლების პირველი საფეხურის დამთავრებამდე, ამასთან, არაფერია ნათქვამი სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გაგრძელებაზე, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჟ. კ-ა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელშეკრულებო ურთიერთობაში 2007 წლის დასრულებიდან აღარ იმყოფებოდნენ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღაურის გადახდის ვალდებულება არსებობს სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საზღაური, თუ იგი მიიღებს შესაბამის მომსახურებას უმაღლესი დაწესებულებისაგან, ანუ ისწავლის, ან/და მიიღებს სწავლის შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელ საბუთს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ჟ. კ-ამ ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 2 თვე იარა უნივერსიტეტში და ამის შემდგომ, გარკვეულ გარემოებათა გამო, უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე, ანუ ჟ. კ-ას სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტში გრძელდებოდა 2 თვეს, მას არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა მომსაურებისთვის (ანუ სწავლის საფასურად) თანხის გადახდის შესახებ, მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების თანახად, ჟ. კ-ას აპელანტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2007 სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრების დაწყებიდან შესაბამისად 30-30 დღის ვადაში. ამ თვალსაზრისისით, პალატა დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ამ დღიდან (ანუ 2007 წლის პირველი სექტემბრიდან 30 დღის გასვლის შემდგომ) წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად კი, აპელანტი ვალდებული იყო აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 2011 წლის 15 ივნისს, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 3 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც ის უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამოიკვლია სრულად და ყოველმხრივ, რის შედეგადაც დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმა, ამასთან, იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა 2006 წლიდან 2008 წლამდე რატომ არ ითვლებოდა მოპასუხე უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტს სტატუსი არ შეუწყდება სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისათვის სავალდებულოა სტუდენტის წერილობითი განაცხადი, თანახმად უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა. უნივერსიტეტის 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტს ნაცვლად გარიცხვისა, დაეკისრება დამატებით თანხა. ის გარემოება, რომ სწავლის საფასურის გადახდის პირველად დაგვიანების გამო სტუდენტს არ შეუწყდება სტატუსი, მოცემული ვალდებულების მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის დენის სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრის წინაპირობაა. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევა არანაკლებ სამი სემესტრის სწავლის გადასახადის გადაუხდელობა, მოცემულ შემთხვევაში კი, ვალდებულების დარღვევის დროდ მიიჩნევა 2008 წლიდან ზედიზედ 3 სემესტრის გადასახადის გადაუხდელობა, რაც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ის დასრულდა რექტორის 2008 წლის დეკემბრის ბრძანებით. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტუდენტს კვლვ ჰქონდა უფლება აღედგინა სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტთან ხელშეკრულება შეწყვეტილედ ითვლება, უნივერსიტეტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან. კანონის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტი გარიცხოს უნივერსიტეტიდან ლექციაზე გამოუცხადებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, მოქმედი წესებით დადგენილია სტატუსმოპოვებული პირის უფლება, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში ისწავლოს მომდევნო სემესტრშიც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აკადემიური დავალიანება დაუგროვდება. ქვემდგომი სასამართლოების მოსაზრება ემყარება მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ ლექციაზე დასწრების პერიოდისათვის, აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ წესებს, ისე ზოგადად, სახელშეკრულებო პირობებს. გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო პალატამ დაარღვია კანონი, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე და 414-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 6 იანვარს №28 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 6 იანვარს №28 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.