ას-87-83-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ფ-ის მიმართ, მოსარჩელისათვის სწავლის საფასურის – 2425 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით რ. ფ-ი ჩაირიცხა საინჟინრო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 2006 წელს უნივერსიტეტსა და რ.ფ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტმა იკისრა ვალდებულება, შეექმნა სტუდენტის სწავლა-აღზრდისათვის სათანადო პირობები, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველეყო ბინით საერთო საცხოვრებელში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, ხოლო სტუდენტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, რ.ფ-მა დაარღვია ზემოაღნიშნული წესები, რის გამოც მას რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. 2006 წლის 30 სექტემბრიდან 2008 წლის 29 დეკემბრამდე რ. ფ-ი სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად, შესაბამისად მის, როგორც სტუდენტის მიმართ, ირიცხებოდა სწავლის საფასური და დავალიანებამ შეადგინა 2425 ლარი. მოპასუხეს, როგორც 2010 წლის 4 თებერვლამდე სტატუსშეწყვეტილ პირს, უფლება აქვს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ისარგებლოს მობილობის უფლებით და აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად. დავალიანების თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სათანადო წესით, თუმცა მას თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
2006 წლის პირველი და მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ, ვინაიდან არ ჰქონდა სწავლის საფასურის გადახდის საშუალება, 2007 წლის სექტემბრიდან შეწყვიტა ლექციებზე სიარული და მას შემდეგ უნივერსიტეტთან არანაირი ურთიერთობა ქონია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით მას უნივერსიტეტისათვის განცხადებით არ მიუმართავს, რადგანაც აღნიშნულს არ ითვალისწინებდა მათ შორის 2006 წლის 21 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, რ. ფ-მა იცოდა, რომ თუ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ის ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. 2007 წლის სექტემბრიდან, როცა მოპასუხე ლექციებს აღარ ესწრებოდა, იგი სტუდენთა სიიდან უკვე ამორიცხული უნდა ყოფილიყო. მოსარჩელეს თანხის გადახდა უნდა მოეთხოვა 2007 წლის ოქტომბრიდან და არა 2011 წლიდან, რადგანაც სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რ. ფ-ი უნივერსიტეტში ჩაირიცხა საინჟინრო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 2006 წლის 21 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რ. ფ-ს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ თუ სტუდენტი რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. რ. ფ-მა პირველი კურსის სწავლის საფასურიდან – 1250 ლარიდან მხოლოდ 700 ლარი გადაიხადა, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, რ. ფ-ს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. მოპასუხეს 2011 წლის 26 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ.ლ-ის მიერ გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. სასამართლო დაეთანხმა ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის, დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი კი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ რ. ფ-ს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლის სექტემბრის შემდეგ არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებანი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე მიჩნეულ იქნა დასაბუთებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად არ გამოიკვლია, რითაც დარღვეულ იქნა საპროცესო ნორმები, სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არ ითვლებოდა მოპასუხე სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად უნივერსიტეტთან 2006 წლიდან 2008 წლამდე. უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან მის მიერ სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სტატუსი, აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი უნუვერსიტეტის შინაგანაწესისი 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტია, „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის დამტკიცების წესის“ შესაბამისად (2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი), სტუდენტს ეკისრება დამატებით თანხის გადახდის ვალდებუელება სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის, აღნიშნულით დასტურდება სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხევევაში მას სტატუსი არ უწყდება, შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად. ხელშეკრულების პირობა დარღვეულად ითვლება სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში დარღვევისას და ადმინისტრსციული წარმოების დაწყების საფუძველი 2008 წლის დეკემბრიდან წარმოიშვა. 2008 წლიდან 2010 წლის 26 თებერვლამდე მოპასუხე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად და სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ, ვინაიდან, არ არსებობდა ხელშეკრულება, სტუდენტს თანხა არ უნდა დაკისრებოდა. რეალურად, მოპასუხემ ჩააბარა გამოცდები და იგი რექტორის ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა უნივერსიტეტში, შესაბამისად, მის, როგორც სტუდენტის მიმართ, გავრცელდა სტუდნეტის უფლებები და მოვალეობები. სტატუსშეწყვეტილი პირების მიერ უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის ხელახლა მოპოვება შესაძლებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად და ითვლებოდა რა სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებაც შეწყვეტილად, სწორდ ამიტომ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან. უნივერსიტეტი ამ დრომდე მოპასუხეს მიიჩნევდა მის სტუდენტად და თვლიდა, რომ მასთან იყო სამართლებრივ ურთიერთობაში. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის აქტის გამოცემისთანავე უნივერსიტეტს წარმოეშვა უფლება, მიემართა სტუდენტისათვის, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ, სასამართლოსათვის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებას კანონის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე არდასწრების ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, სტუდენტი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. პირი მოიპოვებს რა სტუდენტის სტატუსს, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება, შეუძლია სწავლა განაგრძოს მომდევნო სემესტრებში. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა აგებულია იმ არგუმენტზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემიანრებს. ამგვარი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე და 414-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 6 იანვარს №24 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 6 იანვარს №24 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.