ას-341-326-2012 30 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ს. ი-ი“, ზ. ზ-ე, კ. ლ-ის უფლებამონაცვლე ლ. ლ-ი, ვ. კ-ე, შპს „ა-ე“, ნოტარიუსი მ. ჯ-ა, ნოტარიუსი მ. ბ-ე, ა. ბ-ი, დ. ს-ე, გ. ხ-ი, ო. ტ-ი, თ. ბ-ი, ა. გ-ი, მ. ყ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების ბათილად ცნობა, საზოგადოების წილის გასხვისების შესახებ ხელშკრულებებისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-ე-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორებმა: ა.ო-ემ, მ.გ-ემ, თ.ო-ემ, ლ.ც-მა, ვ.უ-მა, მ.ჯ-მა, ს.მ-მა, ე.მ-მა და ნ.ა-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა-ეს“, ვ.კ-ესა და კ.ლ-ის მიმართ 2000 წლის 5 ოქტომბერს ვ.კ-ეს, კ.ლ-სა და რუსულ „დიქმანს“ შორის დადებული შპს „ა-ე-ში“ თურქული მხარის წილისა და მისი შესაბამისი ქონების გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
აღნიშნული საქმე სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, დაზუსტდა მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანი, მოპასუხეთა წრე და დავის საგნად განისაზღვრა შემდეგი: კრების ოქმის ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვილებების ბათილად ცნობა, საზოგადოების წილის გასხვისების შესახებ ხელშკრულებებისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობა, რადგანაც ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2005 წლის 4 ივლისის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში შეიცვალა შპს „ა-ე-ის“ საფირმო სახელწოდება და მას ეწოდა „ს. ს. ი-ი“, დამტკიცდა შპს „ს. ს. ი-ის“ წესდების ახალი ვარიანტი, ხოლო საწარმოს რეგისტრაციის ნომრად კვლავ №2/4-1104 განისაზღვრა, ამდენად, მოცემულ დავაში მოპასუხედ მიეთითა შპს „ს. ს. ი-ი“. შპს „ა-ის“ პარტნიორების: ა.ო-ის, მ.გ-ის, თ.ო-ის, ლ.ც-ის, ვ.უ-ის, მ.ჯ-ის, ს.მ-ისა და ე.მ-ის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 2006 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა.ო-ის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის გამოსწორებისთვისაც აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა შემდეგი: ა) განესაზღვრა და მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის ღირებულება მის მიერ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებით გასხვისებული წილის საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს არსებული ფასებით; ბ) გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი მის მიერ განსაზღვრული ღირებულების 4%-ის ოდენობით და თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა შესაბამისი დოკუმენტები (საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი), რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა კონკრეტულად №2ბ/3515-11 სამოქალაქო საქმეზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოებრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 დღით გაგრძელდა ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა. 2011 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ა-მა, წარადგინა 2011 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. ამავე პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნაზე და კვლავ გაუგრძელდა 10 დღით ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა, ამასთან, განემარტა, რომ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად. აღნიშნული განჩინება ნ. ა-ს ჩაბარდა 2012 წლის 20 იანვარს. 2012 წლის 30 იანვარს ნ. ა-მა სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით, რომლითაც ისევ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, აპელანტმა არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, ხოლო მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ მოკლებულია საფუძველს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, ნაცვლად 2012 წლის 31 იანვრისა, დათარიღებულია 2011 წლის 31 იანვრით, რაც შეუძლებელია, რადგანაც ამ დროისათვის საქმე ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში იმყოფებოდა, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2011 წლის 7 სექტემბერს მიიღო. აპელანტმა 2012 წლის 30 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. პალატამ, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობისა, არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, აღნიშნულით კი დაარღვია კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აპელანტი სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნებოდა, ასევე არ გაითვალისწინა მისი რთული ეკონომიკური მდგომარეობა. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის მოთხოვნა აღიარებითია, რის გამოც არაქონებრივ დავას წარმოადგენს, აღნიშნული დასტურდება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებითაც, სადაც სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლს ეყრდნობა, ის გარემოება, რომ ნ.ა-ის მოთხოვნა აღიარებითია, დადასტურებულია ასევე სქმეში არსებული სხვა მასალებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 150 ლარით უნდა განსაზღვრულიყო და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ხარვეზი ქონებრივი დავიდან გამომდინარე დაედგინა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე და 64-ე მუხლები, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე: სადავოს არ წარმოადგენს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ნ.ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა როგორც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა, ისე, ამ ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტში ჩარიცხვა და აღნიშნული საპროცესო მოქმედების თაობაზე სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება, საქმეში წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადება, რომლითაც აპელანტი ასაბუთებს თავის მოსაზრებას დავის არაქონებრივად მიჩნევის თაობაზე, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და 2008 წლის 11 დეკემბერს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი. დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ გაიზიარა მხარის მიერ განცხადებაში მითითებული მოსაზრებანი და საპროცესო ვადა ნ.ა-ს გაუგრძელდა 10 დღით, 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების პასუხად, ხარვეზის გამოსწორების მიზნით ნ.ა-მა წარადგინა 2011 წლის 9 დეკემბრით დათარიღებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერის ასლი, რომლის მოქმედების ვადად მითითებულია ამონაწერის მომზადებიდან ორი კვირა და ოჯახის სარეიტინგო ქულად განსაზღვრულია 177640. სააპელაციო პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სასამართლომ კვლავ გაუგრძელა საპროცესო ვადა 10 დღით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის. 2012 წლის 30 იანვარს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ნ.ა-მა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის დადგენილი ვადის კვლავ 14 დღით გაგრძელება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ სოციალურად დაუცველია და ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხის მოძიებას.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა სასამართლომ დაუშვას განსახილველად, აღნიშნულ პირობათაგან ერთ-ერთია სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა, რაც შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებულ ზემოხსენებულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის დროულად და სრულყოფილად გამოსწორების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება საქმის წარმოების შემდგომ ეტაპს, კერძოდ, დადგენილი საპროცესო მოქმედების მხარის მიერ ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს განსახილველად მიიღებს, უარყოფით შემთხვევაში კი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, რაც მხარის ქმედებითაა განპირობებული.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია რა, რომ ნ.ა-ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებიდან მოყოლებული არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა გონივრულ ფარგლებში, მან ხარვეზი სრულყოფილად მაინც არ გამოასწორა, რაც სწორად გახდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ განჩინების გაუქმების საფუძველი მისი გამოტანის თარიღის არასწორად მითითებაა, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველს და არა განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განხორციელდა კიდევაც სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტექნიკური ხასიათის უსწორობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იქნებოდა კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის გასწორებული, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს მაინც არ წარმოადგენდა, ვინაიდან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის მატერიალური მდგომარეობა, ის, რომ ნ.ა-ი სოციალურად დაუცველია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დარღვევით, არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომელიც, სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, დისპოზიციურ ნორმათა კატეგორიას წარმოადგენს და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საპროცესო ვადის გაგრძელება საკუთარი შეხედულებითა და საქმის მასალების გათვალისწინებით გადაწყვიტოს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს არაერთხელ გაუგრძელდა რა საპროცესო ვადა, პალატა მიიჩნევს, რომ პროცესუალური ეკონომიის პრინციპისა და სწრაფი მართლმსაჯულების გათვალისწინებით, ნ.ა-ის შუამდგომლობის კვლავ დაკმაყოფილებისა და საპროცესო ვადის გაგრძელების აუცილებლობა არ დასტურდებოდა. რაც შეეხება ნ.ა-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტსა და მის მიერ მითითებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, აღნიშნულიც ვერ გახდებოდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ნ.ავალანის ოჯახის სარეიტინგო ქულა 177640-ია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებით დაადგინა არა იმ პირის მიმართ, ვინც მხოლოდ ამ ბაზაშია რეგისტრირებული, არამედ იმ პირებისათვის, ვინც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები არიან, ანუ მათთვის მინიჭებული საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი) და ნაკლები. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გარკვევისას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ნ.ა-ის შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძველი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ის არგუმენტიც, რომ მოცემული დავა არაქონებრივია, რადგანაც მისი საფუძველი აღიარებითია და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით 150 ლარით უნდა განსაზღვრულიყო, რადგანაც წინამდებარე დავის საგანი კრების ოქმის ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვილებების ბათილად ცნობა, საზოგადოების წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებებისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობაა, ამდენად, სადავოს წარმოადგენს როგორც არაქონებრივი, ისე მისგან გამომდინარე ქონებრივი მოთხოვნა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სწორად განმარტა, რომ დავის საგნის ღირებულება უფრო მაღალი ფასის მქონე მოთხოვნიდან უნდა გამოთვლილიყო, რომლის ოდენობაც სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს არსებული ფასებით უნდა დადგენილიყო. რაც შეეხება იმ გარემოებაზე მითითებას, რომ აღიარებითი სარჩელი არაქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესია დადგენილი, ასეთ მითითებას არ შეიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
რაც შეეხება შპს „ს. ს. ი-ის“ წარმომადგენელ ვ.შ-ის მიერ 2012 წლის 14 მარტის განცხადებაზე დართულ მტკიცებულებასა და ნ.ა-ის მიერ 2012 წლის 3 აპრილის განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეთ მათ წარმომადგენლებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა-სა და ვ.შ-ს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ნ. ა-ს ასევე უნდა დაუბრუნდეს ნ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე 2011 წლის 18 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მან ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს სრულად უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. ნ. ა-ს დაუბრუნდეს 2012 წლის 3 აპრილის განცხადებაზე დართული მტკიცებულება 14 ფურცლად. შპს „ს. ს. ი-ის“ წარმომადგენელ ვ.შ-ს დაუბრუნდეს 2012 წლის 14 მარტის განცხადებაზე დართული მტკიცებულება 3 ფურცლად. ნ. ა-ს დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - №300773150 ნ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე 2011 წლის 18 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.