ას-382-361-2012 12 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. წ-ას წარმომადგენელ ხ. ხ-ის განცხადება ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – თ. წ-ას სარჩელის გამო, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლონობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ას წარმომადგენელ ხ. ხ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა დასრულდა 2012 წლის 27 მარტს, მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. წ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით თ.წ-ას საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2012 წლის 2 აპრილს. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება კი კასატორის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბრა 2012 წლის 2 აპრილს, ხოლო სასამართლოს გადმოეცა 2012 წლის 5 აპრილს, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ინდივიდუალურად, იმის გათვალისწინებით თუ რამდენადაა დასაბუთებული განცხადება და რამდენად საპატიოა ის მიზეზი, რის გამოც მხარეს არ შეეძლო განსაზღვრულ ვადაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემული ნორმა ამომწურავად უთითებს იმ შემთხვევებს, რაც დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობისას საპატიოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში, თ. წ-ას წარმომადგენელი ხ. ხ-ი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად უთითებს კასატორის პატიმრობას, აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპატიო მიზეზად არ ითვლება. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ დადგენილ ვადაში განცხადების გამოგზავნა კასატორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის №14 დაწესებულებიდანაც შეეძლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. წ-ას წარმომადგენელ ხ. ხ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. წ-ას წარმომადგენელ ხ. ხ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.