№ვ-183-ა-5-2012 10 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – პ. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ბ-ა და ნ. ფ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. კ-ამ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა ჟ. ბ-ასა და ნ. ფ-ას გამოსახლება თბილისში, თ-ის ქუჩის მე-2 შესახვევის №1-ში მდებარე ბინიდან.
თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით პ. კ-აას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ბ-ასა და პ. კ-ას შორის არსებობდა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც სასამართლოს წესით შეწყდა იმის გამო, რომ გამქირავებელს ბინა სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის. რაც შეეხება ნ. ფ-ას, სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ გააჩნია ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამრთლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ჟ. ბ-ამ და ნ. ფ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ ბინის ადრინდელ მესაკუთრესთან ჟ. ბ-ას დადებული ჰქონდა მორიგება სასამართლოში, რომლის თანახმად იგი ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა ბინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშენდებოდა კოოპერატივი, რომელშიც იგი იყო გაწევრიანებული. იმის გამო, რომ აღნიშნული კოოპერატივი დღესაც არ აშენებულა, ჟ. ბ-ას აზრით, მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება ფურცელაძის ქუჩაზე მიღებულ ბინას, იგი საცხოვრებლად უვარგისია.
სააპელაციო სასამრთლომ 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჟ. ბ-ასა და ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით პ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით პ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება.
2012 წლის 19 მარტს პ. კ-ამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო პ. კ-ას განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.
განსახილველ შემთხვევაში, პ. კ-ა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით პ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელზედაც მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჟ. ბ-ასა და ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით პ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით პ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პ. კ-ამ საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება, განსჯადობის წესის დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა წარედგინა განსჯადი სასამართლოსათვის.
ამდენად, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, პ. კ-ას განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. კ-ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.