Facebook Twitter

ას-54-51-2012 30 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – წილის რეალური გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ წილის რეალური გამოყოფისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იმ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 396-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და დავის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 396-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, ამასთან მიუთითა, რომ საჩივრის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი, თუმცა არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. გ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და დავის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2012 წლის 16 მარტს მ. გ-ის მზრუნველმა მ. ს-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე ვადის აღდგენა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის თანახმად საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განჩინებით მ. გ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. გ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაბუთებული განცხადება. აღნიშნული განჩინება კასატორის შვილს სერგო კაკუშაძეს ჩაბარდა 2012 წლის 13 აპრილს (იხ. ტ.II, ს.ფ.236)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 17 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. მ. გ-მა უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებებით, რომლებიც ფოსტას ჩაბარდა 2012 წლის 20 აპრილს (იხ. ტ.II, ს.ფ.246-247), აღნიშნული განცხადებების შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 19 აპრილი (იხ. ტ.II, ს.ფ.245,249), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.