Facebook Twitter

ას-442-419-2012 17 აპრილი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა-ა 98“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ა 92“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ა-ა 98-მა“ მოპასუხე შპს „ა-ა 92-ის“ და გ. ქ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 500000 ლარისა და 12500 აშშ დოლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა-ა 98-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ა 92-ს“ შპს „-ა 98-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 68000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით შპს „ა-ა 98-ისა“ და შპს „ა-ა 92-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

2007 წლის 20 მარტს შპს „ა-ა 98-ისა” და შპს „ა-ა 92-ის” სახელით შედგენილ იქნა №01-001 ხელშეკრულება ლამინირებული ფილების გასხვისების თაობაზე. ხელშეკრულებაზე შპს „ა-ა 98-ის” დირექტორის გასწვრივ ხელმოწერა შესრულებულია დ. ს-ის სახელით, ხოლო მყიდველის – შპს „ა-ა 92-ის” სახელით – მოპასუხე გ. ქ-ის მიერ.

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს წარმოადგენენ: ერთი მხრივ, შპს „ა-ა 98” (შემდგომში წოდებული „გამყიდველად”), მეორე მხრივ, შპს „ა-ა 92” (შემდგომში წოდებული „მყიდველად”). ხელშეკრულების საგანია 10000კვ.მ ჩინური წარმოშობის იატაკის საფარი (ლამინირებული ფილები 132 პალეტი 132000 კგ.), ტვირთი განუბაჟებელია და დასაწყობებულია საბაჟო კონტროლის რეჟიმში ქ.ფოთის ღია საბაჟო საწყობში (შპს „ფ-ი მაცივარი whs215080383/317). სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 60000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში (6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 1 კვმ-ში). ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს წარმოუდგინოს ხელშეკრულების საგანი, არსებული დოკუმენტაცია, გააცნოს ის არსებულ პრობლემას, თუკი ასეთი არსებობს და საფასურის მიღებისთანავე მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ტვირთის სრულფასოვანი გადაბარება-გადაფორმება. იგი პასუხისმგებელია ტვირთის ვარგისიანობაზე გადაბარებისას. ამავდროულად, მყიდველი ვალდებულია, ტვირთის მიღებისთანავე მოახდინოს სრული ანგარიშწორება გამყიდველთან, ფინანსური ან სხვა პრობლემების შემთხვევაში, გამყიდველს მიაწოდოს ინფორმაცია ტვირთის მიღება-გადაფორმებაზე. ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია რომელიმე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების პირობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისას. სადავო საკითხის წამოჭრისას, მხარეებმა ის უნდა გადაჭრან ერთმანეთში მოლაპარაკებით ან სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

სს ,,ფ-ი-მაცივრის“ დირექტორის, ს.ჭ-ას წერილითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ შპს ,,ა-ა 98-ის“ კუთვნილი იატაკის ლამინირებული ფილები (160 პაკეტი, წონით 168000 კგ.) ინახებოდა სს ,,ფ-ი-მაცივარის“ საბაჟო ტერმინალზე, სადაც აღნიშნული საქონელი შევიდა 2006 წლის ნოემბერში. მითითებული რაოდენობიდან, შპს ,,ა-ა 98-მა“ გაიტანა 2557 შეკვრა, შპს ,,ა-ა 92-მა“ – 2800 შეკვრა, დასავლეთ საქართველოს მომსახურების სააგენტოს რეგიონალურმა სამმართველომ – 5658 შეკვრა, ადგილზე დარჩა 185 შეკვრა.

2007 წლის 19 აპრილის №1206 საგადასახადო დავალებით, საბაჟო დეკლარაციით, სასამართლო სხდომაზე მხარეთა და მოწმეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ შპს ,,ა-ა 98-ის“ კუთვნილი 5000 კვ.მ იატაკის ლამინირებული ფილების განბაჟება, რომელიც ინახებოდა სს ,,ფ-ი-მაცივარის“ საბაჟო ტერმინალზე, განახორციელა შპს ,,ა-ა 92-მა“ თავისი სახელით. ფილების განბაჟებაში გადახდილ იქნა 9180 ლარი.

2007 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადების (№01-001) მიხედვით, შპს ,,ა-ა 92-მა“, ,,ა-ა 98-ის“ კუთვნილი 5000 კვ.მ იატაკის ლამინირებული ფილები, თავისი სახელით განბაჟების შემდეგ, 68000 ლარად მიჰყიდა ი/მ ი. ც-ს. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს „ა-ა 92-ის” მიერ განბაჟებული და 2007 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადების (№01-001) მიხედვით, ი/მ ი. ც-ზე გასხვისებული ლამინირებული ფილების ღირებულება – 68000 ლარი, შპს ,,ა-ა 98-ისათვის“ არც შპს „ა-ა 92-ს” და არც ი/მ ი. ც-ს არ გადაუხდია.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2006 წლის 7 ნოემბრიდან, ამონაწერის გაცემის დროისათვის (31.01.2008წ.), შპს ,,ა-ა 98-ის“ დირექტორს წარმოადგენდა ვ. ს-ე, ხოლო დ. ს-ე საზოგადოების 100% წილის დამფუძნებელ პარტნიორს. სადავო არ არის, რომ 2007 წლის მარტი-აპრილის თვეში №01-001 ხელშეკრულების შედგენის, სადავო ლამინირებული ფილების შპს „ა-ა 92-ის” მიერ განბაჟება-განკარგვის დროისათვის, შპს ,,ა-ა 98-ის“ დირექტორი იყო ვ. ს-ე. შპს ,,ა-ა 92-ის“ დირექტორ გ.ქ-ისათვის ცნობილი იყო, რომ №01-001 ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის პერიოდში დ. ს-ე იყო პატიმარი. 2007 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: ეძლევა „ა-ა 92-ს” მასზედ, რომ შპს „ა-ა 98-სა” და შპს „ა-ა 92-ს” შორის ხელშეკრულების №01-001-ს საფუძველზე „ა-ა 92-მა” განაბაჟა და საწყობიდან გამოიტანა 5000 კვ.მ ლამინირებული პარკეტი. 5000 კვ.მ ლამინირებული პარკეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ორივე მხარის მიერ შესრულებულია, რასაც ვადასტურებთ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე. ცნობაში მხარეებად მითითებულნი არიან: შპს „ა-ა 98-ის” დირექტორი დ.ს-ე, შპს „ა-ა 98-ის” აღმასრულებელი დირექტორი ვ.ს-ე და „ა-ა 92-ის” დირექტორი გ.ქ-ე. ცნობაში ხელმოწერები შესრულებულია დ.ს-ისა და ვ. ს-ის გასწვრივ.

საქმეში განთავსებული მტკიცებულებით – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ირკვევა რომ, შპს ,,ა-ა 98-ს“ არ მოუხდენია ბიუჯეტის წინაშე 2003 წლისათვის წარმოშობილი გადასახადების გადახდა, რის გამოც შპს ,,ა-ა 98-ის“ ქონებას დაედო ყადაღა, ხოლო საგადასახადო ორგანოს სარჩელის საფუძველზე, 87918.57 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად დადგინდა ამ ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.

საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ განხილულ იქნა და დაკმაყოფილდა სს „საქართველოს სახალხო ბანკის” საარბიტრაჟო სარჩელი შპს „ა-ა 98-ის” მიმართ 2006 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 476559 ლარის დაკისრებისა და კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და შპს „ა-ა 98-ის” დირექტორის მიერ, 2007 წლის 20 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთშედარების აქტით ირკვევა, რომ შპს „ა-ა 98-სა” და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს შორის, 2006 წლის 20 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, 2007 წლის 23 აპრილისათვის შესრულდა სრული ოდენობით, თუმცა დაგვიანებით, რის გამოც შპს „ა-ა 98-ს” დაერიცხა ჯარიმის თანხები და მხარეების შეთანხმდნენ, რომ შპს „ა-ა 98” საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრს გადაუხდიდა 137185 ლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილის 2009 წლის 25 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ ყადაღადადებული ქონება აუქციონის შედეგად მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში.

განჩინების სამართლებრივი მხარე სააპელაციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა 2007 წლის 20 მარტის №01-001 ხელშეკრულებიდან. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2007 წლის 20 მარტის №01-001 ხელშეკრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც „ა-ა 92-მა” განაბაჟა და განკარგა შპს „ა-ა 98-ის” კუთვნილი 5000 კვ.მ ლამინირებული პარკეტი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ა-ა 92-ის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ დავალების ხელშეკრულება, ვინაიდან შპს „ა-ა 98”-ის კუთვნილი 5000 კვ.მ ლამინირებული პარკეტის განბაჟება და შემდგომ ი/მ ი. ც-ზე გასხვისება მოხდა არა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა-ა 98-ის” სახელითა და ხარჯით, არამედ შპს „ა-ა 92-ის” სახელით, რაც დასტური იყო იმისა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 397-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ვინაიდან, „ა-ა 92-მა” დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მის მიერ განბაჟებული და 2007 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადების (№01-001) მიხედვით, ი/მ ი. ც-ზე გასხვისებული ლამინირებული ფილების ღირებულება 68000 ლარი შპს ,,ა-ა 98-თვის“ არც შპს „ა-ა 92-ს” და არც ი/მ ი. ც-ს არ გადაუხდია, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობიდან გამომდინარე ვალდებულება შპს „ა-ა 92-ს” ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, შპს „ა-ა 92-ის” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა). დირექტორის უფლებამოსლება დასტურდება კანონით დადგენილი წესით გაცემული ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს-ს სამოქალაქო ბრუნვაში წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი (დირექტორი), თუ კომპანიის წესდება/პარტნიორთა შეთანხება სხვაგვარად არ არეგულირებს ამ საკითხს.

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია 2007 წლის 20 მარტის №01-001 ხელშეკრულება შპს „ა-ა 98-ის” დირექტორის სახელით ხელმოწერილი იყო დ. ს-ის მიერ, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის არ წარმოადგენდა მეწარმეთა შესახებ საქარველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს (დირექტორს) და არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელის სახელით, რაიმე ფორმით გამოევლინა ნება მოპასუხე კომპანიასთან ფილების გასხვისებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში განთავსებულ წერილობით დოკუმენტს – 2007 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ცნობას ხელს აწერდა შპს „ა-ა 98-ის” რეგისტრირებული დირექტორი ვ. ს-ე, ადასტურებდა, რომ დ. ს-ის მიერ დადებული გარიგება (2007 წლის 20 მარტის №01-001 ხელშეკრულება) მოიწონა უფლებამოსილმა პირმა, რაც ამ გარიგების ნამდვილად მიჩნევის საფუძველი იყო.

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა შპს „ა-ა 92-ის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 28 აპრილით დათარიღებული ცნობით დასტურდებოდა მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 20 მარტის №01-001 ხელშეკრულება რამდენიმე ვალდებულებას მოიცავდა, მათ შორის ტვირთის განბაჟებასაც და თანხის გადახდასაც, ამასთან მოპასუხემ დაადასტურა, რომ ლამინირებული ფილების ღირებულება 68000 ლარი შპს ,,ა-ა 98-ისათვის“ არც შპს „ა-ა 92-ს“ და არც ი/მ ი. ც-ს არ გადაუხდია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცნობაში დაფიქსირებული ნება – 5000 კვ.მ ლამინირებული პარკეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ორივე მხარის მიერ შესრულებულია, რასაც ვადასტურებთ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე – გულისხმობდა მხოლოდ განბაჟებასა და საწყობიდან გამოტანასთან დაკავშირებულ ამავე ცნობაში მითითებულ მოქმედებებს და არა თანხის გადახდას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმები შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამდენად, მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და არც შპს ,,ა-ა 98-ს“ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2007 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ცნობაზე ვ. ს-ის მიერ ხელმოწერა არ შესრულებულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნოდა ვ. ს-ეს და მხარის მიერ ამ ფაქტის თაობაზე მხოლოდ მითითება არ წარმოადგენდა საკმარისს ხელმოწერის სიყალბის დასადასტურებლად.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 402-ე, 404-ე, 412-ე მუხლების შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მათ შორის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. დასახელებული მუხლის დეფინაციით, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ: ა. თუ სახეზეა ზიანი; ბ. ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; გ. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და დ. ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულოა ზემოაღნიშნული პირობების ერთობლიობა, ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს რეალურად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქმის მასალებით დასტურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის, სს „საქართველოს ბანკის”, ასევე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს „ა-ა 98-ისადმი“ ზიანის წარმოშობის ფაქტი, მაგრამ, რადგანაც შპს „ა-ა 92-ისათვის” წინასწარ არ ყოფილა ცნობილი ამ ზიანის არსებობის თაობაზე, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ შპს „ა-ა 92-ის” მიერ თანხის გადაუხდელობა წარმოადგენდა შპს „ა-ა 98-ისათვის” ზიანის წარმოშობის უშუალო მიზეზს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა-ა 98-ის” სარჩელის მოთხოვნა შპს „ა-ა 92-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების მიზნით დამატებით 432000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, თუმცა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ა 98-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის თითქმის არც ერთი შუამდგომლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარდგენილ ყალბ დოკუმენტებს.

2007 წლის 20 აპრილს, საბუთების გაყალბების გზით საბაჟო ტერმინალის ტერიტორიიდან გატანილ იქნა მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ლამინირებული ფილები და მოხდა მათი რეალიზაცია. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფოთის რაიონის პროკურატურაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჭიანურდება იმ მიზეზით, რომ პირი, რომელმაც შეიძინა მოსარჩელის კუთვნილი ლამინირებული ფილები, არის მიმალვაში. ამასობაში, მოსარჩელემ გადაწყვიტა სამოქალაქო წესით საქმის განმხილველ სასამართლოში სარჩელის წარდგენა. მან რამდენჯერმე დააზუსტა მოპასუხის ვინაობა, საბოლოოდ, ყველგან მოპასუხედ დაფიქსირდა გ. ქ-ე. მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომის ოქმში და შემდგომ გადაწყვეტილებაშიც, მოპასუხედ მითითებულია მხოლოდ შპს „ა-ა“. საგულისხმოა, რომ, საქმეში მოიპოვება თავად მოპასუხის შუამდგომლობა, სადაც ასეთად მითითებულია გ. ქ-ეზე. კასატორის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული არის მნიშვნელოვანი დარღვევა, რომლის შესახებაც მან დააყენა შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას შეიძლება გამოეწვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამის შესახებ არ იმსჯელა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, მის შემცირებას ან გადავადებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე, რასაც მოცემულ შემთხვევასთან აქვს კავშირი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფოთის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის შესახებაც სასამართლო საქმის კურსში იყო. ამიტომ, მას უნდა გაეთვალისწინებინა მითითებული მუხლი და გაეთავისუფლებინა მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებსაც. სასამართლოში წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შპს „ა-ა 98-ის“ შესახებ, სადაც ნათლად ჩანს კომპანიის მთელი ქონების დაყადაღების ფაქტი საგადასახადო ინსპექციის მიერ იპოთეკის/გირავნობის სახით, საგადასახადო შედარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელე კომპანია აღარ ფუნქციონირებს. მოსამართლეს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, გაეთავისუფლებინა მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლომ, არაერთი მიმართვის შემდეგ, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხოლოდ გადაუვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად.

მოპასუხემ ჯერ ხელშეკრულება გააყალბა, რაც სასამართლოს წინაშე არ უარყო არც თვითონ და არც მისმა წარმომადგენლებმა. ამას მოჰყვა 2007 წლის 26 მარტით დათარიღებული განცხადება შპს „ა-ა 98-ის“ ლამინირებული ფილების გადაცემაზე, რომელსაც ხელს აწერს თითქოს აღნიშნული შპს-ს დირექტორი დ. ს-ე. სინამდვილეში, კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა ვ. ს-ე. შემდეგ, შედგენილ იქნა საბაჟო ტერმინალის ერთი ხელმძღვანელის წერილი ტვირთის გადაცემაზე. აღსანიშნავია, რომ ეს წერილი საქმეში არსებობს თითქოს ასლების სახით, ერთი და იგივე ნომრით, მაგრამ სხვადასხვა რიცხვით და კანცელარიაში მიღების სხვადასხვა ნომრით. დასახელებული დოკუმენტების სერიას მოჰყვა კიდევ ერთი დოკუმენტის – კომერციული ინვოისის №01-001 გაყალბება. თითქოს ეს დოკუმენტი მოსარჩელის მიერ იქნა გამოწერილი ხელშეკრულების თანახმად 100000 კვ.მ ლამინირებულ ფილებზე. მას დასმული აქვს შპს „ა-ა 98-ის“ ბეჭედი, მაგრამ არ აქვს ხელმოწერა. საქმეში არსებობს მისი ორი ასლი, ერთზე კალით არის გადასწორებული 100000 კვ.მ – 50000 კვ.მ და ასევე მისი შესაბამისი პარამეტრები.

რაც შეეხება მინდობილობას, რის საფუძველზეც მოხდა ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ტვირთის გადაცემა, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა 2007 წლის 29 იანვრის მინდობილობა, რომელსაც ვადა ჰქონდა 3 თებერვლამდე, ხოლო ტვირთი მოპასუხეს გადაეცა 2007 წლის 20 აპრილს. სწორედ ამ ვადაგასული მინდობილობით მოხდა ქონების გამოტანა და მოპასუხისათვის გადაცემა. ამის შემდეგ, გაკეთდა განბაჟება, გამოიწერა საბაჟო დეკლარაცია, გადახდილ იქნა საბაჟო მოსაკრებელი და ტვირთი გადაეცა ინდმეწარმე „ც-ს“, რომელმაც გამოწერა სასაქონლო ზედნადები №01-001. საქმეში წარმოდგენილია მითითებული ზედნადების ორი, მაგრამ ფაქტობრივად სხვადასხვა ასლი. ამ დოკუმენტის წყალობით იქნა გატანილი მოსარჩელის ქონება.

კასატორის მოსაზრებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულით მიყენებული ზიანი, რომელიც ჩაიდინა არამარტო „ა-ა 92-მა“, არამედ, მისმა დირექტორმა და თანამშრომლებმა, სს „ფ-ი მაცივარმა“ და მისმა თანამშრომლებმა, შპს „გ-ბ-მა“ და მისმა ხელმძღვანელებმა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლამინირებული ფილების ფასის დასადგენად აპელანტმა ვერ წარადგინა სარჩელში მოხსენიებული ანგარიშ-ფაქტურები, მაშინ როდესაც იგი წარდგენილი იყო როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ლამინირებული ფილები გაყიდულია 1კვ.მ – 20 ლარად. ასეც რომ არ ყოფილიყო, ფილების ფასის განსასაზღვრად უნდა მოწვეულიყო სპეციალისტი ან აუდიტი, როგორც ეს საგადასახადო ინსპექციის დაყადაღების აქტშია აღნიშნული.

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში არც კი მოიხსენია კომერციული ინვოისი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ყალბია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ა 98-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-ა 98-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 მარტის განჩინებით კასატორ შპს „ა-ა 98-ს“ გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 30%-ის – 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ა 98-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა-ა 98-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 30%-ის – 2400 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „ბანკი რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.