Facebook Twitter

¹3კ-62-01 17 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: _ საბანკო გარანტიის შეუსრულებლობა

აღწერილობითი ნაწილი:

კორპორაცია “დ-მ” სს “ე-ი”-ს (შემდგომში სს კომერციული ბანკი “ა-ა”) წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იმ საფუძვლით, რომ 1998 წლის 29 აპრილს სს “ე-მ” (გარანტი) შპს “ვ-ი”-ს (პრინციპალი) თხოვნით კორპორაცია “დ-ს” (ბენეფიციარი) სახელზე გასცა საბანკო გარანტია ¹47-2. საბანკო გარანტიის თანხა შეადგენდა 178 000 აშშ დოლარს. ამასთან, საგარანტიო წერილით თუ პრინციპალი დროულად ვერ გადაიხდიდა სათანადო თანხას, გარანტი კისრულობდა გადაეხადა ჯარიმა, წლიური 24%. გარანტი ვალდებული იყო გადაეხადა გარანტიით განსაზღვრული თანხა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

შპს “ვ-ს” მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, კორპორაცია “დ-მ” მიმართა გარანტს თანხის გადახდის თაობაზე, მაგრამ 1999 წლის 27 დეკემბერს გარანტმა უარი განაცხადა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

მოსარჩელემ მოითხოვა გარანტს დაკისრებოდა სულ, 224 280 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა _ 178 000 აშშ დოლარი, წლიური 24% 13 თვის _ 46 280 აშშ დოლარი) გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საბანკო გარანტია გაცემული იყო ექვსი თვის ვადით და ბენეფიციარმა გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვა ვალდებულების შესრულება.

მასამე პირმა _ შპს “ვ-ს” წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო თანხის ნაწილი _ 155 600 აშშ დოლარი მან გადაუხადა მოსარჩელეს და გადასახდელია 22 400 აშშ დოლარი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაინული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სსკ\ბ “ა-ს” დაეკისრა კორპორაცია “დ-ს” სასარგებლოდ 224 280 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მითუთია სსკ 316-ე, 317-ე, 888-ე მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 889-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ გარანტის ვალდებულება შეწყვეტილია საგარანტიო ვადის გასვლის გამო.

სასამართლომ გარანტიის მოქმედების ვადად მიიჩნია 6 თვე, რომელიც მითითებულია პრინციპალსა და ბენეფიციარის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელია. კერძოდ, საგარანტიო წერილში მითითებულია, რომ “საბანკო გარანტია ძალაშია მასში გათვალისწინებული თანხის სრულ გადახდამდე”, სასამართლომ კი იგი ვადის გასვლის გამო შეწყვეტილად მიიჩნია. სასამართლომ დაარღვია სსკ 881-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული ნორმით საბანკო გარანტია და ის ხელშეკრულება რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი გაიცა არის დამოუკიდებელი გარიგება, მაშინაც კი, როდესაც გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე; სასამართლომ კი, გამოიყენა კანონი _ სსკ 889(1) მუხლის “ბ” პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და იგი უნდა გაუქმდეს.

დადგენილია, რომ 1998 წლის 29 აპრილს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია 178 000 აშშ დოლარზე. ამასთან, ბანკმა იკისრა ვალდებულება გადაიხადოს დარჩენილი თანხის 24% ყოველწლიურად თანხის სრულ გადახდამდე. საგარანატიო წერილის მოქმედების ვადა კი განისაზღვრება მისი გაცემის თარიღიდან გადახდის დასრულებამდე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მისცა არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია. კერძოდ, სსკ 52-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ საგარანტიო წერილში მითითებული “საგარანტიო წერილი ძალაშია მასში გათვალისწინებული თანხების გადახდის დასრულებამდე”, ბუნდოვანია და მისი განმარტება უნდა მოხდეს გონივრული განსჯის შედეგად. სააპელაციო პალატამ კი დაადგინა, რომ საგარანტიო წერილში მითითებული 178 000 აშშ დოლარი, რომელიც შპს “ვ-ს” 1998 წლის 24 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უნდა გადაეხადა 6 თვეში, გარანტს სწორედ აღნიშნულ ვადაში უნდა გადაეხადა.

ნასყიდობის ხელშეკრულებით ბენეფიციარისათვის შპს “ვ-ს” აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა 1999 წლის თებერვლამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარანტიო წერილის ვადაც ამ დროს გულისხმობდა და ამიტომ არ გახდა აუცილებელი კონკრეტული ვადის მითითება საგარანტიო წერილში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან სსკ 881-ე მუხლით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტიის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნისა, სასამართლომ გარანტიით ნაკისრი ვალდებულება დაუკავშირა ძირითად (ნასყიდობის) ვალდებულებას და მასზე გაავრცელა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 1998 წლის 24 მარტს დადებული ხელშეკრულების ვადები, რაც უკანონოა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სსკ 889(1) მუხლის “ბ” პუნქტზეც, რადგან გარანტია განუსაზღვრელი ვადითაა გაცემული, კერძოდ, გარანტიაში მითითებული თანხის სრულ დაფარვამდე და ეს თანხა კი, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ჯერ არ არის გადახდილი, ე.ი. საგა-რანტიო ვადაც არ არის გასული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1998 წლის 29 აპრილის საბანკო გარანტია გაცემულია სსკ 879-ე და 884-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. გარანტმა იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის (ბენეფიციარი) 178 000 აშშ დოლარის და ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში წლიური 24% სარგებლის დარიცხვის ფარგლებში თანხის გადახდის თაობაზე. საგარანტიო წერილით მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა გარანტიაში მითითებული თანხის სრულად გადახდის დრო. საქმის მასალებით დადგენილი არ არის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხების გადახდა, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით გარანტიის ვადა არ შეწყვეტილა და გარანტმა გარანტიით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასურლოს სსკ 888-ე მუხლის თანახმად, რომლითაც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტიის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.

საქმის მასალებით არ არის დადგენილი ის გარემოებანი, რითაც გარანტს ბენეფიციარის (მოსარჩელის) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სსკ 887-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია უარის თქმა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინაღმდეგე მხარის (მოპასუხის) მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “სახელშეკრულებო გარანტიების უნიფიცირებული წესების” (325) მე-4 მუხლის “ბ” პუნქტით პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს გარანტის ვალდებულების შეწყვეტას. პალატას მიაჩნია, რომ პრეტენზიის წარდგენის ვადის გასვლა არ იწვევს საგარანტიო ვადის შეწყვეტას ან მოთხოვნის უფლების გაუქმებას, რადგან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის, ასევე, “სახელშეკრულებო გარანტიების უნიფიცირებული წესები” აღნიშნული გარემოებით გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს არ ადგენს.

პალატა თვლის, რომ სსკ 888-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს გარანტიით განსაზღვრული თანხა _ 178 000 აშშ დოლარი და 13 თვის ვადაგადაცილებისათვის ამ თანხის 24%, სულ, 224 280 აშშ დოლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

კორპორაცია “დ-ს” წარმომადგენლის ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

კორპორაცია “დ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

სსკბ “ა-ს” კორპორაცია “დ-ს” სასარგებლოდ დაეკისროს 224 280 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.