Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3კ/1-01 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალტა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის და სამივლინებო თანხების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი :

ი. ლ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ხარაგაულის რაიონის გამგეობის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, მიუღებელი ხელფასის და სამივლინებო თანხების გადახდევინების შესახებ.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ი. ლ-შვილმა მიუთითა, რომ ხარაგაულის რაიონის გამგებლის 2000 წლის 23 ივნისის ¹7 განკარგულებით არასწორად იქნა გათავისუფლებული .....-ის თანამდებობიდან.

მოპასუხემ _ ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა _ არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ საკურატორო ეკონომიკური სამსახურებისადმი არაჯეროვანი ხელმძღვანელობისათვის მოსარჩელე იმსახურებდა სამსახურიდან გათავისუფლებას.

ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხარაგაულის რაიონის .....-ის თანამდებობაზე, სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის _ 1990 ლარის და სამივლინებო თანხის _ 300 ლარის _ გადახდა.

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ლ-შვილის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების ნაწილში. მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა იძულებითი განაცდური _ 499 ლარი, მიუღებელი ხელფასი _ 668 ლარი, 78 თეთრი და სამივლინებო თანხა _ 429 ლარი.

საკასაციო საჩივრით ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 127-ე მუხლის I-ლი ნაწილი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ხარაგაულის რაიონის გამგებლის 1998 წლის 2 ივლისის ¹61 ბრძანებით, “თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “თ” პუნქტების შესაბამისად, მოხდა გამგეობის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება. გამგებლის პირველ მოადგილეს დაევალა ადგილობრივი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება, რაიონის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია, სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაცია.

ი. ლ-შვილი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა საკურატორო სამსახურების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებისათვის, რაც გამოწვეული იყო მისი არაჯეროვანი ხელმძღვანელობით.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

ხარაგაულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹9 განკარგულებით მოსარჩელეს გამოცხადებული ჰქონდა გაფრთხილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულებათა შეფასება დამყარებული უნდა ყოფილიყო სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვაზე. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა კანონის მითითებული ნორმა და დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებად, რადგან დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თვით მოსარჩელეს.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან.

2000 წლის 13 ივნისის ¹7 განკარგულებას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, ი. ლ-შვილი გაეცნო იმავე დღესვე, ხოლო სასარჩელო განცხადება სასამართლოში შეიტანა 2000 წლის 2 აგვისტოს.

მოსარჩელემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება.

ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისუბურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გათვალისწინებულია მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების სპეციფიკურობა. ასევე დარეგულირუბულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი.

საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც პალატას შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

არ დაკმაყოფილდეს ი. ლ-შვილის სარჩელი ხარაგაულის რაიონის გამგეობის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

მიუღებელი ხელფასის და სამივლინებო თანხების გადახდევინების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.