გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3კ\18-01 9 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: საერთო საკუთრების ბინიდან წილის ნატურით გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ა-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საერთო საკუთრების ბინიდან წილის ნატურით გამოყოფა და ერთ ოთხაზე მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: თბილისში, .... მდებარე ბინა დღეისათვის გლდანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღრიცხულია საერთო საკუთრების უფლებით მასზე და მოპასუხეზე. მას ეკუთვნის ბინის 1\3 იდეალური წილი, ვინაიდან მოპასუხე არ უშვებს ბინაში მოითხოვა საერთო საკუთრების სამ ოთახიანი სადავო ბინიდან ერთი ოთახის მესაკუთრედ ცნობა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-შვილის სარჩელი და მას საკუთრების უფლებით გამოეყო თბილისში, .... მდებარე ბინიდან 16 კვ.მ. ფართის ოთახი, დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო საკუთრებაში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. შ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებებზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შოშიაშვილმა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 29 მაისის განჩინება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო;
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული კანონზე, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლოები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებენ მხოლოდ იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ცნობილია სახლის 1\3 იდეალური წილის მესაკუთრედ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასამართლოების მიერ სამოქალაქო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ საზიარო უფლებების მქონე პირთა უფლება _ მოვალეობებს რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სადავო ბინა წარმოადგენს მხარეთა შორის საზიარო უფლებების ობიექტს. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლების მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინა წარმოადგენს სამოთახიან იზოლირებულ ბინას, ბინის თითოეული ოთახი არის მის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მათი გამოცალკევება შეუძლებელია. სასამართლომ საკუთრების უფლებით გამოუყო რა მოსარჩელეს სადავო ბინიდან 1 ოთახი საერთო სარგებლობაში დაუტოვა სათავსოები, ამდენად, საზიარო უფლების შეწყვეტა ვერ მოხერხდა სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბინის თითოეული ოთახი არის ბინის შემადგენელი არსებითი ნაწილი და მათი გამოცალკევება, ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად გამოყენება შეუძლებელია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საზიარო საგნის დაყოფა შეუძლებელია, ამდენად, მოსარჩელეს სარჩელზე უარი უნდა ეთქვას. პალატა თვლის, რომ საქმეში ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეულია სრულად, რაც პალატას აძლევს საშუალებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 მაისის განჩინება. გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე ე. ა-შვილს უარი ეთქვას სარჩელზე თბილისში, .... მდებარე ბინიდან იდეალური წილის 1\3 შესაბამისად რეალური წილის გამოყოფაზე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.