Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\49-01 28 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: _ ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

საქველმოქმედო ფონდმა “ს-ი” სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 2000 წლის 31 მარტს მოპასუხის კუთვნილ ავტოსადგომიდან დაიკარგა ფონდ “ს-ის” საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ნივა”. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა შეიარაღებული თავდასხმის გზით გაიტაცეს უცხო პირებმა, მოპასუხე ვალდებული იყო დაეცვა მიბარებული ქონება ყოველგვარი ხელყოფისაგან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მიაჩნია, რომ სსკ 779-ე მუხლის საფუძველზე იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რადგან ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მიერ.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციას “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 408-ე, 409-ე მუხლებზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ივლისის განჩინებით უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართვლეოს ავტომფლობელთა ფედერაციამ აღნიშნულ განჩინებაზე შემოიტანა საკასაციო საჩივარი.

სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს მორიგების აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო 2001 წლის 26 თებერვლის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა წარმოებით უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით სასამართლო საქმის წარმოებას წყვეტს, თუ მხარეები მორიგდნენ.

პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებას, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 272-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების საფუძველზე.

მხარეთა შორის მიღებული მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პიროებებით:

საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაცია ვალდებულია მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში შეიძინოს საქველმოქმედო ფონდი “ს-ისათვის” ავტომანქანა “ნივა”, არაუმეტეს 18 თვის ექსპლუატაციიის ვადისა, გამართულ მდგომარეობაში.

საქველმოქმედო ფონდი “ს-ი” ვალდებულია მანქანის შეძენისთანავე გადასცეს საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციას გატაცებული ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, გასაღებები და სხვა მის ხელთ არსებული დოკუმენტები ა\მანქანის საკუთრების შესახებ. ავტომანქანის შეძენა საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციამ უნდა მოახდინოს “ს-ის” წარმომადგენელთან ერთად.

ავტომფლობელთა ფედერაციის ავტოსადგომს ყადაღა მოეხსნება მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთანავე.

მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციამ “ს-ს” უნდა გადაუხადოს 3500 აშშ დოლარი.

სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.