გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/52-01 7 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ახალაძე
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ხ-შვილი მუშაობდა შპს “ჟ-ში” მძღოლად; 2000 წლის 1 ივნისიდან ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლდა სამსახურიდან. იმავე წლის 15 ივლისს სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იმ მოტივით, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე, 423-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნები, მოსალოდნელი გათავისუფლებისას მუშაკის წინასწარი გაფრთხილებისა და სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების დაცვის შესახებ.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვ. ხ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ვ. ხ-შვილი აღდგენილ იქნა ნაგავმზიდის მძღოლად შპს “ჟ-ის” სატრანსპორტო უბანზე.
კასატორი, შპს “ჟ-ის” წარმომადგენლები: მ. ჭ-ძე და თ. თ-ია მოითხოვენ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ვ. ხ-შვილის სამუშაოდან დათხოვნისას ადმინისტრაციას კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ ვ. ხ-შვილი შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 30 მარტის ¹12 ბრძანებით, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს მითითებას მუშაკთა გაფრთხილების თაობაზე, უფრო მეტიც, ადმინისტრაცია ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აცხადებს, რომ 2000 წლის პირველი აპრილიდან თითოეულ მუშაკთან გააფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას. აღნიშნული კი, ბუნებრივია, არ ნიშნავს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებას.
სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ შპს “ჟ-ის” 2000 წლის 31 მაისის ¹35 ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, კერძოდ, ვ. ხ-შვილი შტატების თუ მუშაკთა რიცხოვნობის შემცირების გამო იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციამ იმსჯელა ვ. ხ-შვილის მიმართ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამოყენების შესაძლებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორადაა შეფასებული და გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჟ-ის” წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.