გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\65-01 14 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-ანმა და მ. ტ-შვილმა მოსარჩელეების ნ. ვ-ძისა და ბ. ლ-ძის სახელით სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს “ს-ს” წინააღმდეგ და მოითხოვეს მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ვ-ძემ და ბ. ლ-ძემ 1999 წლის 22 აპრილს “..... ფედერაციას” მიმართეს განცხადებით, რომლითაც გაირკვა, რომ 1999 წლის 18 აპრილს შპს “ს-ს” უნდა განეხორციელებინა თბილისი-მოსკოვის რეისი (¹.....). აღნიშნული რეისით გამგზავრებაზე _ ნ. ვ-ძეს და ბ. ლ-ძეს უარი ეთქვათ, რადგან მათ სამგზავრო ადგილებზე ბილეთები სხვა პირებზეც იყო გაყიდული, რის გამოც მოპასუხემ სამი საათის დაგვიანებით მოახდინა მათი გამგზავრება.
სარჩელით ნ. ვ-ძეს მორალური ზიანისათვის უნდა ანაზღაურებოდა 2001 ლარი, ხოლო ბ. ლ-ძეს _ 2000 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს “ს-ს” მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1000-1000 ლარის გადახდა მორალური ზიანისათვის. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 18-ე, 413-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 412-413-ე მუხლები.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი, რადგან საქმეში არ არის სათანადო წესით გაცემული მინდობილობა ნ. ც-ანზე და მ. ტ-შვილზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ წარმომოადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ც-ანმა და მ. ტ-შვილმა მოსარჩელეების სახელით ისე შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ არ წარადგინეს სათანადო წესით გაცემული მინდობილობა.
როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულ გარემოებას, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნა. კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. გადაწყვეტილების უსწორობა იმაში გამოიხატა, რომ პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის დარღვეული უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად, შეეხო სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში დარღვეულია, ასევე, სსსკ მე-3-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაც.
სსსკ 275-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იგი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. პალატა თვლის, რომ ვინაიდან ნ. ც-ანსა და მ. ტ-შვილს არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილებანი და სარჩელი განუხილველი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ბ” პუნქტით, 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის განჩინება და თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
ნ. ვ-ძის და ბ. ლ-ძის წარმომადგენლის ნ. ც-ანისა და მ. ტ-შვილის სარჩელი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.