Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\91-01 2 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა უ. მ-ძემ და ნ. ი-შვილმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის საგზაო პოლიციის განყოფილებაში საგზაო-საპატრულო სამსახურში ......-ად აღდგენა შემდეგი საფუძვლით: ქუთაისის საგზაო პოლიციის განყოფილებაში საგზაო-საპატრულო პოლიციის ......-ად მუშაობდნენ 1994 წლიდან. 2000 წლის 12 მარტის ბრძანებით გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს შინაგან საქმეთა მინისტრის 1999 წლის 9 აგვისტოს ¹681 ბრძანება, უხეშად დაარღვიეს საშემსრულებლო დისციპლინა და გამოიჩინეს სამსახურისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ბრძანების დაწერას საფუძვლად დაედო 2000 წლის 10 მარტს მომხდარი ინციდენტი: მათ დაამთავრეს სამუშაო 16 სთ-ზე, რომლის შემდეგაც წავიდნენ ბაზრობაზე პირადი ნივთების შესაძენად. გზაზე შეხვდათ პოლიციელი კ-ძე, რომელსაც გაუჩერეს მანქანა, კ-ძეც პოლიციაში მათთან ერთად წავიდა, გზად ისინი გადავიდნენ მშენებარე კაფე-ბარის ტერიტორიაზე და მანქანაში დატოვეს კ-ძე. დაბრუნების შემდეგ შენიშნეს, რომ კ-ძე ავსებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, მას ეკამათებოდა გვერდზე მდგომი მძღოლი. მძღოლი უეცრად ჩაიკეცა, გახდა ცუდად და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა მოკვლევა და 2000 წლის 4 აპრილს გამოვიდა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რადგან მათ მიერ არ ყოფილა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული მათი გათავისუფლება თანამდებობიდან უკანონოა.

მოპასუხე ქუთაისის შსს სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები არ ყოფილან დათხოვილი შსს რიგებიდან არამედ ბრძანებით გათვალისწინებული იქნა მათი ჩამოქვეითება დაბალ თანამდებობეზე, დაბალ თანამდებობაზე მუშაობაზე მათ უარი განაცხადეს რის შესახებაც შემდგარია ოქმები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ-ძისა და ი-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა გამოიჩინეს სამსახურის მიმართ არასათანადო და გულგრილი დამოკიდებულება 2000 წლის 10 მარტს სამუშაოს დამთავრების შემდეგ ისინი არ გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში ანგარიშის ჩასაბარებლად, ნაცვლად ამისა მათ თვითნებურად მოინაცვლეს სამუშაო უბანი და გააგრძელეს სამუშაო, რითაც უგულებელყვეს საქართველოს შს მინისტრის 1999 წლის 9 აგვიტსოს ¹681 ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს უ. მ-ძემ და ნ. ი-შვილმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის შს სამმართველოს უფროსის 2000 წლის 12 მარტის ¹66 ბრძანება. უ. მ-ძე და ნ. ი-შვილი აღდგენილ იქნენ ქუთაისის შს სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების საგზაო-საპატრულო სამსახურში ადრინდელ თანამდებობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შს სამინისტროს ქ. ქუთაისის შს სამმართველომ, რომლითაც ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეები დათხოვნილი არ ყოფილან შს ორგანოებიდან, ხოლო დისციპლინარული სასჯელის დადების გამო წამოჭრილი დავა არ არის სასამართლო ქვემდებარე.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეები უ. მ-ძე და ნ. ი-შვილი ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის 2000 წლის 12 მარტის ¹66 ბრძანებით საქართველოს შს მინისტრის 1996 წლის ¹681 ბრძანების შეუსრულებლობისა და სხვა დარღვევებისათვის გათავისუფლებული იქნენ ქუთაისის საგზაო საპატრულო სამსახურის ოცეულის ......-ის თანამდებობიდან, სხვა სამსახურში გადაყვანით.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საჯარო სამსახურის ისეთ სპეციფიურ სუბიექტს, როგორიცაა პოლიცია და მისი მუშაკის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების უ. მ-ძის და ნ. ი-შვილის ქმედებას,რომელიც უნდა ემყარებოდეს კანონის მოთხოვნებს. ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელთა მიმართ საგზაო მოძრაობის მონაწილის დ. ჟ-იანის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით არ აღიძრა სიხლის სამართლის საქმე დანაშაულის შემთხვევის არ არსებობის გამო სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროს თითქოს არ ჰქონდეს უფლება მისი ხელქვეითი მუშაკების სხვა სამსახურში გადაყვანის.

სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია ნ. ი-შვილი და უ. მ-ძე ჩამოქვეითებულია სამუშაოდან თუ დათხონვილია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. თუ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინარული სასჯელი, უფრო დაბალ თანამდებობაზე ჩამოქვეითების სახით მაშინ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია, რადგან “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცეუბლი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 73-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ” ამ ნორმის თანახმად, პოლიციის მუშაკს, როგორც საჯარო სამართლის სპეციალურ სუბიექტს უფლება არა აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს სხვა ისეთი ბრძანების გაუქმება რაც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, თუნდაც სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან თანამდებობიდან ჩამოქვეითება, ხოლო თუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები დათხოვილი არიან შს ორგანოებიდან, გათავისუფლებული არიან დაკავებული სამუშაოდან მაშინ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელეებს გაშვებული ხომ არ აქვთ სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოსარჩელეები რას მოითხოვენ შინაგან საქმეთა ორგანოებში აღდგენას და შესაბამისად განთავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენას თუ მხოლოდ სამუშაოზე აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.