Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/111-01 16 თებერვალი, 2001 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ყვარლის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმში ..... თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1998 წლის 6 მარტს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა იძულებითი განაცდურის 116 ლარის ანაზღაურება 1998 წლის 7 აგვისტოს დაიწერა ბრძანება მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ, მაგრამ სამუშაოზე არ დაუშვას, არ მისცეს ოთახის გასაღები და 1999 წლის 26 თებერვალს ხელმეორედ გაათავისუფლეს. მოსარჩელე ხელმეორედ გათავისუფლებას მიიჩნევს უკანონოდ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე, რომელიც მუშაობდა ......-ად სისტემატურად არღვევდა შრომის დისციპლინას 1999 წლის 7 აგვისტოს შემდეგ, რაც აღდგენილ იქნა სასამართლოს მიერ სამუშაოზე სამჯერ იქნა დასჯილი დისციპლინარული წესით. გარდა ამისა მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ვადა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა. საპატიოდ ჩაეთვალა სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვება, ბათილად იქნა ცნობილი ყვარლის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმის უფროსის 1999 წლის 26 თებერვლის ¹ 3 ბრძანება და ბ-ოვა აღდგენილ იქნა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე. ყვარლის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებიდან არ ჩანს თუ კონკრეტულად რა სახის დარღვევა ჩაიდინა ბ-ოვამ.

ყვარლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ყვარლის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმის წარმომადგენელმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა ყვარლის სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ-ოვას სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. რადგან მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 1999 წლის 26 თებერვალს მას ბრძანება ჩაბარდა იმავე წლის 10 მარტს სასამართლოს კი მან სარჩელით მიმართა 2000 წლის 10 ივლისს გათავისუფლებიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, რითაც დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ-ოვამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მას გაშვებული არა აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ვადა რადგან განცხადება სასამართლოში შეიტანა 1999 წლის 26 მარტს, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარემ რეზოლუცია მის განცხადებას დაადო იმავე წლის 5 აპრილს.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 1999 წლის 26 თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვას 1999 წლის 5 აპრილს არ შეუწყვეტია სასამათლოსათვის მიმართვის ვადის დენა, რადგან აღნიშნული განცხადება დატოვებული იქნა სასამართლოს განჩინებით უმოძრაოდ და მოსარჩელეს მიეცა ვადა, რათა გამოესწორებინა ხარვეზი და წარედგინა სასამართლოსათვის გათავისუფლების ბრძანება, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა, რის გამოც სარჩელს არ მიეცა მსვლელობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა აღნიშნული განჩინება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან არაფერი იცოდა აღნიშნული განჩინების შესახებ. იგი აკითხავდა სასამართლოს, ეუბნებოდნენ, რომ საქმე განიხილებოდა. აღნიშნულ განმარტების საწინააღმდეგოდ საქმეში არავითარი მტკიცება არ არის განჩინების არც ფოსტით გაგზავნის, არც ხელზე ჩაბარების რამე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სარჩელი შეტანილად უნდა ჩაითვალოს 1999 წლის 5 აპრილიდან. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მსჯელობა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველზე ამდენად საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გამოიტანოს გადაწყვეტილება და რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გათავისუფლების ყველა საფუძველზე და გამოარკვიოს ბრძანებაში აღნიშნული გათავისუფლების კანონიერების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.