Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/115 2 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. გოგიშვილი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: დამფუძნებელთა კრების ოქმის ბათილად ცნობა და კავშირის რეგისტრაციის გაუქმება

თბილისის ბერძენთა კავშირმა “პ-მა” და “ს-ი” კვლევის ცენტრმა სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელე მიუთითებდა:

1992 წლიდან საქართველოში დაფუძნებული იყო და ფუნქციონირებდა საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა ფედერაცია, რომელშიც გაერთიანებული იყო 22 ორგანიზაცია. ფედერაცია სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო 1999 წლის 1 სექტემბრამდე მოეხდინა ხელახალი რეგისტრაცია. ფედერაციამ ვადაში ხელახალი რეგისტრაცია ვერ მოახდინა. 1999 წლის 5 ნოემბერს ფედერაციის თავმჯდომარე ი-ოვმა ჩაატარა ფედერაციის საერთო კრება, რომელზეც მიღებულ იქნა წესდება და დაფუძნდა საქართველოს ბერძენთა კავშირი, მაგრამ აღნიშნული წესდება სასამართლოში კვლავ არ ყოფილა რეგისტრირებული.

2000 წლის 21 მარტს ი-ოვმა წინასწარი მომზადებისა და აუცილებელი პროცედურების დაცვის გარეშე ჩაატარა ახალი კრება, მიიღო წესდება და დააფუძნა საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირი. კრებაზე 22 ორგანიზაციის ნაცვლად მოწვეული იყო 14 წევრი. ამის მიზეზი იყო ის, რომ კრება ჩატარდა ფარულად, ბერძნული ორგანიზაციებისათვის შეტყობინების გარეშე, რის გამოც ახლად შექმნილ კავშირში ვერ შევიდა ბევრი ბერძნული ორგანიზაცია, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა;

2000 წლის 22 მარტს სადამფუძნებლო დოკუმენტები კ. ი-ოვმა რეგისტრაციისათვის შეიტანა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ 23 მარტს უკან გაიტანა საბუთები. იორდანოვმა საბუთები კვლავ შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც 20 აპრილს განხორციელდა ორგანიზაციის რეგისტრაცია;

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ახალი კავშირის შექმნის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ორგანიზაციის წევრებისათვის, რაც არ შესრულებულა და რაც 21 მარტის კრების ოქმის ბათილობის საფუძველია;

ადრე არსებული ფედერაცია ფლობდა უძრავ და მოძრავ ქონებას, რომელიც მთლიანად გადავიდა ახლად შექმნილი კავშირის ხელში;

ახალი კავშირის ხელმძღვანელობის მიერ სასამართლოში რეგისტრაციისათვის წარმოდგენილია კრების ოქმის ამონაწერები და არა მთლიანად ოქმი. ამ ოქმზე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარიღი შენიშვნების გარეშე გადასწორებულია 21 მარტად. ოქმი გაყალბებულია და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;

სასამართლოში რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტები არ არის ნოტარიულად სრულყოფილად დამოწმებული, თარიღები გადასწორებულია. კერძოდ, დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმზე ნოტარიუსის მიერ მითითებული თარიღი გადაკეთებულია 21 მარტად. განცხადებაზე რეგისტრაციის შესახებ იქ, სადაც ნოტარიუსი ადასტურებს კ. ი-ოვის ხელმოწერას, წელის ჩასაწერად მითითებულ გრაფაში წერია ციფრი 21, ხოლო თვის და რიცხვის ადგილზე აღნიშნულია 3 მარტი. იმავე განცხადებაზე დამფუძნებლებისა და გამგეობის წევრთა ხელმოწერები ნოტარიუსის მიერ დადასტურებულია 3 მარტს, ანუ დამფუძნებელთა კრების ჩატარებამდე 18 დღით ადრე, რასაც არ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა.

მოსარჩელის აზრით, სასამართლომ დაარღვია ქვემდებარეობის პრინციპი, რადგან მოპასუხე რამდენიმე წლის განმავლობაში განლაგებულია ნაქირავებ შენობაში კრწანისი-მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე და რეგისტრაციაც უნდა მომხდარიყო ამ რაიონის სასამართლოში.

მოსარჩელემ მოითხოვა ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის 2000 წლის 21 მარტის დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში კავშირის რეგისტრაციის შესახებ 20 აპრილის დადგენილების გაუქმება.

მოპასუხემ შესაგებელში განმარტა: ვინაიდან მოსამართლეების კაპრიზების გამო, სასამართლომ საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა ფედერაციის მოთხოვნა მისი ხელახალი რეგსიტრაციის შესახებ ორჯერ არ დააკმაყოფილა, 1999 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ იქნა ყრილობა, რომელმაც აირჩია კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები 7 თვის განმავლობაში ხელს არ აწერდნენ კავშირის წესდებას, ხოლო მათი ხელმოწერის შემდეგ, მათვე შეიტანეს საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც კავშირის წევრთა უმრავლესობამ მოითხოვა განცხადება გამოტანილი ყოფილიყო უკან.

კავშირის წევრთა მოთხოვნით 2000 წლის 21 მარტს ჩატარდა დამფუძნებელთა კრება, 14 იურიდიული და 15 ფიზიკური პირის მიერ დაფუძნდა ახალი კავშირი.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კავშირი რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. იგი წარმოადგებს ახლად დაფუძნებულ იურიდიულ პირს და არა 1992 წლის მაისში დაფუძნებულ ბერძნულ სატვისტომოთა ფედერაციის სამართალმემკვიდრეს.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება დამფუძნებელთა კრების ოქმის გაყალბებისა და სანოტარო წესით არასრულყოფილად დამოწმების შესახებ, რადგან ნოტარიუს გ-ას განმარტებით, კრების ოქმზე და ფაქსიმილეზე მითითებულ თარიღებში უზუსტობა მის მიერ მექანიკურად არის დაშვებული, რასაც ადასტურებს სანოტარო მოქმედებათა რეესტრიდან ამონაწერით.

ასევე, არ იქნა გაზიარებული მოსაჩელის მოსაზრება განსჯადობის პრინციპის დარღვევის შესახებ, ვინაიდან კავშირის სარეგისტრაციო მასალებში განცხადებასა და წესდებაში იურიდიული პირის ადგილსამყოფლად მითითებულია ...... ქ. ¹23, რასაც თან ახლავს სამედიცინო ფონდ “ჰ-ეს” დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდითEდამოწმებული ცნობა კავშირისათვის ფართის გამოყოფის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის წესდებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის სრულიად დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მას საერთო “ბ-თან” არაფერი გააჩნია. აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ 21 მარტის კრება ჩატარდა მისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან. აპელანტი არ წარმოადგენს კავშირის წევრს და მისი მოწვევა დამფუძნებელთა კრებაზე სავალდებულო არ იყო.

პალატამ მიიჩნია: მართალია, სანოტარო შტამპზე წელი, თვე, რიცხვი ჩაწერილია სხვადასხვა გრაფაში, მაგრამ ყველა მათგანზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე თარიღი. პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 32-ე და 23-ე მუხლებით, კავშირის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში სასამართლოს დასახელება არ წარმოადგენს წესდების, მისი რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს.

“ს-ი” კვლევის ცენტრის თავმჯდომარე დ. ჩ-ოვი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ არ უზრუნველყო ყოველმხრივი ობიექტური გამოკვლევა მათ მიერ წარმოდგენილი მასალებისა. მოწმედ არ იქნენ დაკითხულები _ თ. ე-ძე და ნოტარიუსი ნ. გ-ა; სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ახალი გარემოებები, რომლებიც დამატებით სააპელაციო საჩივარსა და პროკურატურის დადგენილებაში იყო აღნიშნული და გამოიტანა აშკარად უკანონო განჩინება. საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კავშირი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის შექმნას საფუძვლად უდევს მხარეთა კერძო ავტონომია და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპი.

კავშირის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის მიზნები არ ეწიანააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. წესდების, როგორც დამფუძნებელთა ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის, კანონი ისეთ მოთხოვნებს ითვალისწინებს, რასაც გარიგების ნამდვილობისათვის.

მოცემულ საქმეზე კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმევს და კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად ყველას გარანტირებული აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირის შექმნისა და მათში გაერთანების უფლება. თავად საკასაციო საჩივრის ავტორი აღიარებს, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო 1999 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს ბერძნულ საზოგადოებათა ფედერაციამ, რომელიც შეიქმნა 1992 წლის მაისში, შეწყვიტა ფუნქციონირება. აღნიშნული მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ბერძნულ სათვისტომოთა კავშირი წარმოადგენს ახლად შექმნილ ორგანიზაციას, რომლის შესაქმნელად აუცილებელია, რომ ნიოტარიუსის მიერ დამოწმდეს შეესაბამება თუ არა წესდება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და სასამართლოს წარედგინოს რეგისტრაციის შესახებ განცხადება და წესდება. ორივე ამ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს დამფუძნებლები და გამგეობის წევრები.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის რომელიმე ნორმის დარღვევაზე: ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და წესდება სასამართლოში წარდგენილია. თუ ნოტარიუსმა აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებისას მკაცრად არ დაიცვა დოკუმენტის დამოწმების წესი და შტამპი არასწორად იქნა შევსებული, ეს არ შეიძლება გახდეს კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტი ვერ მიუთითებს, საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის რეგისტრაციით მისი კანონით დაცული რომელი უფლება დაირღვა.

თუ ბერძნულ საზოგადოებათა ფედერაციის ფუნქციონირების შეწყვეტით წარმოიშვა ქონების გაყოფის საკითხი, ეს არ შეიძლება გახდეს სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობით ყოველ პირს შეუძლია უფლების სასამართლო წესით დაცვა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უფლება, რომელიც დარღვეულია და რომლის დაცვა უნდა განხორციელდეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

“ს-ი” კვლევის ცენტრის თავმჯდომარე დ. ჩ-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არა გასაჩივრდება.