გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/168-01 21 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა;
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ-ძე 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს საბაჟოს ..... საბაჟო საგუშაგოზე მებაჟე-ინსპექტორად.
საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 19 მარტის ¹114 ბრძანებით საბაჟო სისტემის რეორგანიზაციასთან და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით საბაჟო საგუშაო “......” ინსპექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გია დოლიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საბაჟო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.
გ. დ-ძემ თანამდებობიდან დათხოვნა უკანონოდ ჩათვალა 1999 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გიორგი დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
2000 წლის 22 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა გ. დ-ძის საჩივარი, აღადგინა იგი საბაჟო გამშვები პუნქტი “......” ინსპექტორის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის-703 ლარის ანაზღაურებით.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული საჩივარი და 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო იგი იმ საფუძვლით, რომ საბაჟო დეპარტამენტმა გაუშვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადა. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველომ საჩივარი კორესპონდენციების აღრიცხვისა და რეგისტრაციის განყოფილებას ჩააბარა 2000 წლის 11 ოქტომბერს საპროცესო ვადების სრული დაცვით, მაგრამ იმის გამო, რომ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში სამჯერ იქნა დაყადაღებული საბაჟო დეპარტამენტის საბანკო ანგარიში, შეუძლებელი გახდა მისი გაგზავნა, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძველზე მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივაციას, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაშია შეტანილი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების ასლი საბაჟო დეპარტამენტს ჩაბარდა 2000 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო დეპარტამენტის საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2000 წლის 25 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ დეპარტამენტის ერთმა სტრუქტურამ_იურიდიულმა სამმართველომ დროულად ჩააბარა საჩივარი ამავე დეპარტამენტის მეორე სტრუქტურულ ქვედანაყოფს. კორესპონდენციების აღრიცხვისა და რეგისტრაციის განყოფილებას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საჩივრის ვადაში შეტანილად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე და 239-ე მუხლების თანახმად სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა კერძო საჩივარი დაუშვებლად და არ არსებობს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.