გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/175-01 13 აპრილი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 27 აპრილს მ. კ-შვილსა და გ. ე-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. კ-შვილმა ხუთი თვის ვადით გ. ე-ძეს ასესხა 4750 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა პროცენტი არ გაითვალისწინეს. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა გ. ე-ძის ერთოთახიანი ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში.
გ. ე-ძემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მ. კ-შვილმა 2000 წლის 28 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვალის _ 4750 აშშ დოლარის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე იძულებითი წესით გაყიდვის გზით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სესხის დაბრუნებისათვის სჭირდება გარკვეული დრო.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ე-ძეს მ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 4750 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხის იპოთეკით დატვირთული ბინის საჯარო აუქციონზე იძულებითი წესით გაყიდვის გზით.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ძემ.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ განჩინების გამოტანისას საერთოდ არ გამოიყენა კანონი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელისაგან სესხად აღებული აქვს 3500 აშშ დოლარი და არა 4750 აშშ დოლარი. 1250 აშშ დოლარი არის სესხისათვის გათვალისწინებული 10%, რაც გონივრულ შესაბამისობაში არ არის ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მასსა და მ. კ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს თანხა მისთვის უნდა დაეკისრებინა ლარებში და არა დოლარებში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ გ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში ასახული გ. ე-ძის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ გ. ე-ძე ცნობს ვალს 4750 აშშ დოლარის ოდენობით და ითხოვს მხოლოდ გარკვეულ დროს ვალის დაბრუნებისათვის.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, ასევე, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ გ. ე-ძემ ისესხა 4750 აშშ დოლარი და მხარეებს სესხისათვის პროცენტი არ გაუთვალისწინებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი. პალატა ასევე, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მისთვის თანხის გადახდა უნდა დაეკისრებინა ეროვნულ ვალუტაში და არა დოლარებში.
სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით აკრძალული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა სესხის ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულება დაადგინეს უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, აშშ დოლარებში, რაც კანონით აკრძალული არ არის. ამდენად, სასამართლომ მართებულად დააკისრა გ. ე-ძეს ფულადი ვალდებულების შესრულება აშშ დოლარების გადახდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად..
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.