გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/182-01 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება “ბეს” დაბრუნების გარეშე.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების ქ. ქ-ძისა და ტ. ჯ-ძის გამოსახლება თბილისში, ... ბინიდან შემდეგი საფუძვლით: 1999 წლის ოქტომბერში მოპასუხეებთან დადო ზეპირი გარიგება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები იყიდდნენ სადავო ბინას. ხელშეკრულების დადებისთანავე მოპასუხეებმა “ბეს” სახით მისცეს 1000 აშშ დოლარი და შეთანხმდნენ, რომ 1999 წლის ნოემბერში გადაიხდიდნენ 3000 აშშ დოლარს, ხოლო 2000 წლის იანვარში 1000 აშშ დოლარს, სულ 5000 აშშ დოლარს და აღნიშნულის შემდეგ მოხდებოდა ბინის გაფორმება; ზეპირი გარიგების დადების მეორე დღეს მოპასუხეებმა მას გადასცეს 1000 აშშ დოლარი, მიიღეს ბინის გასაღები და შესახლდნენ სადავო ბინაში, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდნენ და არც ბინას ათავისუფლებდნენ. ვინაიდან ხელშეკრულება თვითონ მოპასუხეებმა დაარღვიეს კასატორს მიჩნია, რომ ისინი “ბეს” დაბრუნების გარეშე უნდა გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, მართალია მათ მოსარჩელესთან მოილაპარაკეს ბინის ყიდვის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელემ ისინი მოატყუა, არ გაუმხილა ბინის ნაკლი, რის გამოც ისინი თანახმა არიან გამოსახლდნენ სადავო ბინიდან თუ მოსარჩელე დაუბრუნებს მათ მიერ გადახდილ 1000 აშშ დოლარს.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით რ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეები ქ. ქ-ძე და ტ. ჯ-ძე გამოსახლდნენ ბინიდან. ასევე, დაკმაყოფილდა მოპასუხეთა მოთხოვნა და მ-შვილს დაეკისრა მათ სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის იყო მოლაპარაკება სადავო ბინის ნასყიდობაზე, თანხის გადახდის ვადაზე, სანოტარო ფორმაზე მაგრამ ყოველივე ეს გამიზნული იყო სამომავლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ გადაცემული 1000 აშშ დოლარი არ იყო “ბე”, რადგან მხარეთა შორის არ მოხდა ხელშეკრულების დადება სადავო ბინის ნასყიდობაზე, სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად “ბე” არის ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. მ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. მ-შვილმა, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას მისთვის მოპასუხეთა სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რადგან “ბე”-ს ხელშეკრულების გაფორმება სანოტარო წესით არაა სავალდებულო “ბე”-ს მიცემით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი და იგი იცემა შესრულების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ რ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “ბე”-ს ხელშეკრულების გაფორმება სანოტარო წესით არ არის სავალდებულო და რომ ბინის ყიდვა-გაყიდვის დროს “ბე” წარმოადგენს სტადიას, რითაც დასტურდება მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობა.
პალატა თვლის, რომ “ბე” არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, ეს არის ფულადი თანხა, რომლითც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, “ბედ” მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარეთა შორის არ დადებულა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული ფორმით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით. აღნიშნული მუხლით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, რადგან მხარეთა შორის არ დადებულა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვერც გადახდილი თანხა ჩაითვლება “ბედ”, რადგან იგი ვერ იქნება ხელშეკრულების დადების ფაქტის დამადასტურებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა კასატორს მოპასუხისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
რ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.