Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

№ას-1580-1579-2011 3 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „მ-ი 93“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჰ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ი 93-ის“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და 39613 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

2005 წელს შპს „მ-ი 93-ის“ დირექტორ მავილე ბურჭულაძესა და შპს „იგის“ დირექტორ ი. გ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ.ბათუმში, გ-ის ქ.№56-ში სამსართულიანი შენობის აშენების თაობაზე, რომლის ღირებულება საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით განისაზღვრა 75000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ ჩატარებული სამუშოას ღირებულება არ გადაიხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია. სამუშაოთა შესრულების აქტზე საწარმოს ბუღალტერ გ. გ-ის ხელმოწერა ვალდებულების არსებობის აღიარებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მას სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39613 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება შპს „მ-ი 93-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაოს შესრულების აქტის შესაბამისად, რესტორან „მ-ის“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდებოდა დამკვეთ შპს „მ-ი 93-ის” მასალებით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ. გ-ის ჩვენებით, ასევე სააპელაციო სასამართლოში მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ჰ-ს” უნდა აეშენებინა სამსართულიანი შენობა, ეწარმოებინა გადახურვისა და თეთრი კარკასის დონეზე შელესვითი სამუშაოები. სამუშაოების გაგრძელება დაბრკოლდა შპს „მ-ი 93-ის” მხრიდან თანხის მოუძიებლობის გამო.

მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მშენებლობის გაგრძელებისათვის აუცილებელი იყო ახალი პროექტი, რომლის მოპოვება და შპს „ჰ-ისათვის” გადაცემა შპს „მ-ი 93-მა” ვერ შეძლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.

სასამართლომ სადავოდ არ ჩათვალა შპს „ჰ-ის” მიერ შპს „მ-ი 93-ის” კუთვნილი რესტორნის შავი კარკასის მშენებლობის ფაქტი, ამდენად, ზემოხსენებული კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, სწორედ მოპასუხეა (აპელანტი) ვალდებული, ამტკიცოს შესრულებული სამუშაოსათვის თანხის გადახდის ფაქტი.

საქმის მასალებში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება (თანხის გადახდის დოკუმენტი), რაც დაადასტურებდა სამსართულიანი შენობის შავი კარკასის მშენებლობაზე უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, ხოლო საქმეში განთავსებული წერილობითი დოკუმენტით – შპს „მ-ი 93-ის” ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი „სამუშაოს შესრულების აქტით” დგინდება საწინააღმდეგო. ამდენად,სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მათი მხრიდან ვალდებულება შესრულებულია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

პალატამ აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაკითხული შპს „მ-ი 93-ის” ბუღალტერ გ. გ-ის ჩვენება არაერთგვაროვანია, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მისი განმარტებით, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოს სრულად დასრულების შემდგომ, ხოლო სხვა შემთხვევაში, – ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოწმის სახით დაკითხულმა ემზარ გენჯაძემ განმარტა, რომ სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულ პირებს თანხას უხდიდა შპს „ჰ-ის” დირექტორი ი. გ-ე და რაიმე მოსაზრება შპს „მ-ი 93-ის” მიერ შპს „ჰ-ისათვის“ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე არ გამოუთქვამს

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 636-ე, 355-ე მუხლებით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მენარდე შპს „ჰ-ს” შემკვეთის მასალებით უნდა განეხორციელებინა რესტორან „მ-ის“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო, მათ შორის, გადახურვისა და თეთრი კარკასის დონეზე სარემონტო სამუშაოები, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო სამუშაოს დასრულების შემდგომ. შავი კარკასის მშენებლობის დასრულებისას სამუშაოს გაგრძელებისათვის აუცილებელი მასალებისა და გადახურვისათვის ახალი პროექტის მიწოდება მენარდემ ვერ შეძლო, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების შეფერხება. მშენებლობის შეფერხების გამო, შემკვეთ შპს „მ-ი 93-ს”, მენარდე შპს „ჰ-ისათვის“ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე რაიმე სახის შეტყობინება არ გაუგზავნია, ხოლო შპს „ჰ-მა“ მხოლოდ 2008 წლის 29 მაისს მოსთხოვა შემკვეთს შესრულებული სამუშაოს (რესტორან მ-ის სამსართულიანი შენობის შავი კარკასი) მიღება და თანხის ანაზღაურება, ასევე აცნობა მოქმედი კანონმდებლობით დავის თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გრძელდებოდა 2008 წლის 29 მაისამდე.

სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება, ანაზღაურების გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოს დასრულების შემდგომ, სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდეს წარმოეშვა მას შემდგომ, რაც მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და შემკვეთს მოსთხოვა სამუშაოს შესრულების მიღება, ანუ 2008 წლის 29 მაისიდან. სარჩელი წარდგენილი იქნა 2011 წლის 18 თებერვალს და ამ დროისათვის გასული არ ყოფილა ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ვადა, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.

პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება, თუმცა ამ მოქმედებას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „მ-ი 93-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, როდესაც ჩათვალა, რომ შპს „ჰ-მა“ სადავო მოთხოვნის უფლების შესახებ შეიტყო 2008 წელს. სარჩელითა და წერილებით გარკვევით დგინდება, რომ მენარდისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შპს ,,მ-ი 93-ის” მიმართ მოთხოვნის არსებობის თაობაზე. მოსარჩელე თანხის გადახდას ითხოვს 2005 წლის დეკემბერში შედგენილი აქტის საფუძველზე, რაზეც სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს.

სააპელაციო პალატამ არასწორედ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი, რადგან მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას მშენებლობა არ დაუსრულებია და შპს ,,მ-ი 93-ს” ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, არამედ თვითონ მოსარჩელემ მიატოვა სამშენებლო პროცესი, რადგან შემკვეთმა თანხა არ გადაუხადა.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი, ვინაიდან შპს „ჰ-მა“ მიუთითა მხარეთა შეთანხმება, რომ ანაზღაურება მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით. მოსარჩელის განმარტებით, მას სამუშაოთა ღირებულების, 75 000 აშშ დოლარის, უდიდესი ნაწილი მიღებული ჰქონდა, მათ შორის, წინასწარ ავანსის სახით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მიღებით.

მოსარჩელის ქმედებით დასტურდება, რომ შპს ,,მ-ი 93” არ აპირებდა არანაირი თანხის გადახდას, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გახდა ეს მისთვის ცნობილი მხოლოდ 2008 წლის მაის-ივნისში მაშინ, როდესაც იმავე წერილებში წერს, რომ ადრეც ჰქონია ამ თემაზე საუბარი მოპასუხესთან.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 134-ე მუხლები. სასამართლომ შეცდომით დაადგინა, რომ სადავო სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოთა დასრულების შემდგომ, ხოლო მშემებლობის გაგრძელებისათვის აუცილებელი იყო ახალი პროექტის წარდგენა და მოპასუხის თანხმობა.

სასამართლომ არასაწორად შეაფასა საზოგადოების ბუღალტრის უფლებამოსილება, როდესაც ჩათვალა, რომ მას შეუძლია, ხელი მოაწეროს და დაადასტუროს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „მ-ი 93-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ჰ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სასამართლო წესით დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები, რისთვისაც საჭიროა სხვა პირისათვის რაიმე მოქმედების შესრულების ან ასეთისაგან თავის შეკავების დავალდებულება, შეზღუდულია დროში და ძალას კარგავს კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის შპს „ჰ-ის“ სასარჩელო მოთხოვის ხანდაზმულობის საკითხს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოში მოთხოვნა წარადგინა ამ ვადის დარღვევით.

სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

შპს „ჰ-სა“ და შპს „მ-ი 93-ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ჰ-მა“ ვალდებულება იკისრა, დამკვეთის – შპს „მ-ი 93-ისათვის“ აეშენებინა სამსართულიანი ნაგებობის ე.წ. „თეთრი კარკასი“.

შპს „ჰ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ძირითად საფუძვლად მითითებული 2005 წლის დეკემბერში შედგენილი სამუშაოს შესრულების აქტზე დაყრდნობით.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოს სრულად შესრულების შემდეგ, თუმცა დამკვეთის მხრიდან მშენებლობის გაგრძელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შეუსრულებლობის გამო (ახალი პროექტის წარდგენა, თანხის გადახდა), შპს „ჰ-ს“ მშენებლობა არ დაუსრულებია.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გრძელდებოდა და, შესაბამისად, შპს „ჰ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის 29 მაისიდან, როდესაც შპს „ჰ-მა“ წერილით მიმართა შპს „მ-ი 93-ს“ და მოსთხოვა 2005 წლის დეკემბრის აქტით ჩატარებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობამდე შესრულებული სამუშაოს მიღება და სამომავლოდ მშენებლობასთან დაკავშირებით დამკვეთის პოზიციის შეტყობინება. ხსენებული მიმართვის შინაარსიდან ირკვევა, რომ შპს „ჰ-მა“ მანამდეც უშედეგოდ მოსთხოვა დამკვეთს სამუშაოს საფასურის გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ხსენებული ნორმა ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის წესს და მიიჩნევს, რომ ვადის დენა იწყება მაშინ, როდესაც პირმა შეიტყო ან შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე ობიექტურად უნდა შეეტყო მისი კანონიერი ინტერესების დარღვევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ხანდაზმულობის ვადის 2008 წლის 29 მაისიდან ათვლის შესახებ.

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტებისა და თავად სასარჩელო განცხადების ანალიზი ცხადყოფს, რომ შპს „ჰ-სა“ და შპს „მ-ი 93-ს“ შორის არსებული ნარდობის ხელშკერულება დაირღვა 2005 წლის ბოლოს, რაც თავისთავად გულისმხობს, რომ შპს „ჰ-ს“ წარმოეშვა ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ მოთხოვნის უფლება.

2005 წელს შპს „ჰ-ისათვის“ ცნობილი იყო სადავო მშენებლობის შეჩერებისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებლობის თაობაზე. მართალია, მოსარჩელის განმარტებით, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა 2006 წელსაც, მაგრამ აღნიშნული სამუშაოები არ იყო ისეთი მაშტაბური, რომ მხარეს მშენებლობის გაგრძელებად მიეჩნია. ამასვე ადასტურებს შპს „ჰ-ის“ მიერ წარდგენილი წერილები. პალატა თვლის, რომ მხარემ უკიდურეს შემთხვევაში 2006 წელს შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, რა დროსაც კონტრაჰენტი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და არ ქმნიდა სამუშაოს შესრულებისათვის წინასწარ შეთანხმებულ პირობებს.

ამდენად, შპს „ჰ-ის“ სადავო უფლება ზემოხსენებული პერიოდიდან დარღვეულად ითვლება და, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო ამ მომენტიდან მოეთხოვა საკუთარი ინტერესების დაცვა – თანხის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრისას პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს „ჰ-ს“ მხარეთა შეთანხმებული სამუშაოები სრულად არ უწარმოებია და მშენებლობა არ დაუსრულებია.

ამდენად, სავსებით დასაბუთებულია საკასაციო პრეტენზია, რომ შპს „ჰ-ის“ სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა საზღაურის მიღების უფლების წარმოშობიდან ანუ უკიდურეს შემთხვევაში 2006 წლიდან.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის წესს როგორც პერიოდულად შესასრულებელი (129-ე მუხლის მეორე ნაწილი), ისე ზოგადად სახელშეკრულებო მოთხოვნებზე (129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება), რაც ორივე შემთხვევაში 3 წელს შეადგენს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „ჰ-მა“ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2011 წლის 18 თებერვალს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სარჩელი წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში დავა გადაწყდა შპს „მ-ი 93-ის“ სასარგებლოდ, რის გამოც შპს „ჰ-ს“ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის – სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 1584,52 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1980,65 ლარის, სულ – 3565,17 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს „მ-ი 93-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

შპს „ჰ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

შპს „ჰ-ს“ დაეკისროს შპს „მ-ი 93-ის“ მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის – 3565,17 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.