Facebook Twitter

№ას-1830-1803-2011 07 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. ს. ცენტრი – 2010“

მესამე პირი – აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ს-მა მოპასუხე სს „მ. ს. ცენტრი – 2010-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ზიანის ასანაზღაურებლად 24629 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 50000 ლარის გადახდა.

სარჩელის თანახმად, მოპასუხემ დააზიანა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა. პოლიციის მიერ შენობიდან მოპასუხის იძულების წესით გამოსახლებისას მოპასუხემ დაიტაცა, განზრახ დააზიანა და გაანადგურა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილები. მოპასუხე მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ, თვითნებურად, არამართლზომიერად სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ქონებით (შენობის ფართით), რის გამოც მოსარჩელეს ხელი შეეშალა თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობაში (იჯარით გაცემა) (ტომი I, ს.ფ. 2-15, ტომი II, ს.ფ. 100-112, 87-99).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეზე) (ტომი I, ს.ფ. 246-255).

ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „მ. ს. ცენტრ – 2010-ს“ მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24629 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავლის სახით 50000 ლარის დაკისრების შესახებ (ტომი II, ს.ფ. 125-134).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა, ასევე, სს „მ. ს. ცენტრმა “.

მ. ს-მა გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 50000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ( ტომი II, ს.ფ. 141-150).

სს „მ. ს. ცენტრის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ე.ი. იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24629 ლარის გადახდა (ტომი III, ს.ფ. 12-23).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს „მ. ს. ცენტრის – 2010-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების და საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ს-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ამავე გადაწყვეტილებით მ. ს-ს სს „მ. ს. ცენტრი – 2010-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2000 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ბათუმში, გ-ის ქუჩის №30-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (1799.4 კვ.მ) და მასზე მიმაგრებული 1362 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული საჯარო აუქციონის შედეგების საფუძველზე 2009 წლის 24 ნოემბერს შეიძინა მ. ს-მა (საკუთრების მოწმობა №1112პ, დამოწმების თარიღი 28/12/2009წ.), ხოლო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული ქონება რეგისტრირებულია მ. ს-ის სახელზე;

აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 15 დეკემბრის №183 ბრძანების საფუძველზე სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს-ს 100% წილი. სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-სა“ და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2009 წლის 22 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-ს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქ.ბათუმში, …. ქ.№2-ში მდებარე შენობა;

ზემოთ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,მ. ს. ცენტრი – 2010“ წარმოადგენდა შპს „მ. ს. ცენტრის“ 100% წილის მქონე პარტნიორს;

მხარეებმა დაადასტურეს და სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქ.ბათუმში, გ-ის ქ.№30-ში მდებარე შენობაში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა შპს „მ. ს. ცენტრი“ და იძულების წესით სწორედ შპს „მ. ს. ცენტრი“ იქნა გამოსახლებული ხსენებული ფართიდან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენდა დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დელიქტური ვალდებულებების წარმოშობის ერთ-ერთი პირობა არის ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა დგება უშუალოდ ზიანის მიმყენებლის მიმართ. იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი კრედიტორების წინაშე ვალდებულებებისათვის პასუხს არ აგებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ს-ის სარჩელის სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა შპს „მ. ს. ცენტრი“ და არა ამ შპს-ს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ. ს-მა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის – სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-ის“ სათანადო მოპასუხით – შპს „მ. ს. ცენტრით“ შეცვლაზე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა (ტომი III, ს.ფ. 176-188).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი მოსაზრებებით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა გამოტანილი. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება თავად სასამართლოს მიერ დაშვებულ („გაპარულ“) შეცდომას, რამაც საპროცესო ნორმების დარღვევა გამოიწვია. 2011 წლის 13 სექტემბრის სხდომის ბოლოს (რეპლიკის ეტაპზე), სასამართლომ აღმოაჩინა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა არა მოპასუხე სააქციო საზოგადოებას, არამედ მსგავსი დასახელების მქონე შპს-ს. სააპელაციო სასამართლოს ცდომილება განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხე მხარის, რომელსაც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება, სახელწოდებაა – ,,მ. ს. ცენტრი – 2010“, ხოლო სააპელაციო საჩივრის შემტანი პირია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ. ს. ცენტრი“. ამდენად, შპს „მ. ს. ცენტრი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხარე არ ყოფილა და შესაბამისად მას არც სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ ჰქონდა;

კასატორის განმარტებით, ადგილზე გამართული მცირე თათბირის შემდეგ სასამართლომ მოსარჩელეს ჰკითხა, იყო თუ არა იგი თანახმა მოპასუხე სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებით შეცვლაზე. აღნიშნულზე მოსარჩელემ უპასუხა, რომ საქალაქო სასამართლოში მხარედ გამოდიოდა სააქციო საზოგადოება. ამდენად, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ მოსარჩელე დათანხმებოდა სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებით შეცვლაზე. ამის შემდეგ სასამართლომ შპს-ს მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, ვინაიდან საჩივარს თან არ ერთვოდა მხარის – სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-ის“ მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააქციო საზოგადოებას 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის – შპს „მ. ს. ცენტრის“ სახელზე უნდა გაეცა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (მინდობილობა). მითითებული ხარვეზი არ გამოსწორებულა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა კვლავ გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილი პირის – შპს „მ. ს. ცენტრის“ მიერ გაცემული მინდობილობები. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მაინც განიხილა სს ,,მ. ს. ცენტრ – 2010-ის“ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა იგი;

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სს ,,მ. ს. ცენტრი – 2010“ სათანადო მხარეს არ წარმოადგენდა, ამასთან, მოსარჩელემ უარი თქვა აღნიშნული საზოგადოების შპს „მ. ს. ცენტრით“ შეცვლაზე. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება ამავე სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე გამოტანილ 13 ოქტომბრის განჩინებას ხარვეზის დადგენის შესახებ, რომელშიც სააპელაციო სასამართლომ საწინააღმდეგო აზრი ჩამოაყალიბა. დასახელებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააქციო საზოგადოების შესაბამისი მინდობილობის გარეშე, რაც წარმოადგენს ხარვეზს (ტომი III, ს.ფ. 199-211).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2750 ლარი) 70% – 1925 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2750 ლარი) 70% – 1925 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.