Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-222-214-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ვ-ს ლტდ“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ა, ვ. ფ-ე, ვ. ძ-ი, ე. კ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შპს-ს საწესდებო კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ას, ვ. ფ-ის, ვ. ძ-ისა და ე. კ-ის მიმართ 2010 წლის 1 ივლისს შპს „ემ-ჯი-ეს ინვესტში“ წილის 50%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისი განჩინებით ა. გ-ი ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და მის ნაცვლად მოსარჩელედ საქმეში ჩაება შპს „ს. ვ-ს ლტდ“.

მ. ს-ამ, ვ. ფ-ემ, ვ. ძ-მა და ე. კ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ მიმართ 2008 წლის 5 აგვისტოს შპს „ემ-ჯი-ეს ინვესტში“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ სარჩელს ეთქვა უარი, ხოლო მ. ს-ას, ვ. ფ-ის, ვ. ძ-ისა და ე. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 5 აგვისტოს შპს „ემ-ჯი-ეს ინვესტში“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. ვ-ს ლტდ-მ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს პარტნიორებს – ე. კ-ეს, ვ. ძ-ს, ვ. ფ-ეს, მ. ს-ას და შპს ,,ს. ვ-ს ლტდ-ს“ შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე პარტნიორებმა, თითოეულმა თავისი წილის საწესდებო კაპიტალის 12,5% მიჰყიდა შპს-ს 150 ლარად, რომლის შემდეგაც პარტნიორს უნდა გადასცემოდა გაყიდული წილები და იგი უნდა დარეგისტრირებულიყო პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრში, რაც უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა.

2010 წლის 1 ივლისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვ. ფ-ემ, მ. ს-ამ, ვ. ძ-მა თავიანთი წილები მიჰყიდეს ე. კ-ეს.

ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ 2007 წლის 11 მაისს რეგისტრირებულია შპს „ემ-ჯი-ეს ინვესტი“, რომლის 50-50% წილის მესაკუთრედ მითითებული არიან ე. კ-ე და ა. გ-ი.

2007 წლის 23 ივლისის წესდების ახალი რედაქციით შპს ,,ემ-ჯი-ეს ინვესტი“ 2007 წლის 30 ივლისს რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ. დამფუძნებელ პარტნიორებად მითითებული არიან ე. კ-ე, ვ. ფ-ე, ვ. ძ-ი, მ. ს-ა და ა. გ-ი.

წესდების 7.3 მუხლის თანახმად, თითოეულ პარტნიორს შეუძლია წილის (წილის ნაწილის) გასხვისება. 7.3.1 პუნქტის მიხედვით, მეორე პარტნიორს აქვს ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

მოწმეების – დ. ჯ-ის, კ. ჯ-ის, ს. ჭ-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 5 აგვისტოს და შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ გადაეცა პარტნიორთა წილები 150 ლარად, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად, რადგან იგი მიზნად არ ისახავდა იმ იურიდიული შედეგის დადგომას, რაც მოცემულია ხელშეკრულებაში, პარტნიორებს განზრახული ჰქონდათ თავიანთი კუთვნილი წილები გაესხვისებინათ სასყიდლიანი წესით, თითოეულს უნდა მიეღო 162 500 აშშ დოლარი.

მოსარჩელის და მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებით დასტურდება, რომ ერთ-ერთი პარტნიორი მოლაპარაკებებს აწარმოებდა შპს „ც-2008-თან“, რომელსაც სურდა აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის შეძენა. გასხვისების სანაცვლოდ თითოეული პარტნიორი მიიღებდა 162 500 აშშ დოლარს და არა 150 ლარს, როგორც ეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში არის მითითებული. აღნიშნულის გამო, ჯერ კიდევ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე – 2008 წლის 17 ივლისს პარტნიორებმა ალბერტ ჰოვაკიმიანს მისცეს უფლებამოსილება მოლაპარაკების წარმოებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი მ. ს-ას, ვ. ფ-ის, ვ. ძ-ის, ე. კ-ის მიერ, ალბერტ ჰოვაკიმიანზე 2008 წლის 17 ივლისს გაცემული მინდობილობის შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ პარტნიორების (შეგებებული სარჩელის ავტორების) მ. ს-ას, ვ. ფ-ის, ვ. ძ-ის, ე. კ-ის ნება, კომპანიაში მათი კუთვნილი წილების გასხვისების თაობაზე, განპირობებული იყო კონკრეტული თანხის, კერძოდ, თითოეულის მიერ 162 500 აშშ დოლარის მიღებით და არა 150 ლარის საფასურად წილის გასხვისებით, როგორც აღნიშნულია 2008 წლის 5 აგვისტოს სადავო გარიგებაში.

დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 162 500 აშშ დოლარი (სულ 650 000 აშშ დოლარი) პარტნიორებს მათი წილის სანაცვლოდ არ გადასცემიათ. ამრიგად, დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს ,,ს. ვ-ს ლტდ–ს“ მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან მიღწეული შეთანხმებით დადგენილი პირობებით წილის შესყიდვა არ განხორციელებულა.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 56-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგანაც ამ დროს გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები. დაფარული გარიგება უმრავლეს შემთხვევაში ბათილია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებმა დადეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც თითოეული პარტნიორის წილი განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ თითოეულ პარტნიორს ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ უნდა მიეღო 162500 აშშ დოლარი. გარიგების ბათილობისას დგება შედეგი, პირველი რიგში, რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება – ნამდვილი თუ ბათილი, თვალთმაქცური გარიგება მაინც ბათილად ჩაითვლება და თუ დაფარული გარიგება ნამდვილი აღმოჩნდება, იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას სამართლებრივ მიზანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

პარტნიორებს ერთმანეთთან დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით სურდათ სხვა გარიგების დაფარვა, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავდნენ, კერძოდ, პარტნიორებმა წილები გაყიდეს უფრო ნაკლებ ფასად, რის გამოც უფრო მეტი თანხა უნდა მიეღოთ. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვალთმაქცურ გარიგებასთან.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო წესრიგის ცნებაში მოიაზრება მეწარმეობის თავისუფლებაც და საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება მეწარმე-პარტნიორების უფლებები. სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია გარიგებაში მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ, 2008 წლის 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს-ს წილები მიეყიდა, თვალთმაქცურად დადებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ იგი არღვევს საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საზოგადოებაში წილის შეძენა იმავდროულად ნიშნავს საზოგადოების პარტნიორად გახდომას. ყოველი ახალი პარტნიორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში აუცილებელია. წესდების 7.4. მუხლი აწესებს, რომ წილის მესამე პირებზე ნებისმიერი გასხვისებისათვის აუცილებელია საზოგადოების ნებართვა. მართალია, იმ დროს მოქმედი კანონის თანახმად, შპს „ს. ვ-ს ლტდ“ შპს ,,ემ-ჯი-ეს ინვესტის“ პარტნიორი გახდა, მაგრამ ეს განხორციელდა თვალთმაქცური გარიგების დადების სანაცვლოდ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50–ე, 54–ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს. ვ-ს ლტდ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლები და სათანდოდ ვერ დაასაბუთა, რატომ არღვევს სადავო გარიგება საჯარო წესრიგს. დაუსაბუთებელია პალატისმსჯელობა, რომ სადავო გარიგებით შეიზღუდა მეწარმეობის თავისუფლება, რადგან აღნიშნული საქმეში არსებული მასალებითა და ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, შესაბამისად, უსაფუძვლოა ამ ნორმებზე დაყრდნობით 2008 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებიის საფუძველზე სადავო გარიგება არასწორად მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად. საქმეში არსებული მასალები და მოწმეთა განმარტებები არ არის საკამარისი და სარწმუნო ამისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა შეფასებები, რომლებზედაც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.

იმისათვის, რომ გარიგება ბათილად იქნეს მიჩნეული არ არის საკმარისი, შეგებებული სარჩელის ავტორებს სურდათ თავიანთი წილის 162 500 აშშ დოლარად გაყიდვა და სასამართლოს ეს ფაქტი არ უნდა მიეჩნია გარიგების ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად.

არასწორია დასკვანა, რომ შპს „ც 2008-ის“ სახელზე გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორებს სურდათ თავიანთი წილი გაეყიდათ 162 500 აშშ დოლარად. აღნიშნულ მინდობილებას არანაირი კავშირი არა აქვს სადავო გარიგებასთან და ასეც რომ არ იყოს, მითითებული მინდობილობა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირთან დადებულ ხელშეკრულებაზე. ეს გარემოება არ ადასტურებს, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია.

სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც ასახავენ მხარეთა შორის წინასწარ ზეპირ მოლაპარაკებებს და სამომავლო განზრახვებს, რომლებიც შესაძლებელია მოხდეს, თუმცა ასეთი გარიგება შესაბამისი ფორმით არ დადებულა და დაფარული გარიგების რაიმე ნიშნები არ არსებობს. მხარეებს შეუძლიათ სამომავლოდ დადონ ნებისმიერი შინაარსის გარიგება და ეს მომავალი ხელშეკრულების საგანია, თუმცა იმის მტკიცება, რომ ზემოაღნიშნული განზრახვებისა და სურვილების არსებობა სადავო გარიგების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის საფუძველია, არ არის სამართლებრივად მართებული.

უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორები გარიგების დადებისას მოატყუეს.

სადავო გარიგება არ არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, კერძოდ, სადავო გარიგების საფუძველზე წილის მესაკუთრე გახდა შპს „ს. ვ-ს ლტდ“, ამდენად, გარიგებას მოყვა იურიდიული შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ქ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს „ს. ვ-ს ლტდ-ს“ (საინდენტიფიკაციო კოდი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 7 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით ნ. ქ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.