Facebook Twitter

№ას-286-275-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ. ტ-ი“, სს „ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ. ტ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) სს „გ. ტ-ს“ (ყოფილი ს. გ. ს-ო კომპანია) შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 363 827,46 ლარის (ძირითადი თანხა) და 58 147,55 ლარის (პირგასამტეხლო) გადახდა; ბ) აღიარებულ იქნეს ფაქტი, რომლის თანახმადაც, შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, ტარიფის გაზრდის დღიდან, ყოველწლიურად შეადგენს 779 980 ლარს დღგ-ს გარეშე.

სს „ს-მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) შპს „ს. რ-ას“ სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 206 703,68 ლარის გადახდა; ბ) შპს „ს. რ-ას“ სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 17 810 ლარის გადახდა.

მოპასუხე სს „გ. ტ-მა“ სარჩელი არ ცნო.

შპს „ს. რ-ამ“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ს-ის” შეგებებული სარჩელი;, შპს ,,ს. რ-ას” სს ,,ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 192 391,78 ლარისა და პირგასამტეხლოს 17 810 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება სს ,,ს-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს ,,ს-ის” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. რ-ას“ სს ,,ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 161 141.64 ლარი და პირგასამტეხლო 15 000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ს. რ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 11 ივლისს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ს. რ-ა” კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა სს ,,ს. გ. ს-ო კომპანიის” საკუთრებაში არსებული ოპტიკური წყვილების მოვლა, ცალკეული დაზიანებების აღმოფხვრა, ოპტიკური წყვილების საკაბელო არხით მომსახურება, წყვილების გამართული მუშაობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულება გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ მის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე არცერთი მხარე წერილობით არ გამოთქვამს სურვილს მისი შეწყვეტის შესახებ. ამასთან, რ-ა უფლებამოსილია ყოველწლიურად გადახედოს მომსახურების საფასურს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, რ-ის მიერ გაწეული მომსახურებისათვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს წელიწადში 314 171 ლარს დღგ-ს გარეშე (ტ.1. ს.ფ 16-20); ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით. ცვლილება ფორმდება ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

2008 წლის 11 ივლისს, ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მიმართა აუდიტორულ ფირმას და მოთხოვნის შესაბამისად, შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია „ი-მა“ გასცა დასკვნა (15.05.2009წელი), რომლის მიხედვით, შპს „ს. რ-ის“ მიერ სს „ს. გ. ს-ო კომპანიისათვის“ ს. ტერიტორიაზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის ერთი წლის მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე განისაზღვრა 779 980 ლარით (ტ.1. ს.ფ. 27-31). აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, 2009 წლის 03 ივნისს, შპს „ს. რ-ამ“ სს „გ. ტ-ს“ აცნობა, რომ 2009 წლის 11 ივნისიდან ახალი წლიური ტარიფი განისაზღვრებოდა კაბელის წყვილების მომსახურებისათვის 779 980 ლარის ოდენობით; აღნიშნულს არ დაეთანხმა სს „გ. ტ-ი“ (ტ. 1. ს.ფ 24, 50-51);

2006 წლის 01 აპრილს შპს „ს. რ-ას“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის დაიდო ხელშეკრულება შს/06-165/462 აპარატურული კარადების განთავსების _ ე.წ. თანალოკაციის ფართით სარგებლობის შესახებ. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით 2007 წლის 1 აპრილამდე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. პუნქტის თანახმად, ,,გ. ტ-ი” ვალდებულია ,,მოსარგებლეს” (შპს ,,ს. რ-ას”) მოწყობილობის განსათავსებლად გამოუყოს სათანადო ადგილი; უზრუნველყოს ,,მოსარგებლის” თანამშრომელთა დაშვება სატელეფონო სადგურის შენობაში. ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად, მომსახურების ტარიფი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: თითოეული აპარატურული კარადის განთავსება, რომლის ზომები არ აღემატება 1მX1მX1მ _ თვეში 200 ლარით დღგ-ს გარეშე; იმ შემთხვევაში, თუ კარადის სიმაღლე აღემატება 1 მეტრს გადასახადის ოდენობა გაიზრდებოდა 100 ლარით (ტ. 1. სფ 124-136); სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 1 აპრილის შემდგომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გაგრძელებულა, ვინაიდან არ დგინდებაოდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ შპს ,,ს. რ-ის” მიერ აპარატურული კარადების განთავსების მიზნით გამოყოფილი ფართით სარგებლობა.

ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წლის 1 აპრილამდე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლა თავისთავად იწვევდა მის შეწყვეტას. თუ ურთიერთობა განსაზღვრული ვადით იყო დადგენილი, ვადის ამოწურვა გულისხმობს, ხომ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს აღარ სურთ სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება. შესაბამისად, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წყდება. სასმართლომ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების მიხედვით, მომსახურების მიღების დასადასტურებლად მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 პუნქტის შესაბამისად. სს ,,ს-ის” მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების ორმხრივად დადასტურებული აქტები ასახავდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, 2007 წლის 1 აპრილამდე მომსახურების გაწევის ფაქტს (ტ.1, ს.ფ. 174-184). საქმის მასალებით არ დგინდებოდა, შპს ,,ს. რ-ის” ნება ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე. სს ,,ს-ის” მიერ წარმოდგენილი ცალმხრივი აქტები (საოქმო გადაწყვეტილებები) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები პალატის აზრით, სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა (ტ.1. ს.ფ. 207-298). საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით არ დასტურდებოდა 2007 წლის 1 აპრილის შემდგომ მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულების გადახდა (ტ.2. ს.ფ. 361-373).

სს ,,ს-ის“ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 01 აპრილს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის შს/06-165/462 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ს. რ-ის” დავალიანება 2007 წლის 1 აპრილამდე შეადგენდა 2154.26 ლარს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან შპს ,,ს. რ-ის” მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი (23.12.11წ. სს ,,ს-ის” დაზუსტებული მოთხოვნა. დანართი ცხრილის სახით). საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით კი, არ დგინდებოდა შპს ,,ს. რ-ის” მიერ მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების (მომსახურების ღირებულების) შესრულება (ტ.2. ს.ფ. 361-373).

2006 წლის 01 აპრილს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება შს/06-164/461 ქ. სამტრედიაში მიმწოდებლის (სს ,,ს. გ. ს-ო კომპანია”) კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში კავშირგაბმულობის კაბელების შეთანხმებული ვადით განთავსების მომსახურების შესახებ. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით 2007 წლის 1 აპრილამდე; ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ს. რ-ას” სს ,,ს. გ. ს-ო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციაში უნდა განეთავსებინა კავშირგაბმულობის კაბელები ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრულ მიმართულებებზე და სს ,,ს. გ. ს-ო კომპანიის” მიმართ განეხორციელებინა ანგარიშსწორება №2 დანართში მითითებული ტარიფით. ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, კაბელები უნდა განთავსებულიყო ორი მიმართულებით: ა) რ-ის სადგური ქუთაისი 1-დან _ რ-ის სადგური ქუთაისი 2-მდე და ბ) სამტრედია-ბაძგნარი (ტ. 1. სფ 137-150).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მხარეთა შორის გაგრძელდა სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლომ მიუთითა შემდეგ დადგენილ გარემოებებზე: ხელშეკრულება შს/06-164/461 დაიდო ერთი წლის ვადით, 2007 წლის 1 აპრილამდე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.2.7. პუნქტის თანახმად, ,,მოსარგებლე” (შპს ,,ს. რ-ა”) ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტისას ,,გ. ტ-ს” დაუბრუნოს ხელშეკრულების საგანი იმავე მდგომარეობაში, როგორც მისგან მიიღო, კერძოდ: საკუთარი ხარჯით ამოიღოს ჩადებული კაბელები ხელშეკრულების მოშლის ან/და შეწყვეტის შემთხვევაში არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, მითითებული გარემოებების დადგომიდან; კაბელების ამოღების პროცესი წარმართოს ,,გ. ტ-ის” უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით და შეადგინოს შესაბამისი აქტი. დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, კაბელები განთავსდა ორი მიმართულებით: ა) რ-ის სადგური ქუთაისი 1-დან _ რ-ის სადგური ქუთაისი 2-მდე და ბ) სამტრედია-ბაძგნარი. საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 27 მარტის მიღება_ჩაბარების აქტის მიხედვით, 2006 წლის 27 სექტემბერს სამტრედია-ბაძგნარის მონაკვეთზე ამოღებულ იქნა რ-ის სამსახურის კაბელი სამტრედიის სატელეფონო განყოფილების საკაბელო კანალიზაციიდან, რითაც შს/06-164 01.04.06 ხელშეკრულების შესაბამისად შეწყდა არენდა სამტრედია-ბაძგნარის მონაკვეთზე. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ სამტრედია_ბაძგნარის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება რ-ის სადგური ქუთაისი 1-დან _ რ-ის სადგური ქუთაისი 2-მდე მიმართულებას, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შპს ,,ს. რ-ის” მიერ ამოღებულ იქნა კაბელი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მხარებმა განსაზღვრეს მტკიცების სტანდარტი, ხელშეკრულების შეწყვეტის დადასტურებისათვის მიღება_ჩაბარების აქტის სავალდებულო გაფორმებით, რაც არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ს. რ-ა” ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც განაგრძობდა სს ,,ს. გ. ს-ო კომპანიის” კუთვნილი სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობას.

სს ,,ს-ის“ განმარტება, რომ 2006 წლის 01 აპრილს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის შს/06-164/461 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ს. რ-ის” დავალიანება 2009 წლის 01 დეკემბრამდე შეადგენს 134,873.45 ლარს, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ვინაიდან შპს ,,ს. რ-ის” მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი (23.12.11 წ. სს ,,ს-ის” დაზუსტებული მოთხოვნა. დანართი ცხრილის სახით). საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით კი, არ დგინდებოდა შპს ,,ს. რ-ის” მიერ მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო პერიოდში არსებული ვალდებულების (მომსახურების ღირებულების) სრულად შესრულება (ტ.2. ს.ფ. 368).

2007 წლის 08 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება №შს/07-037 მოსკოვის საერთაშორისო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების შესახებ, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა ყოველთვიურად 680,08 ლარი დღგ-ს გარეშე (ტ. 1. სფ 170-173); ხელშეკრულების მე-10 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კერძოდ, 10.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე. ამდენად, ხელშეკრულება გაფორმებულია განსაზღვრული ვადის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების 15.3. პუნქტის შესაბამისად, ორივე მხარე იტოვებს უფლებას გაწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ის 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა ნება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

სს ,,ს-ის“ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2007 წლის 8 თებერვალს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის №შს/07-037 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ს. რ-ის” დავალიანება 2009 წლის 01 დეკემბრამდე შეადგენდა 24 113.93 ლარს, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ვინაიდან შპს ,,ს. რ-ის” მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი (23.12.11წ. სს ,,ს-ის” დაზუსტებული მოთხოვნა. დანართი ცხრილის სახით). საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით კი, არ დგინდება შპს ,,ს. რ-ის” მიერ სადავო პერიოდში მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების (მომსახურების ღირებულების) სრულად შესრულება (ტ.2. ს.ფ. 370-373).

2006 წლის 01 აპრილს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება №შს/06-162/459 ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ათ სატელეფონო ნომერთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,ს. გ. სატეალეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებული იყო გაეწია მომსახურება შპს ,,ს. რ-ისათვის” ტელეფონის ნომრებით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით 2007 წლის 1 აპრილამდე. გაწეული მომსახურებისათვის ტარიფი დადგინდა ხელშეკრულების №1 დართის შესაბამისად _ სააბონენტო 8 ლარი თვეში, სახაზო-საკაბელო წყვილით მომსახურება _ თვეში 16,51 ლარი დღგ-ს გარეშე.

სს ,,ს-ის“ განმარტებით, 2006 წლის 01 აპრილს შპს „ს. რ-ასა“ და სს „ს. გ. ს-ო კომპანიას“ შორის №შს/06-162/459 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ს. რ-ას” დავალიანება არ ერიცხება (23.12.11წ. სს ,,ს-ის” დაზუსტებული მოთხოვნა. დანართი ცხრილის სახით).

2010 წლის თოთხმეტ აპრილს სს „გ. ტ-სა“ და შპს „ს-ს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, კერძოდ მოთხოვნის დამთმობმა _ სს „გ.მა ტ-მა“ მოთხოვნის შემძენს _ შპს „ს-ს“ გადასცა საკუთრებაში ის უფლებები და მოთხოვნები, რაც სს „გ. ტ-ს“ გააჩნდა მესამე პირების მიმართ 2010 წლის 15 მარტის მდგომარეობით. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ მოიცვა ასევე სს „გ. ტ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს. რ-ის მიმართ“.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ განმარტება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მას უფლება ჰქონდა აუდიტორის დასკვნის საფუძველზე, ცალმხრივად შეეცვალა (გაეზარდა) ხელშეკრულების საფასური. ხელშეკრულების 2.1. პუნქტისა და 8.3. პუქტის ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ნების თანხვედრის შემთხვევაში, ხელშეკრულების ფასის ცვლილება განხორციელდებოდა აუდიტორის დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს. რ-ამ” სს ,,გ. ტ-ს” აცნობა გაზრდილი ტარიფის შესახებ, რომელსაც არ დაეთანხმა მოპასუხე იმ მოტივით, რომ მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელი იყო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ამასთან გამოთქვა მზადყოფნა ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ახალი ტარიფით. სს ,,გ. ტეკლეკომი” დაეთანხმა კონკრეტულ მომსახურებაზე აუდიტორის მიერ გამოყენებულ საფუძველს, მაგრამ ხელშეკრულების საერთო ღირებულების განსაზღვრისათვის საჭიროდ მიიჩნია ორივე კომპანიის წარმომადგენლის ერთობლივი მონაწილეობით ხელშეკრულებით განსაზღვრული კაბელების დიამეტრების დაზუსტება. შპს ,,ს. რ-ის” 2009 წლის 03 ივნისის წერილით გაკეთებული ოფერტი შეცვლილი ტარიფით სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არ იყო აქცეპტირებული მოპასუხის მიერ (11.06.2009 წლის წერილი).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი სს ,,ს-ის” შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, სს ,,ს-ის” სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისრებოდა შს/06-165/462 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2154.26 ლარი, შს/06-164/461 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 134,873.45 ლარი და შს/07-037 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24 113.93 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია, რომ შესასრულებელი ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 15 000 ლარამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო სს „ს-ის“ შჱგებებული სარჩელის დაკმაყფოილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწიობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სს „გ. ტ-ისათვის“ გაწეული მომსახურების გაზრდილი საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და იურიდიულად არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის ბრძანებით შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-ად“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №85 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 13 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.