Facebook Twitter

№ას-289-278-2012 7 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. უ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. უ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ი-ის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: შ.ი-ი არის მოსარჩელის შვილი, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში. მოსარჩელე პენსიონერია და გარდა პენსიისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია. ვინაიდან, მოპასუხესა და მის მეუღლეს აქვთ მაღალი ანაზღაურება, ხოლო მას ესაჭიროება მატერიალური დახმარება, შვილს, შ.ი-ს, დედისათვის ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს აქვს საშუალება ისარგებლოს მოპასუხის მიერ შეძენილი კვების პროდუქტებით. შ.ი-ი იხდის მკურნალობის ხარჯებსაც. ამასთან, ლ.უ-ეს ფულად დახმარებას უწევს მოპასუხის ძმა. აქედან გამომდინარე, მცდარია მოსარჩელის მტკიცება, რომ მას პენსია არ ჰყოფნის და შ.ი-ი არ ეხმარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. ი-ს მშობლის - ლ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდევინება ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდა დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 15 აგვისტოდან. ლ. უ-ეს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ.უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ.უ-ე არის შ.ი-ის დედა. მოსარჩელე მეუღლესთან განქორწინებულია. შ. ი-ს ჰყავს ორსული მეუღლე ი. ჭ-ე და მცირეწლოვანი შვილი მ. ი-ი. შ. ი-ი მუშაობს შპს „თ. მ-ში“ მექანიკოსის თანამდებობაზე, რომლის თვიური შემოსავალი განისაზღვრება 1000-დან 1800 ლარამდე. კომუნალურ გადასახადებს იხდის შ. ი-ი.

ლ. უ-ე არის პენსიონერი და ყოველთვიურად იღებს 110 ლარს. შ. ი-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ ორ ოთახიან ბინაში და მისი მეუღლე ი. ჭ-ე მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს. ლ.უ-ეს ჰყავს მეორე შვილი - ზ. ი-ი, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. ლ. უ-ესა და მის რძალს, ი. ჭ-ეს შორის სუფევს არაჯანსაღი დამოკიდებულება. შ.ი-ი დედას ლ. უ-ეს ეხმარება შეძლებისდაგვარად ფინანსურად, ყიდულობს საკვებ პროდუქტებს და მედიკამენტებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხისათვის 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა მატერიალური მდგომარეობა ლ. უ-ის რჩენა-არსებობისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრებისათვის საფუძველს არ იძლევა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელის შრომისუნარიანობის შესახებ, რადგან ამ უკანასკნელს საპენსიო ასაკი (73 წელი) და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეს დამოუკიდებელი შემოსავალი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. არც მხარეთა განმარტებით, არც მოწმეთა ჩვენებითა და არც რაიმე სახის დოკუმენტით არ დასტურდება შ.ი-ის მიერ დედის რჩენისთვის დახმარების გაწევის შესახებ საალიმენტო ვალდებულების განზრახ თავის არიდება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შემდეგი სამართლებრივი შეფასება: სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1219-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლ. უ-ე ყოველთვიურად იღებს პენსიას - 110 ლარს, ამასთან, საფრანგეთში ჰყავს წლების განმავლობაში მცხოვრები შვილი, რომელიც, შ. ი-ის მსგავსად, ვალდებულია, მატერიალური დახმარება გაუწიოს მშობელს. სასამართლომ ალიმენტის დანიშვნისას ასევე გაითვალისწინა მოპასუხე შ. ი-ის მატერიალური მდგომარეობა, მისი ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დაახლოებით შეადგენს 1500 ლარს, ასევე, გაითვალისწინა ასევე, რომ ამ უკანასკნელს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე, რომლებიც მის რჩენა-კმაყოფაზე არიან.

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის შესაბამისად, შ. ი-ს ვერ დაეკისრება წარსული 3 წლის დროის ალიმენტი ლ. უ-ის სასარგებლოდ, ვინაიდან, ამ უკანასკნელის მხრიდან საკმარისი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი მოპასუხის მხრიდან მშობლის რჩენისათვის საალიმენტო ვალდებულების განზრახ თავის არიდების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ დამატებით მიუთითა შემდეგი: კანონმდებლობით განსაზღვრულია შვილის ვალდებულება, არჩინოს შრომისუუნარო მშობელი. ამასთან, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც შრომისუუნარო მშობლის საჭიროების, მატერიალური მდგომარეობის, ისე შვილის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხე შ. ი-ის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ დაახლოებით 1400 ლარს შეადგენს, ამასთან, შ. ი-ს ჰყავს მის კმაყოფაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ი-ს 2011 წლის 15 დეკემბერს შეეძინა მეორე შვილი, გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ მისი მეუღლე იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულია და შეესაბამება, როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია 10 000 ლარის ოდენობით წარსული დროის ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე პუნქტის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტი. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის მიერ სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და შ. ი-ის მიერ მშობლის რჩენის ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტს, ლ. უ-ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, ამდენად, დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა შ. ი-ისთვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. უ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დედის მოვალეობა შეასრულა სამაგალითოდ. სასამართლომ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა ალიმენტის 300 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შ.ი-ს დააკისრა ალიმენტის სახით 120 ლარის გადახდა. სასამართლოს დასკვნა ძირითადად ემყარება მოპასუხის მეუღლე ი.ჭ-ისა და მისი დედის გიული ვაჩეიშვილის ცრუ და სუბიექტურ მოსაზრებებს. მოწმეთა ჩვენება, რომ შ.ი-ი მატერიალურად ეხმარებოდა მოსარჩელეს არასწორია. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და იგი უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.