Facebook Twitter

№ას-300-288-2012 7 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ი, ლ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. რ-ისა და ნ. თ-ის მიმართ და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 22 იანვრის ლ. ა-სა და ნ. თ-ს შორის და 2010 წლის 3 თებერვლის ნ. თ-ისა და ლ. ზ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შედეგადაც უძრავი ქონება მდებარე თბილისი, კ-ის ქუჩა №3 ბ, ბინა №45 აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე. 2010 წლის 1 თებერვალს ნ. თ-სა და ლ. რ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს იმავე დღეს იმავე მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით რომ ნ. თ-ი არ იყო უფლებამოსილი პირი განეკარგა ლ. ა-ის უძრავი ქონება, ხოლო კანონიერ მესაკუთრეს ამისი ნება არ გამოუვლენია.

მოპასუხე ნ. თ-ს სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო პუბლიკაციის გზით. ნ. თ-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

მოპასუხე ლ. რ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მის მიერ სესხის გაცემამდე იპოთეკით დასატვირთი უძრავი ნივთი გადამოწმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით და მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე გაიცა სესხი და დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ არის კეთილსინდისიერი, რაც გახდა საფუძველი იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, კ-ის ქუჩა №3, ბინა №45 აღრიცხულია ლ. ა-ის სახელზე. 2010 წლის 01 თებერვალს ნ. თ-სა და ლ. რ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იმავე დღეს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. 2010 წლის 1 თებერვალს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, კ-ის ქუჩა №3, ბინა №45, მესაკუთრე იყო ნ. თ-ი.

სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზე, რომ ნ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, კ-ის ქუჩა №3, ბინა №45, იპოთეკარად რეგისტრირებული ლ. რ-ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ იპოთეკარს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. პალატამ განმარტა, რომ, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის აუცილებელია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. ობიექტური ფაქტორები მოიცავს შემდეგი გარემოებების კუმულაციას: 1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ უფლების გამსხვისებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული და 2. რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილი არ უნდა იყოს საჩივარი. რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, აღნიშნული გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი, ანუ, გარიგების დადების მომენტისათვის, შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ნ. თ-ის სახელზე, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22/01/2010, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გარიგების დადების მომენტისათვის _ 2010 წლის 01 თებერვალს ლ. რ-ისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების სიყალბისა და ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. რ-ი კეთილსინდისიერი იპოთეკარია და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ არამართებულია. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამყიდველი არ იყო მესაკუთრე.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპისა. ზოგიერთ შემთხვევაში ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესები. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი. განსახილველი ნორმები იცავენ ასევე იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 01 თებერვალს, სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ნ. თ-ის სახელზე, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ გარიგების დადების მომენტისათვის _ 2010 წლის 01 თებერვალს ლ. რ-ისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების სიყალბისა და ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იპოთეკარმა ხელშეკრულების გაფორმებამდე არ შეამოწმა იპოთეკით დასატვირთი ქონების მდგომარეობა, არ დაათვალიერა იგი, არ გამოდგება.

გამომდინარე იქედან, რომ იპოთეკარის უფლება დაცულია რეგისტრაციაუნარიანი უფლების რეგისტრაციის ფაქტით, თუნდაც ის არ იყოს ამ უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს მოტყუებით, იძულებით ან სხვა არამართლზომიერი მოქმედებებით იყო თუ არა აღრიცხული საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი ახალ მესაკუთრეზე) საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე, მესამე პირებისათვის ის ითვლება მესაკუთრედ. კეთილსინდისიერების პრინციპი კონკრეტულ შემთხვევაში იცავს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, ხოლო ის გარემოება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდა ცნობილი იპოთეკარისათვის რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, გავლენას არ ახდენს მის კეთილსინდისიერებაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს სადავო გარიგების -იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ა-მა შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 28 იანვარს ვ.ა-ასათვის ცნობილი გახდა, რომ ვინმე ნ.თ-ი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე ცდილობდა ქ.თბილისში მდებარე კ-ის ქ.3 კასატორის საცხოვრებელი სახლის დასაკუთრებას, რის გამოც, 2010 წლის 29 იანვარს კასატორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულის მიუხედავად, ნ.თ-მა 2010 წლის 1 თებერვალს დატვირთა ბინა იპოთეკით, ხოლო შემდგომ გაასხვისა ლ.ზ-ზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ბინა აღირიცხა ლ.ა-ას სახელზე, ხოლო ნ.თ-ი ცნობილ იქნა თაღლითად და შეეფარდა შესაბამისი სასჯელი. ამრიგად, კასატორს მიაჩნია, რომ გარიგების ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერების შესახებ ფაქტი დადგენილია. ამასთან, სადავო იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია 2010 წლის 1 თებერვალს სამი თვის ვადით, ანუ მოქმედებდა 1 მაისამდე, რის შემდგომ, იპოთეკარს უჩნდებოდა უფლება მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი, ნაცვლად ამისა, ლ.რ-მა ბინის რეალიზაცია მოითხოვა ლ.ზ-ის მიმართ.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ.ა-ას არ განუცხადებია თანხმობა სადავოდ გამხდარი იპოთეკის მასზე გადმოსვლის თაობაზე. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ლ.რ-ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. კეთილსინდისიერი შემძენის შინაარსს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი და ამ მუხლის დებულებები ვრცელდება კეთილსინდისიერ იპოთეკარზეც. 2012 წლის 1 იანვარს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ლ.რ-ი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 185-ე და 187-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარისა და 2012 წლის 10 მარტს მ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 138.00 ლარის, ჯამში 438.00 ლარის 70% _ 306.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ლ. ა-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარისა და 2012 წლის 10 მარტს მ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 138.00 ლარის, ჯამში 438.00 ლარის 70% _ 306.6 ლარი. ( 2012 წლის 20 თებერვალი, შემოსავლის ორდერი #4890169 და 2012 წლის 10 მარტი, შემოსავლის ორდერი #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.