Facebook Twitter

ბს-477-65-(კ-05) 21 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტებისა და ადმინისტრაციული გარიგებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 8 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიამ მოპასუხეების: შპს “ო-ისა” და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ. მესამე პირად მოსარჩელემ მიუთითა ნ. გ-ზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997წ. აგვისტოში მეიჯარე სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა და მოიჯარე შპს “ო-ს” შორის გაფორმდა ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ოთხი ღია ჩოგბურთის კორტი და მომსახურე შენობა გასახდელებით, საშხაპეებით და სხვა დამხმარე ოთახებით.

1998წ. 15 იანვარს მეიჯარე _ სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა და მოიჯარე შპს “ო-ს” შორის გაფორმდა ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ნიჩბოსნობის დარბაზი.

1998წ. 11 იანვარს ხელშეკრულების მხარეებმა გააფორმეს აქტი საიჯარო ობიექტის _ ნიჩბოსნობის დარბაზის _ შემოწმებისა და მიღება-ჩაბარების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 1998წ. 29 სექტემბერს, მასთან შეუთანხმებლად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ორი სახელშეკრულებო ვალდებულება გააფორმა ფიზიკურ პირ ნ. გ-თან, მისთვის ქ. თბილისში, ... მდებარე ნიჩბოსნობის დარბაზისა და ჩოგბურთის კორტების გამოსყიდვის უფლებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1999წ. 23 დეკემბრის ¹15/1 დადგენილებამ ზემოთ აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულებები კანონსაწინააღმდეგოდ აღიარა, რადგანაც “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის დარბაზი, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სასწავლო-საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებული ობიექტები, არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1999წ. 23 დეკემბრის ¹51/1 დადგენილებით მიეთითა აღნიშნულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ბათილად ცნობის თაობაზე საკითხის დაყენების შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 9 მარტის ¹2/1-ო ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელეს დაევალა არასწორად პრივატიზებული ობიექტების დაბრუნების, ხელშეკრულებების სწორად გაფორმებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მოწესრიგების უზრუნველყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა: ნ. გ-სა და ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის საპრივატიზაციო კომისიას შორის 1998წ. 25 სექტემბერს გაფორმებული ¹1/31 და ¹1/32 მიღება-ჩაბარების აქტებისა და ნ. გ-სა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1998წ. 29 სექტემბერს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და მათგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში ჩართვას.

იმავე სასამართლომ 2001წ. 19 ივნისს მიიღო ორი განჩინება. პირველი განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო მეორე განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიამ 2001წ. 18 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მიმართა დაზუსტებული სარჩელით, რომლითაც მოპასუხეებად მიუთითა: შპს “ო-ი”, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ფიზიკური პირი ნ. გ-ი, ხოლო მესამე პირად _ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნებიც, კერძოდ, ითხოვა:

1. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც ეხება ნიჩბოსნობის ბაზისა და ჩოგბურთის კორტების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას;

2. 1998წ. 10 სექტემბრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 18 სექტემბრის ¹1-4/578 ბრძანების ბათილად ცნობა;

3. ქ. თბილისში, ... მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სასწავლო-საწვრთნელი დანიშნულების ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის შესახებ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. გ-ს შორის 1998წ. 29 სექტემბერს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ბათილად ცნობა და აქედან გამომდინარე, ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზების გაუქმება;

4. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. გ-ს შორის 2000წ. 9 ოქტომბერს დადებული ¹148 და ¹149 ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;

5. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს გაცემული ¹...... და ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა;

6. სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა და შპს “ო-ს” შორის 1997წ. 1 სექტემბერსა და 1998წ. 15 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტა.

პირველმა მოპასუხემ _ შპს “ო-მა” და მეორე მოპასუხემ _ ნ. გ-მა სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სადავო ობიექტები არ იყო ასახული მოსარჩელის ბალანსზე;

2. სადავო ობიექტები წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდნენ;

3. სადავო ობიექტების პრივატიზება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

მესამე მოპასუხემ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მეოთხე მოპასუხემ _ ამავე სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ არ ცნეს სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სადავო ობიექტების პრივატიზება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და ამასთან, მათი პრივატიზების შესახებ თანხმობა წერილობით გამოხატა დარგობრივმა უწყებამ _ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

მესამე პირის, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ობიექტების პრივატიზება მოხდა პრივატიზების კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეცდომით გამოხატა თანხმობა სადავო ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, ხოლო სადავო ობიექტები _ მისი სტრუქტურული ქვედენაყოფები. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მათი პრივატიზება არამართლზომიერად განხორციელდა. მესამე პირის განმარტებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანება ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის (ნიჩბოსნობის დარბაზი) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიისთვის თავის დროზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აშენდა სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, სპორტული დარბაზები, რომლებიც გამოიყენებოდა სასწავლო მიზნებისათვის. ამ დარბაზებს აუდიტორიის მნიშვნელობა ენიჭებოდათ.

1997, 1998 და 1999 წლების მონაცემებით სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში _ საბალანსო ანგარიშში _ 011-ში აღნიშნული იყო ნიჩბოსნობის დარბაზი და ჩოგბურთის კორტები.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1998წ. 23 ივნისს გამოსცა ¹1-3/433 ბრძანება “1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ”. ბრძანების ტექსტის შინაარსიდან ირკვევა, რომ დამტკიცდა 1998წ. საპრივატიზებო ობიექტების თანდართული დამატებითი ნუსხა. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანების დანართში, რომელიც განსაზღვრავდა იმ ობიექტების დამატებით ნუსხას, რომელთა პრივატიზების ორგანიზებას ახდენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, მითითებული იყო ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა მისამართზე: თბილისი, ... ორივე ობიექტისთვის დარგობრივ უწყებად მითითებული იყო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი. პრივატიზების ინიციატორის გრაფაშიც _ სპორტის დეპარტამენტი.

საქმის მასალებში მოიპოვებოდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998წ. (წერილის შედგენის თვე და რიცხვი არ იკითხებოდა) ¹3-3/191 წერილის ქსეროპირი და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998წ. იანვრით დათარიღებული (წერილის შედგენის თარიღი და რიცხვი არ იკითხებოდა) ¹1-06/28 წერილის ქსეროპირი. ორივე წერილი საფუძვლად დაედო ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის დარბაზის (საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში სიტყვა “დარბაზის” ნაცვლად მითითებული იყო სიტყვა “ბაზა”) 1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებით ნუსხაში შეტანას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წერილის ტექსტის შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა საკითხი ... მდებარე ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზების შესახებ და თანხმობა განაცხადა მითითებული ობიექტების შეტანაზე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული წერილის ტექსტის შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი თანახმა იყო ... არსებული ჩოგბურთის კორტები და ყოფილი ნიჩბოსნობის ბაზა შეტანილიყო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

1998წ. 10 სექტემბერს ჩატარდა კონკურსი თბილისში, … მდებარე ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზების თაობაზე. ორივე ობიექტის პრივატიზების კონკურსში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა ნ. გ-მა.

“1998წ. 18 სექტემბრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 18 სექტემბრის ¹1-4/578 ბრძანების 1.3 პუნქტით დამტკიცდა ¹543 ოქმი, რომლითაც (ბრძანების ტექსტში შეცდომით მითითებულია ¹43) განთავსებული ჩოგბურთის კორტების პრივატიზების კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი ნ. გ-ი. ამავე ბრძანების 1.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამტკიცდა ოქმი ¹544, რომლითაც განთავსებული ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზების კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი ნ. გ-ი.

1998წ. 29 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა (“გამყიდველი”) და ფიზიკურ პირ ნ. გ-ს შორის (“მყიდველი”) გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულება. სახელშეკრულებო ვალდებულებით “გამყიდველი” გადასცემდა, ხოლო “მყიდველი” _ კონკურსში გამარჯვებული ნ. გ-ი მფლობელობაში იღებდა თბილისში, … მდებარე ჩოგბურთის კორტების მიერ დაკავებულ 277,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს. სახელშეკრულებო ვალდებულების 5.3 პუნქტის თანახმად, ქონების ღირებულების მთლიანად გადახდის შემთხვევაში “მყიდველსა” და “გამყიდველს” შორის სანოტარო წესით გაფორმებული უნდა ყოფილიყო ნასყიდობის ხელშეკრულება.

იმავე დღეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა (“გამყიდველი”) და ფიზიკურ პირ ნ. გ-ს (“მყიდველი”) შორის გაფორმდა მეორე სახელშეკრულებო ვალდებულება. სახელშეკრულებო ვალდებულებით “გამყიდველი” გადასცემდა, ხოლო “მყიდველი” _ კონკურსში გამარჯვებული ნ. გ-ი მფლობელობაში იღებდა თბილისში, … მდებარე ნიჩბოსნობის ბაზის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ 449,7 კვ.მ-ს. სახელშეკრულებო ვალდებულების 5.3 პუნქტის თანახმად, ქონების ღირებულების მთლიანად გადახდის შემთხვევაში “მყიდველსა” და “გამყიდველს” შორის სანოტარო წესით უნდა გაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება.

2000წ. 9 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა (“გამყიდველი”) და კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირ ნ. გ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. გამყიდველი ხელშეკრულებით გადასცემდა, ხოლო მყიდველი იღებდა საკუთრებაში ქ. თბილისის მერიის კუთვნილ ქონებას, … მდებარე ჩოგბურთის კორტების მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართს. აქვე იყო აღნიშნული, რომ ქონება მყიდველს გადაეცა 1998წ. 25 სექტემბრის ¹1/32 მიღება-ჩაბარების აქტით. არასაცხოვრებელი ფართის ოდენობა შეადგენდა 277,9 კვ.მ-ს.

იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა მეორე ხელშეკრულებაც. ნ. გ-ს, როგორც კონკურსში გამარჯვებულს, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მერიის კუთვნილი ქონება, … მდებარე, ნიჩბოსნობის ბაზის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2000წ. 9 ოქტომბერს ნ. გ-ის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... , რომლითაც დაადასტურა, რომ ნ. გ-ს გადაეცა საკუთრებაში ქ. თბილისში, მდებარე ჩოგბურთის კორტების მიერ დაკავებული 449,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

იმავე დღეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ნ. გ-ის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... , რომლითაც დაადასტურა, რომ ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, …... მდებარე ნიჩბოსნობის ბაზის მიერ დაკავებული 449,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

სასამართლო კოლეგიამ, აგრეთვე, დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ორმაგ დაქვემდებარებაშია. დარგობრივად იგი ექვემდებარება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო სასწავლო, მეთოდურ და საორგანიზაციო საკითხების სფეროში _ განათლების სამინისტროს.

აღნიშნული ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა (დარბაზი) წარმოადგენდა ყოფილი ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შემადგენელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და განუყოფელ ნაწილს. ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის დარბაზის საპრივატიზებო მასალებში არსებული ამ ობიექტების ტექნიკური პასპორტებისგრაფაში _ “მესაკუთრე” _ ორივე ობიექტის მიმართ მითითებულია ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამასახურის 10.10.2001წ. ¹121414 წერილი, რომლის თანახმად, სამსახურის ჩანაწერებით თბილისში, … მდებარე ნიჩბოსნობის ბაზა და ჩოგბურთის კორტები 1998წ. 23 ივნისამდე არ იყო აღრიცხული.

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიას არ გააჩნდა კაპიტალური შეკეთების ხარჯები. ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის დარბაზი ვეღარ გამოიყენებოდა სასწავლო პროცესში და შეიქმნა მათი ნგრევისა და დაზიანების საშიშროება. მოსარჩელე იძულებული გახდა 1997 და 1998 წლებში იჯარით გადაეცა შპს “ო-ისათვის” ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა ხუთიწ. ვადით.

1997წ. 29 დეკემბერს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიამ თავისი ¹57/01/266 წერილით მიმართა შპს “ო-ს”. წერილის ტექსტის შინაარსიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორატი თანახმა იყო, გადასინჯულიყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა და შპს “ო-ს” შორის დადებული ხელშეკრულება ჩოგბურთის კორტებისა და მასზე არსებული შენობის გამოსყიდვის მიზნით, თუ ამის საშუალებას მისცემდა არსებული (ან მომავალი) კანონმდებლობა და დაცული იქნებოდა აკადემიის ინტერესები.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 23.06.1998წ. ¹1-3/433 ბრძანების დანართის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ჩოგბურთის კორტებს და ნიჩბოსნობის დარბაზს, იყო არაკანონიერი, ანუ ბათილი, ვინაიდან ორივე ობიექტი წარმოადგენდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის კომპლექსის განუყოფელ ნაწილს. ამ მიზეზით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა წარმოადგენდა ქონებას, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა.

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებისა და ადმინისტრაციული გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტი და სკ-ის 54-ე მუხლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 30 მაისს მოცემულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა:

ა) ბათილად იქნა ცნობილი “1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანების დანართის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანას;

ბ) ბათილად იქნა ცნობილი “1998წ. 10 სექტემბრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 18 სექტემბრის ¹1-4/578 ბრძანების 1.3 და 1.4 პუნქტები, რომლებიც ეხებოდა ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზებას;

გ) ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, მდებარე სასწავლო-საწვრთნელი დანიშნულების ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის შესახებ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. გ-ს შორის 1998წ. 29 სექტემბრის ორი სახელშეკრულებო ვალდებულება და აქედან გამომდინარე, ბათილად გამოცხადდა ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზაცია;

დ) ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს გაცემული ¹...... და ¹....... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები;

ე) ვადამდე შეწყდა მოსარჩელესა და შპს “ო-ს” შორის 1997წ. 31 აგვისტოსა და 1998წ. 15 იანვარს დადებული საიჯარო ხელშეკრულებები ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის დარბაზის იჯარით გაცემის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ერთი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა და შპს “ო-მა”.

კასატორებს უსაფუძვლოდ მიაჩნდათ სასამართლო კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა (დარბაზი) წარმოადგენდა სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის შემადგენელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. ეს დასკვნა კოლეგიამ გააკეთა საქმეზე წარმოდგენილი ამ ობიექტების ტექნიკური პასპორტებისა და მოსარჩელის მიერ გაცემულ ცნობებსა და ბალანსებზე მითითებით. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური პასპორტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო იმის საფუძველი, რომ სასამართლო კოლეგიას ეს ობიექტები მოსარჩელის სტრუქტურულ ქვედანაყოფებად მიეჩნია, ვინაიდან ამ ტექპასპორტში არ იყო მითითებული მისი გაცემის საფუძველი.კასატორთა განმარტებით, მოსარჩელეს არ გააჩნია სათანადო ნებართვით ამ ობიექტების აშენებისა და მათი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მტკიცებულებები, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ამ ობიექტების მოსარჩელისადმი კუთვნილებას და საჯარო რეესტრში მათი აღრიცხვის კანონიერი საფუძველი იქნებოდა.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 7 ივნისის ¹366 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების მე-5 თავის მე-2 მუხლის თანახმად, ამ დეპარტამენტის სისტემაში სხვა სპორტულ დაწესებულებებთან ერთად შედის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. ამავე დებულების მე-3 თავის 21-ე მუხლი უფლებას აძლევდა ამ დეპარტამენტს, დადგენილი წესით მოემზადებინა წინადადებები სპორტული ობიექტების პრივატიზების შესახებ და წარედგინა ისინი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის.

კასატორთა განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო კოლეგია არასწორად დაეყრდნო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ თითქოს მითითებულმა დეპარტამენტმა შეცდომით, კანონის დარღვევით მისცა თანხმობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეეტანა სადავო ობიექტები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად.

კასატორთა განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანების კანონიერების საკითხს, ვინაიდან ამ ობიექტების საბოლოო პრივატიზებას საფუძვლად დაედო სწორედ ეს ბრძანება და სასამართლო კოლეგიამაც პრივატიზებასთან დაკავშირებით ყველა ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო სწორედ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველზე.

აქვე კასატორები მიუთითებდნენ აღნიშნული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ იქნებოდა დაკმაყოფილებული მოსარჩელის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით შპს “ო-ისა” და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი “1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანების დანართის ის ნაწილი, რაც ეხება ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის საპრივატიზებო ობიეტების ნუსხაში ასახვას; ბათილად იქნა ცნობილი “1998წ. 10 სექტემბრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 18 სექტემბრის ¹1-4/578 ბრძანების 1.3 და 1.4 პუნქტები; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის თაობაზე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. გ-ს შორის 1998წ. 29 სექტემბრს გაფორმებული ორი სახელშეკრულებო ვალდებულება და შესაბამისად, ქ. თბილისში, ... მდებარე ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზება; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს გაცემული ¹....... და ¹........ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, ხოლო სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სადავო ობიექტები, ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნების ბაზა (დარბაზი), წარმოადგენენ ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შემადგენელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რაც დასტურდება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მიერ გაცემული ცნობებით, წლიური ბალანსებით და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2004წ. 17 დეკემბრის ¹0312586-4 წერილით.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1998წ. 23 ივნისს გამოსცა ბრძანება ¹1-3/433 “1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესხებ”, ბრძანების შინაარსიდან ირკვევა, რომ დამტკიცდა 1998წ. საპრივატიზებო ობიექტების თანდართული დამატებითი ნუსხა. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანების დანართში, რომელიც განსაზღვრავდა იმ ობიექტების დამატებით ნუსხას, რომელთა პრივატიზების ორგანიზებას ახდენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, მითითებული იყო ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა, რომელთა მისამართიც იყო განსაზღვრული: თბილისი, ..., დარგობრივ უწყებად მითითებული იყო სპორტის დეპარტამენტი ორივე ობიექტისთვის. პრივატიზების ინიციატორი იყო სპორტის დეპარტამენტი.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონტროლის პალატამ კომპლექსურად შეამოწმა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში 01.10.1996 წლიდან 01.01.1999 წლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა. 1999წ. 23 დეკემბრის საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმმა გამოსცა დადგენილება ¹15/1 “საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში 1996წ. 1 ოქტომბრიდან 1999წ. 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმების, აგრეთვე ამავე ორგანიზაციებსა და საქართველოს ეროვნულ ო-იურ კომიტეტში 1999წ. 1 ივლისამდე პერიოდის სახელმწიფო ბიუჯეტის და ბიუჯეტგარეშე სახსრების მიღებისა და ხარჯების ანალიზის შედეგების შესახებ”. საქართველოს კონტროლის პალატამ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მითითებული შენობები, როგორც აკადემიის სასწავლო-საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებული ობიექტები, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, პრივატიზაციას არ ექვემდებარება. დასახელებული ობიექტების გასხვისება ჩაითვალა კანონსაწინააღმდეგოდ. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ობიექტების პრივატიზების ბათილად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით.

სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2000წ. 9 მარტს გამოსცა ¹2/1-ო ბრძანება “საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო რევიზიის შედეგების შესახებ”, რომლის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვალა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის კუთვნილი ობიექტების პრივატიზაცია. ამასთან, მესამე პირის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მითითებულმა დეპარტამენტმა შეცდომით, კანონის დარღვევით მისცა თანხმობა ქონების მართვის სამინისტროს შეეტანა სადავო ობიექტები საპრივატიზებო ობიექტების დამატებით ნუსხაში.

სასამართლოს მოსაზრებით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარებიან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

სკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და შპს “ო-მა”.

კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ობიექტები წარმოადგენდა ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შემდგენელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და სრულიად უმართებულოდ მოიყვანა ამის დასტურად ფიზიკური კულტურის და სპორტის აკადემიის ¹011 საბალანსო ანგარიში, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. გარდა ამისა, კასატორის განცხადებით, სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 249-ე მუხლის მიუხედავად და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საერთოდ არ შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001წ. 10 ოქტომბრის წერილის სახით და არ მიიღო ეს მტკიცებულება იმ მოტივით, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

სასამართლო კოლეგიამ ასევე ცალმხრივად, საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი კონტროლის პალატის 1999წ. 23 დეკემბრის ¹1511 დადგენილება.

სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-433 ბრძანებაზე და არ განუხილავს ამ ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

კასატორების განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ ასევე არასწორად მიიჩნია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად, კერძოდ, კოლეგიამ ჩათვალა, რომ სადავო ობიექტები სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის კომპლექსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და აღნიშნული ნორმის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა. კასატორთა აზრით, მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმა, ვინაიდან სადავო ობიექტები არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და მის მესაკუთრედ სპორტის დეპარტამენტი ითვლებოდა. თავის მხრივ კი, სპორტის დეპარტამენტი არ მიეკუთვნება იმ დაწესებულებათა კატეგორიას, რომელთა ბალანსზე არსებული ქონებაც პრივატიზების შესახებ კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, არ ექვემდებარება პრივატიზებას.

სადავო ობიექტების მოსარჩელის ბალანსზე არსებობის შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტი შემდეგი გარემოებების გამო:

“სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვას სამინისტრო. ამ სამინისტროს უფლება აქვს პრივატიზების უფლება გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს – ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეიმუშავებდა და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენდა პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტს ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით, მათი თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სამინისტრო უფლებამოსილი იყო, ეროვნული დარგების ცალკეულ თავისებურებათა გათვალისწინებით და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარედგინა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და შესაბამისად, პრეზიდენტიც უფლებამოსილი იყო, დაემტკიცებინა იგი.

კანონის მითითებული ნორმების სრული შესაბამისობით, საქართველოს პრეზიდენტმა 1997წ. 28 დეკემბრის ¹776 ბრძანებულებით დაამტკიცა “საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმა 1998-2000 წლებისათვის”, რომლის მიხედვით, 1998წ. ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო განათლების სფეროს ობიექტების სისტემის დაკონსერვებული მშენებარე ობიექტების, სასწავლო დაწესებულებისათვის ახალი კომპლექსის მშენებლობის შედეგად გამოთავისუფლებული ძველი შენობა-ნაგებობების, არადანიშნულებით გამოყენებული მოსწავლეთა საძინებელი შენობების, სამეურნეო ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებების კუთვნილი, გამოუყენებელი ქონების პრივატიზება. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება არ ეწინააღმდეგება და იგი სრულ შესაბამისობაშია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონთან.

ამ კანონქვემდებარე აქტით კანონისაგან განსხვავებული წესი არ დადგენილა, არამედ გადაწყდა იმ ქონების პრივატიზაცია, რომელიც სასწავლო დაწესებულებებისათვის გამოუყენებელი იყო.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ობიექტების პრივატიზების დროს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტი არ დარღვეულა, ვინაიდან იმ დროისთვის, ტექნიკური მდგომარეობის გამო, გამოუყენებელი იყო.

კასატორთა განმარტებით, სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია სადავოდ გამხდარი პრივატიზების საფუძვლის სადავო ობიექტების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹1-3/433 ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით ხანდაზმულობის საკითხზე და გადაწყვეტილებაში ზოგადად მიუთითა. მოსარჩელის მიერ დაცულია “პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუქნტით გათვალსიწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან მოსარჩელემ სადავო ობიექტების პრივატიზების ბათილობაზე სარჩელი აღძრა 2000წ. 8 ნოემბერს, კასატორის განმარტებით, მითითებული დასკვნა კანონსაწინააღმდეგოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.

ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელეს არ დაუყენებია და არც სასამართლო კოლეგიას განუხილავს სადავო ობიექტებზე გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხი, ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ბათილად ეცნო საკუთრების მოწმობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო განხაცდების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საოლქო სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომაც.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისისსაოლქო სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ “1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ” მინისტრის ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998წ. 21 იანვრის ¹01-06/28 წერილობითი თხოვნა, რომლის შესაბამისადაც მოხდა საპრივატიზებო ობიექტების დამატებით ნუსხაში სადავო ობიექტის შეტანა. კასატორის განმარტებით, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან შეცდომით გამოხატა სადავო ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანაზე თანხმობა, ვინაიდან, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ეს ობიეტები არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. თუმცა სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ფუნდამენტური მეცნიერების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და მათდამი დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ყველა ტიპის საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო საქმეზე წარმოდეგინილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მერიის ტექნიკური არღიცხვის სამსახურის ¹121414 წერილის შესაბამისად, ნიჩბოსნობის ბაზა და ჩოგბურთის კორტები 1998წ. 23 ივნისამდე არ იყო აღრიცხული შესაბამის რეესტრში. ამასთან, წარმოდგენილი საპრივატიზებო მასალებით და საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტით დადასტურებული იყო, რომ ზემოაღნიშნული ქონება სპორტის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხებოდა და სწორედ აღნიშნულმა უწყებამ განაცხადა თანხმობა ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის თაობაზე.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, უსაფუძვლო და ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებული იყო სასამართლო კოლეგიის აპელირება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” ქვეპუნქტზე. სასამართლო კოლეგიის მიერ უგულებელყოფილ იქნა კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სკ-ის, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ' კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე”. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივნისის ¹01-3/433 ბრძანება 1998წ. საპრივატიზებო ობიექტიების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ” წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ისა და შპს “ო-ის”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1997წ. 31 აგვისტოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა (“მეიჯარე” მხარე) და შპს “ო-ს” (“მოიჯარე”) შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, “მეიჯარე” გადასცემდა, ხოლო “მოიჯარე” იჯარით იღებდა ქ. თბილისში, ... მდებარე ჩოგბურთის კორტებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 4 ღია ჩოგბურთის კორტი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1997წ. 1 სექტემბრიდან 2002წ. 1 სექტემბრამდე.

1998წ. 15 იანვარს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასა და შპს “ო-ს” შორის დაიდო მე-2 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია როგორც “მეიჯარე” გასცემდა, ხოლო შპს “ო-ი” იჯარით იღებდა ქ. თბილისში, ... მდებარე ნიჩბოსნობის დარბაზს, საერთო 470 კვ.მ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1998წ. 15 იანვრიდან 2002წ. 15 იანვრამდე პერიოდით.

1998წ. 23 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/433 ბრძანებით დამტკიცდა 1998წ. საპრივატიზებო ობიექტების დამატებითი ნუსხა. ბრძანების დანართში, რომლითაც განისაზღვრა იმ ობიექტების დამატებითი ნუსხა, რომელთა პრივატიზების ორგანიზებას ახდენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, მიეთითა ქ. თბილისში, ... განთავსებული ჩოგბურთის კორტები და ნიჩბოსნობის ბაზა.

1998წ. 10 სექტემბერს ზემოაღნიშნულ ობიექტებზე ჩატარებულ კონკურსზე გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი ნ. გ-ი.'

1998წ. 29 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ფიზიკურ პირ _ ნ. გ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც “გამყიდველი” გადასცემდა, ხოლო “მყიდველი” მფლობელობაში იღებდა თბილისში, ... მდებარე ჩოგბურთის კორტების მიერ დაკავებულ 277,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს.

იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა მე-2 ხელშეკრულება, რომლითაც კონკურსში გამარჯვებულ “მყიდველს” მფლობელობაში გადაეცა ... მდებარე ნიჩბოსნობის ბაზის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი 449, 7 კვ.მ.

2000წ. 9 ოქტომბერს ნ. გ-ის სახელზე გაიცა საკუთრების მოწმობები ¹........ და ¹........ , რომლითაც დადასტურდა ზემოაღნიშნულ ობიექტებზე ნ. გ-ის საკუთრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ჩოგბურთის კორტებისა და ნიჩბოსნობის ბაზის პრივატიზაცია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთYსაფუძვლად კასატორები მიიჩნევენ სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენის ფაქტს, კერძოდ, კი იმ ფაქტს, რომ სადავო ობიექტი იმყოფებოდა აკადემიის ბალანსზე და მიიჩნევენ, რომ პრივატიზაციის პროცესში საკმარისი იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა, რომელიც გაცემული იყო სათანადო წესით.

კასატორთა პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შემოწმდა საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოება და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მითითებული გარემოების დადგენა მოახდინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი შეფასების საფუძველზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სპორტის აკადემიის წლიური ანგარიშები, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო ობიექტები ირიცხებოდა აკადემიის ბალანსზე. რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ¹011 საბალანსო ანგარიშს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქცევა მითითებული ანგარიშის ეჭვქვეშ დაყენების საფუძვლად, ვინაიდან ¹011 საბალანსო ანგარიში წარმოადგენდა სწორედ საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშს, სადაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხდებოდა ორგანიზაციის კუთვნილი შენობა-ნაგებობების აღრიცხვა.

რაც შეეხება კასატორების, შპს “ო-ისა” და ნ. გ-ის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ობიექტები წარმოადგენდა უკანონო ნაგებობებს, ვერ ცვლის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას იმის შესახებ, რომ ეს ნაგებობები იმყოფებოდა აკადემიის ბალანსზე, ხოლო, რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა კანონდარღვევით უკანონო ნაგებობების ბალანსზე აყვანა, აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და სასამართლო მოკლებულია მითითებული გარემოებების გამოკვლევა-შეფასებაში შესვლის პროცესუალურ უფლებამოსილებას.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე უარყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001წ. ¹121414 წერილი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული წერილი უარყოფს სადავო ნაგებობების აღრიცხვის ფაქტს და თავის მხრივ, ვერ უთითებს, თუU ვის სახელზე იყო მითითებული ობიექტები აღრიცხული, ამდენად ზემოაღნიშნული წერილი ვერ ჩაითვლება პირდაპირ მტკიცებულებად და მით უფრო, ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ სადავო ობიექტების მესაკუთრეს (მფლობელს) წარმოადგენდა საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ირიბი სახის მტკიცებულებად სასამართლოს მხრიდან შესაძლოა მიჩნეულ იქნეს შპს “ო-სა” და სპორტის აკადემიას შორის 1997-1998 წლებში სადავო ობიექტებზე დადებული საიჯარო ხელშეკრულებები, რომლის დროსაც კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ ამ ობიექტების სპორტის აკადემიისადმი კუთვნილების საკითხი და ხელშეკრულებებიც დაიდო ამ უკანასკნელთან და არა საქართველოს სპორტის დეპარტამენტთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ვერ წარმოადგენენ დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარების პროცესუალური შესაძლებობა.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და თვლის, რომ პრივატიზაცია თავისი სამართლებრივი არსით წარმოადგენს ერთ მთლიან უწყვეტ პროცესს, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ურთიერთდაკავშირებული ეტაპებისგან, როგორიცაა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანა, პრივატიზაციის თაობაზე ინფორმაციის გამოცხადება, საპრივატიზაცო ქონების განსაზღვრა, კონკურსის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და ა. შ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების და არა პრივატიზაციის რომელიმე ცალკეული ეტაპის განხილვის ხანდაზმულობის 3 წლიან ვადას, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით აღძრულია 2000წ. 3 ნოემბერს, ვერ ჩაითვლება უშედეგოდ გაშვებულად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სარჩელის შემდგომ დაზუსტებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ისა და შპს “ო-ის”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება;

3. სპორტის აკადემიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით დაეკისროს შპს “ო-ს” სპორტის აკადემიის სასარგებლოდ;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.