№ას-305-293-2012 7 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ი, მ. ლ-ი
მესამე პირი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-მა და მ. ლ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ლ-ის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მესამე პირის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება შემდეგი დასაბუთებით: დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას, კერძოდ, თ. გ-ის საკუთრებაა ე.წ „სასტუმრო ოთახის“ კედელი და ნაჭრის სამეული - დივანი და სავარძლები, ხოლო მისი ქალიშვილის – მ. ლ-ის პირადი საკუთრებაა ტელევიზორი „ელ-ჯი“, დივიდიფლეერი „ფილიფსი“, სამზარეულოს ავეჯი, პიანინო „უკრაინა“, ტელვიზორის მაგიდა, ელექტროღუმელი. მოსარჩელეების განმარტებით, ი. ლ-ი არის თ. გ-ის შვილი და მ. ლ-ის ძმა, რომელსაც აქვს დავალიანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მას სასამართლო განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 15000 ლარი. ი. ლ-ი ცხოვრობს მოსარჩელეთა ბინაში, დედის ოჯახში, თუმცა, არც ერთი ნივთი არ შეუძენია.
მესამე პირმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: აღმასრულებლის მიერ სრულიად კანონიერად იქნა დაყადაღებული მოვალე ი. ლ-ის მოძრავი ქონება. ქონება იმყოფებოდა მოვალის საცხოვრებელ ადგილზე. „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმის მიხედვით, მათ ყადაღა უნდა დაადონ მოვალის ქონებას მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მთლიანად, მიუხედავად იმისა ადგილზე სხვისი ქონება იქნება თუ არა. თუ ასეთი აღმოჩნდება, ვისი ქონებაცაა, მისი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ამოირიცხოს მოვალის დაყადაღებული ქონებიდან.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა, რომ აღნიშნული ქონება შეძენილ იქნა მათ მიერ, გარდა სამზარეულოს ავეჯისა. მეორე გარემოებაა ის, რომ ი. ლ-ი ცხოვრობდა იმ ბინაში, სადაც ნივთები დააყადაღეს. იგი ამ ნივთებს ფლობდა და იყენებდა. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
მოპასუხე ი. ლ-მა სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ რომ მას დღემდე არანაირი ქონება არ გააჩნია.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ისა და მ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 13 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა თ. გ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები: ე.წ კედელი სამი ცალი წითელი ნაჭერი, ნაჭრის სამეული - დივანი და სავარძლები სამეული – დივანი და სავარძლები და მ. ლ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები: ტელევიზორის მაგიდა, სამზარეულოს ხუთი ნაწილი, ელექტროღუმელი, პიანინო „უკრაინა“. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით ი. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. მასვე ჯარიმის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 14163,10 ლარის გადახდა. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების 2011 წლის 13 მაისის აქტით, რომელიც შედგენილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღწერილი და დაყადაღებულ იქნა შემდეგი ქონება: ე.წ სასტუმრო ოთახის „კედელი“ ნაჭრის სამეული - დივანი და სავარძლები; ტელევიზორი „ელ-ჯი“, დივიდიფლეერი „ფილიფსი“, სამზარეულოს ავეჯი, პიანინო „უკრაინა“, ტელვიზორის მაგიდა, ელექტრო ღუმელი. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების 2011 წლის 13 მაისის აქტის თანახმად, აქტის შედგენისას თ. გ-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ქონება თავისი საკუთრებაა.
ი. ლ-ი ცხოვრობს ახალციხის რაიონის სოფელ ….., მშობლების საცხოვრებელ სახლში. იმავე სახლში ცხოვრობს მეორე მოსარჩელე, მ. ლ-ი თავის ოჯახთან ერთად. შპს „მ. ო.კ-სა“ და მსესხებელ მ. ლ-ს შორის 2010 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული №20101129 სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა გასცა სესხი მსესხებელ მ. ლ-ის სახელზე 630 ლარის ფარგლებში, სამზარეულო „ნიკას“ განვადებით შესაძენად. პირველ ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული ეთერ ხმალაძის განმარტების თანხმად, იგი ორ ათეულ წელზე მეტია იცნობს თ. გ-ის ოჯახს. მისი შვილი, ი. ლ-ი არსად მუშაობს და მას ოჯახში არაფერი შეუძენია. სახლში არსებული ნივთებიდან თ. გ-ს და მის მეუღლეს სასტუმრო ოთახის ავეჯი, დივანი და სავარძლები შეძენილი აქვთ 25 წლის წინ. იმ დროს თ. გ-ის მეუღლე მუშაობდა სამხედრო ნაწილში და იქიდან გამოიტანა, ხოლო მ. ლ-ს ბავშვობაში, დაბადების დღეზე. პიანინო ბაბუამ აჩუქა. ასევე, მეზობლებმა მ. ლ-ს აჩუქეს ტელევიზორის მაგიდა, ხოლო სამზარეულო თავად შეიძინა განვადებით. მოწმე ი. გ-ის განმარტებით, იგი არის თ. გ-ის მეზობელი და მის ოჯახს იცნობს დიდი ხანია. ოჯახში თუ რამე არსებობს, არის თამაგ გ-ისა და მისი მეუღლის შეძენილი. ი. ლ-ი პატარა იქნებოდა, როდესაც შეიძინეს ე.წ სასტუმრო ოთახის ავეჯი, დივანი და სავარძლები, სამზარეულოს ავეჯი, გამათბობელი. როდესაც ი. ლ-ი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტორად, მან შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც შემდგომ გაყიდა და მიღებული თანხა მოხმარდა ი. ლ-ს ციხეში ყოფნის პერიოდში”.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 13 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ ნივთებზე მართებულად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელეთა საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა მართებული განმარტება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). ამდენად, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ყოველი პირის დაცვა სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოსარჩელეების, როგორც მოძრავი ნივთების მფლობელების, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები და საკრედიტო ხელშეკრულება ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყადაღისაგან განთავისუფლებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება მოსარჩელეთა სკუთრების უფლება სასამართლოს მიერ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 13 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ ნივთებზე, რის გამოც ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ მესამე პირთა სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: თ. გ-სა და მ. ლ-ს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ვინაიდან, ი.ლ-ი ცხოვრობს მშობლებთან, ითვლება საკუთრების მფლობელად და ამავდროულად მესაკუთრედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს, ამავე კოდექსის 158-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.