Facebook Twitter

№ას-339-324-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უნივერსიტეტის დადგენილებებისა და ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, მესამე პირების: მ. ქ-ასა და ტ. ფ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №86 (10/11) დადგენილება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის ქართული ლიტერატურის დეპარტამენტთან მიერთების ნაწილში; 2) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №30 დადგენილება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის ქართული ლიტერატურის დეპარტამენტთან მიერთების ნაწილში; 3) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №31 დადგენილება; 4) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილება გარკვეული კატეგორიის პროფესორებისათვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ; 5) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №99 დადგენილება; 6) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №34 დადგენილება საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ; 7) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 07 ივნისის შეთანხმება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგში ცვლილებების-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულის გაუქმების შესახებ; 8) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 09 ივნისის №97 ბრძანება მ. მ-ის სრული პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 9) ბათილად იქნეს ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის (დადგენილება №32) 49-ე მუხლის პირველი ნაწილი; 10) დაევალოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სრული პროფესორის თანამდებობაზე მ. მ-ის დანიშვნის თაობაზე; 11) დაევალოს მოპასუხეებს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად - 1069 ლარის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურება; 12) დაევალოს მოპასუხეებს მოსარჩელეზე მიყენებული მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, მ. მ-ე არის სრული პროფესორი ქართული ენის მიმართულებით, ამასთან ის არის 208 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 63 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და სხვა; 1992 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ქუთაისის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე, ქუთაისის კულტურის განყოფილების გამგე, ქუთაისის განათლების სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი; მიუხედავად ამისა, 2011 წლის ივნისში საჯაროობის პრინციპის დარღვევით გამოტანილი სადავო დადგენილებების საფუძველზე, უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს ჯერ დეპარტამენტის კოორდინატორის, შემდეგ სრული პროფესორის თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ თითქოსდა შიფრით არის პედაგოგიკის მეცნიერებათა დირექტორი, ხოლო გათავისუფლების საფუძვლად მიუთითეს რეორგანიზაცია. ამასთან, მ. მ-ის თაბამდობიდან გათავისუფლება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 1 აპრილს უნივერსიტეტთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 2014 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნულმა კი, მოსარჩელეს ხელი შეუშალა უნივერსიტეტში მოეზიდა მილიონ ევროდ ღირებული გრანტი;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის სახით 1069 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე და მორალური ზიანის სახით 10000 ლარის ანაზრაურება.

მოპასუხე სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათვისუფლება არ მომხდარა მოქმედი კანონმდებლობისა და მით უმეტეს ეთიკის ნომრების იგნორირებით. უნივესრიტეტში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი, მოხდა რიგი დეპარტამენტების რეორგანიზაცია, დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი და გაუქმდა არა მხოლოდ სრული პროფესორის შტატი ქართული ენის მიმართულებით, არამედ შტატები სხვა მიმართებითაც, რისი განხორციელებაც უნივერსიტეტის მიერ მოხდა ავტონომიურობის და დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით. გარდა ამისა მოპასუხის მხრიდან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე მოსარჩელის თანადებობიდან გათავისუფლება მოხდა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც შეეხება ზიანის და განაცდურის ანაზღაურების და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მანან მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წელს მ. მ-ეს მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება ქართველური ენების სპეციალობით.

2006 წლის 10 მაისის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების რეორგანიზაციის საფუძველზე შეიქმნა სხვადასხვა ფაკულტეტები; მათ შორის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი, თავის მხრივ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე: ქართული ლიტერატურის დეპარტამენტი; ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტი; აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი; დასავლეთ ევროპული და ამერიკის ლიტერატურის დეპარტამენტი; სლავისტიკის დეპარტამენტი; ინგლისური ენის დეპარტამენტი; გერმანული და ფრანგული ენის დეპარტამენტი; არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტი.

2006 წლის 29 აგვისტოდან გაუქმდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 16.08.2006 წლის ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული პროფესორის, დოცენტის, უფროსი მასწავლებლის და მასწავლებლის ყველა საშტატო ერთეული; ამასთან მ. მ-ე 2006 წლის 29 აგვისტოდან დაინიშნა (გადაყვანილი იქნა) სრული პროფესორის თანამდებობაზე ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2010 წლის 01 აპრილიდან 4 წლის ვადით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული იქნა მ. მ-ე (ქართული ენის მიმართულებით, თანამდებობა - სრული პროფესორი; 360 სთ).

2010 წლის 01 აპრილს ერთის მხრივ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (რექტორი გ. ო-ი) და მეორეს მხრივ მ. მ-ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი იღებს დასაქმებულს სამუშაოზე, ხოლო დასაქმებული თანახმაა განახორციელოს შრომითი საქმიანობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობაზე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულებით). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 01.04.2010 წლიდან - 01.04.2011 წლამდე; ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ დასახელებული ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ასევე კანონმდებლობით, დამსაქმებლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამსაქმებლის ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების ან/და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 02 ივნისის №32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი, რომლის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რიცხვიანობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება (მსგავსი აკადემიური თანამდებობის მქონე პირთა შორის) ენიჭება იმ აკადემიური თანამდებობის მქონე პირს, რომლებსაც გააჩნია სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი უშუალოდ შესაბამისი მიმართულებით, დარგით/სპეციალობით. თანაბარი პირობის შემთხვევაში სამუშაზე დარჩენის უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება და მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაცია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №86 (10/11) დადგენილებით რეორგანიზებულ იქნა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საინჟინრო-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტები, რის შედეგად განხორციელდა რვა დეპარტამენტის ერთმანეთზე მიერთება, მათ შორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტს მიუერთდა ქართული ლიტერატურის დეპარტამენტი; ამავე ბრძანებით გადაწყდა უნივერსიტეტის ზოგიერთი აკადემიური თანამდებობის მქონე პირების გათავისუფლება დაკისრებული კოორდინატორის დამატებითი მოვალეობის შესრულებისაგან. გარდა ამისა ბრძანების მე-4 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

დამტკიცდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საინჟინრო-ტექნიკური და საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტების რეორგანიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, რეორგანიზებულ იქნა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საინჟინრო-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტები შემდეგი სახით: ა) უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე მანქანათმშენებლობის დეპარტამენტს მიუერთდა ხარისხის მართვისა და ექსპერტიზის და გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტები; ბ) უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტის მშენებლობის დეპარტამენტს მიუერთდა ტრანსპორტის დეპარტამენტი; გ) უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის დეპარტამენტს მიუერთდა ტექსტილის ტექნოლოგიისა და დიზაინის დეპარტამენტი; დ) უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტს მიუერთდა ქართული ლიტერატურის დეპარტამენტი; ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; დადგენილება ამოქმედდა საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საინჟინრო ტექნიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების რეორგანიზაციის საფუძველზე, აკადემიური თანამდებობის მქონე ექვსი პირი, მათ შორის მ. მ-ე, გათავისუფლდა კოორდინატორის დამატებითი მოვალეობის შესრულებისაგან.

2011 წლის 2 ივნისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს №31 დადგენილებით ,,სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის პროექტის შესახებ“ 2011 წლის 2 ივნისის №87 (10/11) დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის პროფესორთა შემადგენლობის ოპტიმიზაციის მიზნით უნივერსიტეტის საშტატო განრიგში ცვლილების განხორციელების შესახებ, კერძოდ: ა) გაუქმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კომპიუტერული მეცნიერებების (ინფორმაციული ტექნოლოგიების) მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (დატვირთვა 360 სთ); ბ) გაუქმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (დატვირთვა 360 სთ); გ) გაუქმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე კრიმინალისტიკური ელექტრული ტექნიკის სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (დატვირთვა 360 სთ); დ) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით დაემატა ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (დატვირთვა 180 სთ) და ასისტენტ-პროფესორის 1 საშტატო ერთეული (დატვირთვა 180 სთ). ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; დადგენილება ამოქმედდა საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №34 დადგენილებით დამტკიცდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის საშტატო განრიგი, რაც შეთანხმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან; ამავე დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დადგენილება ამოქმედდა საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებით რეორგანიზაციის შედეგად უნივერსიტეტში მიმდინარე შემცირებების გამო გადაწყდა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით არ შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები და შესაბამისად არ გათავისუფლდნენ დაკავებული აკადემიური თანამდებობებიდან ის სრული პროფესორები, რომლებსაც სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი მიღებული ჰქონდათ უშუალოდ შესაბამისი მიმართულებით (მოცემულ შემთხვევაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი), რომელიც გათანაბრებულია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დადგენილება ამოქმედდა საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №99 (10/11) დადგენილებით უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით არ შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები და შესაბამისად არ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის სრული პროფესორები, რომლებსაც სამეცნიერო აკადემიური ხარისხი მიღებული ჰქონდათ უშუალოდ შესაბამისი მიმართულებით (მოცემულ შემთხვევაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი), რომელიც გათანაბრებულია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან, რაც განხილული იქნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე. ამავე დადგენილებით, უნივერსიტეტის რექტორს დაევალა უზრუნველეყო ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების (თანამდებობიდან გათავისუფლება; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა) განხორციელება. ამავე დადგენილების მე-4 მუხლით განისაზღვრა მისი უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დადგენილება ამოქმედდა საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის მიმართულებით სრული პროფესორის სამი შტატიდან დარჩენილ ორ შტატზე დანიშნული იქნენ ტ. ფ-ე და მ. ქ-ა, რომლებთან მიმართებაში უპირატესობის არსებობაზე მოსარჩელეს დავა არ გააჩნია, ხოლო მ. მ-ე უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 9 ივნისის №97 ბრძანებით უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №34 და №36 დადგენილებებზე, აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №99 დადგენილებაზე და ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და 38-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და დამატებით მიეცა ერთი თვის ხელფასი.

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ წარმომადგენლობითი საბჭოს №32 დადგენილება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთა 2.06.2011 წელს; ამასთან სადავო დადგენილებების გამოცემისას არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული საჯაროობის პრინციპი.

2011 წლის 02 ივნისის №86 (101/11), №87 (10/11) დადგენილებები, აკაკი წერეთლის წარმომადგენლობითი საბჭოს 02.06 წლის №30, №31, №32 დადგენილებები საჯაროდ გამოცხადდა 2011 წლის 02 ივნისს (კერძოდ გამოიკრა უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 7.06.2011 წლის №97 (10/11); №98 (10/11) და №99 (10/11) დადგენილებები, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელობითი საბჭოს 7.06.2011 წლის №34 და №36 დადგენილებები საჯაროდგამოცხადდა 2011 წლის 07 ივნისს (კერძოდ გამოიკრა უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე).

აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი იყო სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული საქმე სწორად იქნა გადმოცემული სამოქალაქო პალატისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, სამოქალაქო წესით განხილვისათვის.

პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ გასაჩივრებული აქტები მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის შესაბამისად, უნივერსიტეტი სარგებლობს ავტონომიის უფლებამოსილებით, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად ავტონომია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო, ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.

სააპელაციო სასმართლომ მიუთითა ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს, ხოლო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით უნივერსიტეტის წარმომადგენელობითი საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დაამტკიცოს უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსის და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმები.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712 ბრძანებით ,,რეგულირდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის პროცესი. მართვის პრინციპები, პერსონალის სახეები და უფლებამოვალებები პერსონალთან შრომითი ურთიერთობები სტუდენტთა უფლებამოვალებები და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის პრინციპები და უნივერსიტეტის ფუნქციონირებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. პალატის განმარტებით, უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი შეეხო უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებს. ამ პროცესების რეგულირების მიზნით უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. ანუ რეორგანიზაცია უნივერსიტეტში განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №86 დადგენილება მიღებულ იქნა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, აკადემიური საბჭოს წევრთა 2/3 თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს ფაკულტეტების შექმნის რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 2 ივნისის №30 დადგენილება კი, მიღებულ იქნა იმავე წესდების მე-13 მუხლის ,,ჟ” ქვეპუქტის საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ფაკულტეტების შექმნის რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელობითი საბჭოს 2011 წლის 7 ივნისის №34 დადგენილება მიღებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუქნტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და აღნიშნული დადგენილებები არ ეწინააღმდეგებოდა არცერთ მოქმედ კანონმდებლობასა და ზნეობრივ ნორმებს

აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმა არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და იგი შექმნილი იყო თითქოს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ აპელანტი ვერ უთითებდა ვერცერთ ნორმას, რომელსაც აღნიშნული შინაგანაწესი ეწინააღმდეგება, ხოლო იმის მტკიცება, რომ იგი შექმნილია მხოლოდ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით არ იყო სწორი, ვინაიდან პალატის განმარტებით, შინაგანაწესის 49-ე მუხლი არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობის არცერთ ნორმას. ამდენად, აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი კანონის დარღვევით იყო მიღებული, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმ ნაწილშიც, რომ იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან ცალმხრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი გათავისუფლდა იმის გამო, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა შტატების შემცირება, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი, ხელშეკრულების მოშლა, რომელიც აძლევს უფლებას დამქირავებელს თავისი ინიციატივით შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება მიუხედავად იმისა დაარღვია დაქირავებულმა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები თუ არა, რადგან, ამ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,გ” პუნქტი ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, პალატის განმარტებით, შტატების შემცირება იყო საფუძველი, რომლის გამოც სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იძულებული გახდა შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დაქირავებულთან.

აპელანტის მითითება მასზე, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ” პუნქტი შტატების შემცირებას არ ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი გათავისუფლების ბრძანებასთან დაკავშირებით ეყრდნობოდა ევროპის სოციალური ქარტიის 44-ე მუხლს,-დასაქმების შეწყვეტის ინფორმირებულობას. აღნიშნული ნორმა შესულია მე-4 მუხლში კერძოდ ,,შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლება”. მითითებული მუხლი არეგულირებს შრომის სამართლიან ანაზღაურებას, გათავისუფლების ინფორმირებულობა (აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი) გათვალისწინებულია იმაზე რომ დასაქმებული არ დარჩეს შემოსავლის გარეშე და წინასწარ იზრუნოს ახალი სამსახურის მოძიებაზე. მოცემულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების მოშლისას ეძლევა ერთი თვის ანაზღაურება, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მისი უფლება შრომის სამართლიანი ანაზღაურების კუთხით არ ირღვევა, რადგან ერთი თვის ხელფასი ეძლევა ისე, რომ მხარეთა შორის შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა, ანუ დასაქმებული არ არის დაწესებულებაში და ამ პერიოდში საშუალება აქვს მოითხოვოს სხვა სამსახური.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სსიპ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მოსაზრება, რომ აპელანტის მიერ მითითებული ქარტიის 44-ე მუხლი მოცემულ შეთხვევაში არ დარღვეულა და აპელანტის მხრიდან მასზე აპელირება უსაფუძვლო იყო..

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ დარგებში ის უფლებები,რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. პალატამ არ გაზიარა აპელანტის მსჯელობა იმაზე, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი მსჯელობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან მის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ - რადგან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გარემოებები ჩამოყალიბებულია შესაბამის გასაჩივრებულ აქტებში.

პალატის მითითებით, უნივერსიტეტის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განხორციელდა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება, რის საფუძველზეც გაუქმდა სრული პროფესორის რამდენიმე საშტატო ერთეული, მათ შორის ერთი საშტატო ერთეული შესაბამის დეპარტამენტში. მის შემდგომ კი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით მიღებული იქნა გარკვეული პირობა და განხორციელდა მოსარჩელე მხარის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლომ მოსარჩელის მტკიცება მის დისკრიმინაციაზე, უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა შესაბამისას აქტებში ასახული პირობების დაცვით.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის მიმართ უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის გამოვლენას ადგილი არ ჰქონია.

აპელანტის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნა, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა უკანონოდ.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. აპელანტი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება რომ წარმოიშვას პირის მხრიდან თანახმად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა დადასტურებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება აწს უნივერსიტეტის მხრიდან. რადგან აპელანტი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით არის გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც ვერ წარმოიშობოდა და არც შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და არც ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვებოდა, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის დაცვით და მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნა არის კანონიერი, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება, შესაბამისად, არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორრმა სადავოდ გახადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასმართლომ სრულად გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და ამასთან, დამატებით განმარტა მთელი რიგი გარემოებები, რითაც დაარღვია სსსკ-ის 389-390-ე მუხლები, ვინაიდან სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას საერთოდ არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია მესამე პირების საქმეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებით ჩაბმის შესახებ და არ გაუთვალისწინებია მ. ქ-ასა და ტ. ფ-ის უარის არარსებობა მის მოთხოვნასთან მიმართებაში.;

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 2 ივლისის №32 დადგენილების, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვით დაცულ იქნა საჯაროობის პრინციპი, ვინაიდან ვებ გვერდზე არ გამოქვეყნებულა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, რომელიც დამტკიცდა აღნიშნული №32 დადგენილებით;

კასატორის აზრით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გასაჩივრებული დადგენილებები თითქოსდა გამოცხადდა საჯაროდ, გამოქვეყნდა რა საინფორმაციო დაფაზე;

კასატორის განმარტებით, შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს შრომის შეწყვეტის საფუძვლად შტატების შემცირებას, აქედან გამომდინარე, 2011 წლის 9 ივნისის №97 ბრძანების ფორმულირება ამ მხრივაც არასწორია.

კასატორის აზრით, მის მიმართ ზიანი დადმდგარია არამარტო სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლებით განსაზღვრული უკანონო ქმედებებით, არამედ ამავე კოდექსის 361-ე და 394-ე მუხლების მიხედვით, რაც გამოიხატა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. მ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 20 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.