Facebook Twitter

20 მაისი, 2015 წელი საქმე №ას-342-327-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე.პ.ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის განჩჲნებაზე, საქმეზე – ნ.ქ.ისა და ნ.გ.ის სარჩელის გამო, გ. და ე.პ.ების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.პ.ისა და გ.პ.ის საკასაციო საჩივარი ე.პ.ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ი.მ.ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ე.პ.ის მიერ ი.მ.ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი გ.პ.ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ე.პ.ს გაუგრძლედა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში მის მიერ ი.მ.ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან უშუალოდ თავის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხვნათა დაცვით და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 4 მაისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 5 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 7 მაისს. ამ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.პ.ისა და გ.პ.ის საკასაციო საჩივარი ე.პ.ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე