Facebook Twitter

№ას-344-329-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – აუქციონზე შეძენილი ქონების გადაცემა ან მისი ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლის, 316-ე, 361-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე, აუქციონზე შეძენილი ქონების გადაცემის ან მის ნაცვლად თანხის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2011 წლის 4 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელ გ.მ-ის №ა...განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა უშედეგო აუქციონის შემდგომი რეალიზაციით გაყიდული, ახალქალაქის რაიონის სოფელ აზმანაში მცხოვრები მოვალე მ. მ-ის მოძრავი ქონება: 20 ცალი ცხვარი და ერთი ცალი ძროხა, რაშიც, შესაბამის ანგარიშზე მოსარჩელემ გადაიხადა 1900 ლარი. ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3800 ლარს, კერძოდ, ერთი სული ცხვარი მოპასუხის მიერ შეფასებულ იქნა 150 ლარად, ხოლო ძროხა – 800 ლარად. 2011 წლის 19 თებერვალს ი. ს-ი და აღმასრულებელი გ.მ-ე მივიდნენ მოვალესთან შეძენილი ქონების საკუთრებაში გადასაცემად, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა, რადგან ქონება ფაქტობრივად არ აღმოჩნდა ადგილზე. აღნიშნულის გამო შედგა სათანადო ოქმი. მოპასუხემ მოსარჩელეს, როგორც კანონიერ მესაკუთრეს, შეძენილი ქონება რეალურად ვერ გადასცა და განკარგულება სისრულეში ვერ მოიყვანა, რითაც უხეშად ირღვევა ი. ს-ის კანონიერი უფლებები. მესაკუთრე ვერ იღებს ქონებას, რომელიც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შეიძინა და რომლის გადაცემის ვალდებულებაც გააჩნდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო ბიუროს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს, ქონების მიუღებლობის გარდა, ასევე ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, რადგანაც მან ქონების შესაძენი თანხა აიღო სესხად, რომელზეც ერიცხება პროცენტები და მისი ოდენობა ყოველთვიურად იზრდება (მან სესხად აიღო 2300 ლარი ყოველდღიურად პროცენტის – 20 ლარის დარიცხვით), ზიანს წარმოადგენს ასევე შეძენილი ქონებიდან შემოსავლის მიუღებლობა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიურომ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 11 მაისს გაცემული №2/101-09 სააღსრულებო საქმის თანახმად, რომელიც სააღსრულებლო ბიუროს წარმოებაში იმყოფებოდა, მოვალე მ. მ-ეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ვინაიდან მოვალემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა სააღსრულებლო ფურცლით დაკისრებული თანხა, აღმასრულებელი 2010 წლის 13 ოქტომბერს გამოცხადდა მ. მ-ის იურიდიულ მისამართზე, აღწერა და დააყადაღა მოვალის კუთვნილი ქონება, კერძოდ, 6 სული ექვსთვიანი ღორი, 5 სული ძროხა, 20 სული ცხვარი და 3 სული ხბო. აღწერილი და დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა მიშა ნათაძეს, რომელსაც განემარტა „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების განკარგვის, ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, ან/და ქონების შესანახად გადაცემისათვის. აღნიშნული ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერს თავად შემნახველიც, მან იცოდა, რომ მიბარებული ქონება არ წარმოადგენდა მის საკუთრებას. ქონების შეფასების შემდეგ გამოცხადდა აუქციონი, პირველი აუქციონი უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ქონების გასხვისება მოხდა რეალიზაციის გზით და შემძენის სახელზე გაიცა სათანადო განკარგულება. აუქციონი ჩატარდა „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. 2011 წლის 2 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს უფროსის მიმართვით, საქმე გადაიგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, ვინაიდან მოხდა დაყადაღებული ქონების რელიზაცია. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს. აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტი – განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მოსარჩელეს ქონება გადაეცა განკარგულების საფუძველზე, შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მითითება უსაფუძვლოა, ასევე უმართებულოა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 352-ე მუხლებზე მითითება. აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, მოსარჩელე კი ვერ მიუთითებს აღნიშნული კანონის მოთხოვნების დარღვევაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1900 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 57 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწტვეტილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ გარემოებებს, გაიზიარა შემდეგი: 2011 წლის 4 თებერვალს ი.ს-მა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. მ-ის განკარგულების საფუძველზე, 1900 ლარად შეისყიდა უშედეგო აუქციონის შემდგომი რეალიზაციით გაყიდული მოვალის ქონება: 20 სული ცხვარი და ერთი სული ძროხა, შემძენს არ გადასცემია მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონება. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი მოვალის (მ. მ-ის) მოძრავი ნივთები, მათ შორის 20 სული ცხვარი და ერთი სული ძროხა, რომელიც აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იყო 2010 წლის 13 ოქტომბერს და შესანახად ჩაბარდა შემნახველ მიშა ნათაძეს, გაიყიდა აუქციონის გვერდის ავლით, უკანონოდ და ფაქტიურად აღარ არსებობს აუქციონზე გატანილი მოვალის დასახელებული ქონება, შესაბამისად, ი.ს-ს არ გადასცემია მის მიერ აუქციონის წესით შეძენილი 20 სული ცხვარი და ერთი ძროხა. პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველი საქმე ვალდებულებითი კატეგორიის დავად მიიჩნია, რადგანაც სამცხე-ჯავახეთის სააღსრუბლებო ბიუროს, რომელმაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელა მოვალის ქონების სარეალიზაციოდ აუქციონზე გატანა, ი.ს-ს, როგორც შემძენს, რომელმაც აუქციონის წესით შეძნილ ქონებაში გადაიხადა 1900 ლარი, წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით დადგენილია გამყიდველის ვალდებულება გაყიდული საქონლის მყიდველისათვის გადაცემის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიურო, რომელიც „სააღსრილებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენდა უფლებამოსილს, განეხორციელებინა მოვალის ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია, წარმოადგენს ვალდებულ პირს შემძენის მიმართ, გადასცეს მის მიერ აუქციონის წესით შეძენილი ქონება. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რადგანაც აპელანტის მოსაზრება, რომ სააღსრულებო ბიურომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა დაცვით განახორციელა განკარგულების გამოცემა ი. ს-ის სასარგებლოდ მითითებულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ და არ არსებობს სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, მოკლებულია საფუძვლიანობას, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა არ უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს მხრიდან განხორციელებულ სააღსრულებო მოქმედებათა კანონთან შეუსაბამობას, ანუ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს მოპასუხე სააღსრულებო ბიუროს ქმედებათა უკანონობიდან. ი. ს-ი, როგორც აუქციონის წესით ნივთის შემძენი, უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიერ შეძენილი ქონების მისთვის გადცემა, აღნიშნულ მოთხოვნას კი შეესაბამება უფლებამოსილი პირის (აუქციონის მომწყობისა და მოვალის ქონების გამყიდველის – სააღსრულებო ბიუროს) ვალდებულება, გადასცეს შემძენს აუქციონის წესით გასხვისებული ნივთი. ის გარემოება, რომ აუქციონზე გატანილი მოვალის ქონება აღმოჩნდა კანონდარღვევით გაყიდული, არ შეიძლება გახდეს შემძენისათვის ნივთის გადაცემის ვალდებულების გაუქმების საფუძველი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი მიმართულია სააღსრულებო წარმოების სუბიექტების უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისკენ, ასევე სხვადასხვა სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების რეგულირებისაკენ და შემძენის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა სცილდება დასახელებული კანონის რეგულირების სფეროს და ექცევა სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროში. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე მითითებითა და იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონის წესით შეძენილი ქონების გადაცემა შემძენისათვის ობიექტურად შეუძლებელი აღმოჩნდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლებზე მითითებით, სწორად განსაზღვრა შემძენის უფლებამოსილება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ და უკვე განხორციელებული შესრულების – 1900 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიურომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას, სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 394-ე მუხლის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სასამართლოს მიერ განხილულია არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. არასწორია გასაჩივრებული განჩინების არგუმენტი, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელა მოვალის ქონების სარეალიზაციოდ აუქციონზე გატანა, ი.ს-თან, როგორც შემძენთან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, წარმოეშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რადგანაც აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და მის მიმართ სამოქალაქო გარიგების მაკვალიფიცირებელი ნორმების გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა. აღსრულებისას აუქციონზე ქონების შემძენსა და აღმასრულებელს შორის არ იდება გარიგება, ამ დროს აღმასრულებლის მიერ არ ხდება საკუთარი ქონების მიმართ ნების გამოვლენა, არამედ სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური რეგულაცია, რაშიც სააღსრულებო ბიუროს მიერ ნივთის მყიდველისათვის ფიზიკურად გადაცემის ვალდებულება გაწერილი არ არის. იძულებითი აუქციონის ჩატარებისას სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო არ წრმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ გამყიდველს. მის მიერ იძულების წესით გაყიდულ იქნა არა საკუთარი ქონება, არამედ მოვალის ქონება, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობა წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას. სააღსრულებო ბიუროსა და აუქციონზე ქონების შემძენს შორის წერილობითი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ დადებულა, არამედ, აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის თანახმად, გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით უფლების მიღების შესახებ, რაც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებულია, გადასცეს ნივთი გამყიდველს, ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონში არ არის მითითებული ნივთის ფიზიკურად გადაცემა, ანუ მყიდველისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადასვლა, არამედ, საუბარია ნივთის სამართლებრივ გადაცემაზე, რაც შესრულდა კიდეც აუქციონის შედეგად განკარგულების გამოცემით. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად არასწორია, მოცემულ შემთხვევაში, უმთავრესია ის გარემოება, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. მოცემული დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა და მისი განხილვა უნდა ეწარმოებინა ადმინისტრაციულ სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა, მისი საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 16 მარტის №... საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბურომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადა 300 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, რადგანაც დავის საგნის ღირებულება 1900 ლარს შეადგენს, შესაბამისად, მხარემ ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადაიხადა 150 ლარი (300/2=150).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურიოს მიერ 2012 წლის 16 მარტის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან მისი 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 16 მარტის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან მისი 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.