№ას-347-332-2012 14 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. მ-ე, ლ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ., მ., დ. და თ. ფ-ები
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ და ლ. ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ., მ., დ. და თ. ფ-ების მიმართ და მოითხოვეს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა შემდეგი დასაბუთებით: ლ. ს-ეს ქალაქ თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე სახლთმფლობელობის 3/24 წილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მამის, სერგო ს-ის, სამკვიდრო ქონებიდან მიღებული მემკვიდრეობის საფუძველზე. ლ. მ-ეს კი, ქალაქ თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე სახლთმფლობელობის 3/24 წილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა გარდაცვლილი სერგო ს-ის მემკვიდრის ვ. ს-ის მემკვიდრეების ქ. ს-ის, ი. ს-ისა და მიხეილ ს-ის კუთვნილი 3/24 წილის 2009 წლის 30 მარტს აუქციონზე შეძენის გზით. მოსარჩელე ლ. ს-ის შენობის პირველ სართულზე კუთვნილი ფართიდან 4.97კვ.მ და 5.23კვ.მ და მოსარჩელე ლ. მ-ის პირველ სართულზე განთავსებული კუთვნილი ფართიდან 28 კვ.მ და კიბის ქვეშ 4.50 კვ.მ დაკავებული აქვთ მოპასუხეების - ფ-ების ოჯახს და გამონთავისუფლებაზე აცხადებენ უარს. ძველი თბილისის სამმართველოს №1 განყოფილების მიერ მოსარჩელეებს ფ-ების ოჯახის გამოსახლებაზე ეთქვათ უარი იმ მოტივით, რომ უძრავი ნივთი გამიჯნული არ იყო. 2009 წლის 8 სექტემბერს გამიჯვნის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ლ. მ-ე ერთ-ერთი მესაკუთრის ლ.კ-ის წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდა მისთვის დაეთმო 10 კვ.მ ოთახი, რომელიც დღეს ასევე დაკავებული აქვთ ფ-ებს და დანარჩენი ფართი გამიჯნეს, რაც აისახა საჯარო რეესტრში.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეები წარმოადგენენ საქართველოს კანონის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ თანახმად მოსარგებლეებს, სადავო საცხოვრებელი სადგომი 1986 წელს ჯ. ს-ისგან აქვთ შეძენილი. რ. ფ-ი 1987 წლიდან ჩაწერილია ამ სადავო ბინაში, იხდის კომუნალურ გადასახადებს, რეგისტრირებულია აბონენტად და ამდენად, მას აქვს სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისა და ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ლ. მ-ე წარმოადგენს ქ. თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 28 კვ.მ და №1 შენობა-ნაგებობა კიბის ქვემოთ მდებარე 4.50კვ.მ ფართის სარდაფის მესაკუთრეს. მოსარჩელე ლ. ს-ე წარმოადგენს უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ც-ის შესახვევი №7-ში მდებარე, შენობა-ნაგებობის პირველი სართულზე არსებული 11.57 კვ.მ და №2 შენობა-ნაგებობის 13.85კვ.მ-ის, სულ 25.42 კვ.მ ფართის მესაკუთრეს.
მოპასუხეები რ. ფ-ი, მ. ფ-ი, დ. ფ-ი და თ. ფ-ი ცხოვრობენ სადავო ბინაში, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ე.ი სადავო უძრავი ნივთი მათ მფლობელობაშია. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ამონაწერის მომზადების დროსათვის ქ. თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში მდებარე უძრავი ნივთი საკუთრებაში აღრიცხული იყო იდეალური წილების მიხედვით. სს ,,თელასის’’ მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მისამართზე ქ. თბილისში, ც-ის შესახვევი №7-ში 1996 წლის იანვრიდან აბონენტად რეგისტრირდება რ. ფ-ი სააბონენტო ნომრით 0672766. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი - სამგორის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რ. ფ-ი 1987 წლის 8 ივლისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 2004 წლის 25 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მისამართზე ქ. თბილისში, ც-ის შესახვევი №7-ში რეგისტრირებული არიან მ., რ., გ., დ. და თ. ფ-ები. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 02.11.1993 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. და ლ. ს-ეების სარჩელი რ. და მ. ფ-ების ქალაქ თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში მდებარე ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1994 წლის 25 იანვრის განჩინებით. ქალაქ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 02.08.1994წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: ლ. ს-ისა და ვ. ს-ის სარჩელი, რ. ფ-ი და მ. ფ-ი გამოსახლებულ იქნენ ბინიდან ქ. თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში 25.38კვ.მ №2 ოთახიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 1994 წლის 30 აგვისტოს განჩინებით. საქალაქო სასამართლო პრეზიდიუმის 1995 წლის 26 იანვრის დადგენილებით გაუქმდა ქალაქ თბილისის ისნის რაიონის სასამართლო 1994 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, ასევე საქალაქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიის 30.08.1994წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სხვა შემადგენლობას. აღნიშნულ დადგენილებაში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ ჯერ კიდევ 1993 წლის 2 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ. და ლ. ს-ეებს უარი ეთქვათ რ. და მ. ფ-ების მიმართ ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, ასეთ ვითარებაში მოპასუხეები სადავო ბინის ფართზე უფლებამოპოვებულ პირებად ითვლებიან. ამდენად, თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს მიერ 1994 წლის 2 აგვისტოს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მოპასუხეების სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, როდესაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მ. და რ. ფ-ების ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის თაობაზე. ისნის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ს-ის სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ და მას ნება დაერთო მოეწყო გამყოფი ტიხარი ქალაქ თბილისში, ც-ის შესახვევ №7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ ,,ა-1’’-ის 1-ლი სართულის 25.38 კვ.მ ფართობის №2 საცხოვრებელ ოთახში, ხოლო ვ. ს-ის მოთხოვნა ფ-ების საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან ერთ-ერთმა მოსარჩელემ ლ. ს-ემ (რომელიც ამჟამადაც მოსარჩელეა) მხარი არ დაუჭირა ფ-ების მისი კუთვნილი ფართიდან გამოსახლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც რ. ფ-ი 1987 წლის 8 ივლისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ც-ის შესახვევი №7-ში, სს „თელასის“ აბონენტად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეები სადავო ფართზე უფლებამოპოვებულად არიან მიჩნეულნი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუსაბუთებელია აპელანტების მსჯელობა მოპასუხეების მიერ სადავო ნივთის არამართლზომიერად ფლობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ იკვეთება სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, არ დასტურდება მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ემ და ლ. ს-ემ შემდეგი დასაბუთებით: უდავო ფაქტია, რომ სერგო ს-ის სამკვიდრო ქონება თავისუფალი იყო ვალდებულებებისგან და, შესაბამისად, მისი მემკვიდრეები ვალდებულებას ვერ მიიღებდნენ სამკვიდროს მიღების შედეგად, ხოლო ჯ. ს-ის ვალდებულებები მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად გადაცემულია მისი მემკვიდრეების დღეისათვის მათი უფლებამონაცვლე ლ.კ-ისა და მ.მკრტიჩიანის სახელზე. პალატამ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, რამეთუ ძირითადი არგუმენტი ამ კანონის გამოყენებისა და ნივთის კეთილსინდისიერად მფლობელობისა არის ნივთის კანონიერ მესაკუთრესთან შეთანხმება, რაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება. მოპასუხის მიერ დაკავებული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა სერგო ს-ე, ხოლო შემდგომ მისი მემკვიდრეები. მემკვიდრეთაგან ერთ-ერთი ვ. ს-ე ყოველთვის ცდილობდა მოპასუხეთა გამოსახლებას დაკავებული ფართიდან.
ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო მოქმედება, რომლის საფუძველზეც ჯ.ს-ეს მითვისებული ჰქონდა სერგო ს-ის ქონება, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის მომენტიდან ასევე ბათილია ყველა ის გარიგება, რაც დაკავშირებული იყო ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე მისაკუთრებულ ქონებასთან, ე.ი. მოპასუხეების მიერ დაკავებულ ფართთან, თუმცა აღნიშნული სასამართლოს მიერ არ არის არც გათვალისწინებული და არც შეფასებული. არ არის გათვალისწინებული 1994 წელს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი და ასევე საბინაო კოდექსი, რომელთა თანახმად, თუ პირი სარგებლობდა საცხოვრებელი სადგომით ექვს თვეზე მეტი ვადით, ექვემდებარებოდა რეგისტრაციას და ცნობილი იყო ფართზე უფლებამოპოვებულად, ის რომ მოპასუხეები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ისიც უდავოა, რომ წლების განმავლობაში გრძელდებოდა მათი დაკავებული ფართიდან გამოსახლების საკითხი. 1995 წელს მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის გამოსახლების საკითხი სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა განუხილველად მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ვ. და ლ. ს-ეების საერთო საკუთრებაში მყოფი ოთახი არ იყო გამიჯნული, მათ გამოსახლებას კი ითხოვდა ვ. ს-ე. აღსანიშნავია, რომ, როგორც 1993 წლის 2 ნოემბერს, ასევე 1995 წლის 12 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რ.ფ-ი წარმოადგენს მდგმურს, რომელმაც წინასწარ გადაიხადა ქირა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს გ. ბ-ის მიერ 2012 წლის 16 მარტს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით კასატორ ლ. ს-ეს 300 ლარის გადახდა გადაუვადდა, ლ. ს-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის (სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი მთლიანი თანხის 300 ლარის) 30% - რაც შეადგენს 90 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ლ. ს-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი მთლიანი თანხის 300 ლარის 30% - 90 ლარი.
ლ. მ-ეს დაუბრუნდეს გ. ბ-ის მიერ 2012 წლის 16 მარტს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი (2012 წლის 16 მარტი, საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.