Facebook Twitter

№ას-357-338-2012 21 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. რ-ის მიმართ და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად თანხის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის ბოლოს მოპასუხემ გადაწყვიტა ბინის გაყიდვა და შესთავაზა ნასყიდობის ფასის ნაწილ-ნაწილ დაფარვა. ბინის შესასყიდი თანხა განისაზღვრა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარად. ვინაიდან, მოპასუხეს ჰქონდა მ.ა-ის ვალი 2009 აშშ დოლარი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა გაქვითულიყო ნასყიდობის ფასში, ხოლო დარჩენილი 5991 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა გაეგზავნა რუსეთში, სადაც ის აპირებდა გამგზავრებას. მოპასუხემ რუსეთში გამგზავრების შემდეგ ბინის გასაღები დაუტოვა მ.ა-ს, ხოლო, მოგვიანებით, ნოტარიული წესით გაუფორმა მინდობილობა, რომლითაც სხვა უფლებებთან ერთად მიანიჭა ბინის შესყიდვისა და მის სახელზე გაფორმების უფლებაც. მ.ა-მა მინდობილობის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, მოპასუხეს გაუგზავნა 2050 აშშ დოლარი, სამიოდე კვირის შემდეგ – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, 2011 წლის თებერვალში 941 დოლარი და ბოლოს, 14 აპრილს, დარჩენილი 1000 აშშ დოლარი გადაურიცხა. თანხას რიცხავდა მოსარჩელის შვილი დ. ა-ი და რძლები სოფიო რევიშვილი და ნ. გრიგოლაშილი, ხოლო მოპასუხისათვის განკუთვნილ თანხას რუსეთში ბანკიდან ღებულობდა დ.რ-ის შვილი თ. გ-ი. მ.ა-ს სურდა ბინის თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა, რა დროსაც საჯარო რეესტრში შეიტყო, რომ დ.რ-ემ 2011 წლის 25 მაისს გააუქმა მის სახელზე გაცემული მინდობილობა. აღნიშნულის გამო მ.ა-ი ითხოვს დ.რ-ისათვის გაგზავნილი თანხის - 5991 აშშ დოლარის დაბრუნებას.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მტკიცება ბინის საფასურის 5991 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით არის სიცრუე. მოპასუხის შვილი არის არა თ. გ-ი, არამედ თ. ბ-ე. არც მოსარჩელეს და არც მისი ოჯახის წევრებს არ გადაუხდიათ უძრავი ქონების ღირებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. რ-ეს დაეკისრა მ. ა-ის სასარგებლოდ 5991 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრა დ. რ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით დ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 25 დეკემბერს შედგენილი მინდობილობით დ. რ-ემ მ. ა-ს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ მ. ა-მა აწარმოოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში დ. რ-ის კუთვნილი უძრავი ქონების, ქალაქ ქუთაისში, ა-ის ქუჩის №7-ში მდებარე საცხოვრებელი 33 ბინის დ. რ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული უფლებამოსილების გარდა, მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა უფლებამოსილება დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, კერძოდ: შეისყიდოს, გადაიფორმოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება. 2010 წლის 25 დეკემბერს გაცემული მინდობილობა გააუქმა 2011 წლის 25 მაისს. მ. ა-ს და დ. რ-ეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება საცხოვრებელი ბინის მდებარე ქალაქ ქუთაისში, ა-ის ქუჩა 7-ში, ბინა 33-ის ნასყიდობის თაობაზე. მ. ა-ის დავალებით დ.ა-მა, სოფიო რევიშვილმა და ნ. გ-მა დ. რ-ეს გადაუგზავნეს სადავო ქონების ნასყიდობის ფასი 5991 აშშ დოლარის ოდენობით. ნასყიდობის თანხის მიღება ხდებოდა დ.რ-ის შვილის თ. გ-ის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 323-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მ.ა-ის მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა დ.რ-ის სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.რ-ემ შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხე თხოვდა მ. ა-ს მხარეთა მიერ შეთანხმებული საზღაურის გადახდას, მაგრამ მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხა დ. რ-ისათვის დღემდე არ არის გადახდილი, რაც გახდა საფუძველი მინდობილობის გაუქმებისა. თანხა საქართველოდან რუსეთში მოსარჩელის შვილისა და რძლების მიერ გაგზავნილია არა დ. რ-ისათვის არამედ ვინმე თ. გ-ის სახელზე. კასატორის განმარტებით, თ. გ-ი არ არის მოპასუხის შვილი. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დააკისრა მოპასუხეს თანხა, რომელიც არც მას და არც მის შვილს არ მიუღია. საქმეში არ მოიპოვება ვალდებულების შესრულების მტკიცებულება და, აქედან გამომდინარე, დ. რ-ე თანხის მიმღებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, სასამართლოს არ გამოურკვევია, ვინ არის თ. გ-ი, რომელსაც ეგზავნებოდა ფული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად თანხის დაბრუნება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. რ-ეს უნდა დაუბრუნდეს მ. მ-ის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 492.90 ლარის 70% _ 345.03 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

დ. რ-ეს დაუბრუნდეს მ. მ-ის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 492.90 ლარის 70% _ 345.03 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი #..., 2012 წლის 16 თებერვალი) სს ბანკ „რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.