№ას-362-343-2012 21 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: ლ. ქ-ე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 24 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე. 2005 წელს მოსარჩელესა და ლ. ქ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეთა შორის განისაზღვრა უფლება-მოვალეობები. კერძოდ: პირველმა მხარემ (უნივერსიტეტმა) აიღო ვალდებულება, რომ „ყველა პირობას შეუქმნიდა სტუდენტს სწავლა-აღზრდისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდა მას საერთო საცხოვრებელში ბინით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით“. მეორე მხარემ ასევე აიღო ვალდებულება, „შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები“. წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „სტუდენტი ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში ვალდებულია, სწავლის საფასური გადაიხადოს სემესტრულად და, შესაბამისად, ორ ეტაპად, სწავლის საფასურის 50% პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, ხოლო მეორე სემესტრის სწავლის წლიური საფასურის 50% - მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. ლ. ქ-ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, მას რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №694 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების შესახებ და განესაზღვრა ვადა თანხის გადასახდელად, მაგრამ მან თანხა არ გადაიხადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, ლ. ქ-ეს დაეკისროს 2300 ლარის სწავლის საფასურის გადახდა.
მოპასუხე ლ. ქ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულება მხარეებს შორის შედგენილი იყო ერთი წლის ვადით 2005 წლის 29 სექტემბრიდან 2006 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, რის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მიერ პირობების შეუსრულებლობით კარგავდა ძალას, ვინაიდან, მოპასუხე მხარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა 2006 წლის 29 სექტემბერს და სწორედ ამ დროიდან ავტომატურად შეუწყდა ლ. ქ-ეს სტუდენტის სტატუსი და მნიშვნელობა არა აქვს, როდის დაიწერა მოსარჩელის მიერ ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 24 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით ლ. ქ-ე ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩაირიცხა ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დაწყებითი განათლების სპეციალობის პირველ კურსზე. 2005 წლის 26 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლ. ქ-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით მოპასუხეს რექტორის №1-52 ბრძანებით, დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. ლ.ქ-ემ 2005 წლის დეკემბერში გადაიხადა მხოლოდ 200 ლარი, მას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, დადგენილი სწავლის საფასური სრულად გადაეხადა, ამიტომ ვეღარ გააგრძელა სწავლა. 2005 წლის დეკემბრიდან მოპასუხეს აღარ უვლია ლექციებზე და არც სწავლის საფასური არ გადაუხდია. უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, ლ. ქ-ეს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. მოპასუხეს 2011 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, დ.ლეკვეიშვილის მიერ გაეგზავნა გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების – 2300 ლარის დაფარვის მოთხოვნით, რაც მას ჩაჰბარდა 2011 წლის 19 აპრილს. უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხესთან შემდეგ წლებში წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება აღარ გაფორმდა. მოპასუხეს 2006 წლის იანვრიდან ლექციებზე საერთოდ არ უვლია და საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ იგი 2005 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უნივერსიტეტთან აღარ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაღზაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. კონკრეტული მაგალითით არ დასტურდება ზიანის არსებობა, რაც გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანების მე-4 ნაწილის თანახმად, დაწესდა სწავლის საფასურის სემესტრული გადახდა, კერძოდ: სწავლის საფასური გადახდილ იქნა თანაბარწილად – 50% თითოეული სემესტრისათვის. ამასთან, პირველი ნახევრის საფასურის გადახდის ვადად დადგინდეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, ხოლო მეორე სემესტრისა - მომდევნო წლის 20 თებერვალი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტები, რომელთაც გადასახდელი ჰქონდათ სწავლის საფასური ამოირიცხნენ სტუდენტთა სიიდან.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სტუდენტი ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში ვალდებულია, სწავლის საფასური გადაიხადოს სემესტრულად, კერძოდ, ორ ეტაპად, სწავლის საფასურის 50% პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, ხოლო 50% კი - მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. პირველი სასწავლო წელს სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის წინასწარ, სწავლის დაწყებამდე მთელი წლის საფასურის 100%-ის ოდენობით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით სტუდენტი ვალდებულია, ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბანკო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდის გზით. ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება სასწავლო წლის დაწყებამდე და რეგისტრაციის კონკრეტული ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების უფლების მოსაპოვებლად გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მომსახურე ბანკში სწავლის საფასურის შეტანასა და დარეგისტრირებას. ამავე წესების მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი აბიტურიენტის მიერ ეროვნული გამოცდების გავლისა და სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ, ასევე რექტორის ბრძანება სტუდენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ. ამ მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სტუდენტთან გაფორმებულ სასწავლო ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ამ წესით დადგენილი სტუდენტის ფინანსური ვალდებულებები. სწავლის საფასურის გადახდის პირობები, ვადები, ასევე უნივერსიტეტის ვალდებულებები სტუდენტის მიმართ. სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სტუდენტის მიერ მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყების თარიღისათვის სრულად არ იქნება გადახდილი წინა სემესტრის სწავლის საფასური და სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაწესებული თანხა, წყდება სტუდენტთან გაფორმებული სასწავლო ხელშეკრულება და სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
უნივერსიტეტის წესდების 31-ემუხლის თანახმად, სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხდელობისას. წესდების 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის №70 დადგენილებით დამტკიცებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმათლებლო პროგრამების განხორციელების დებულების მე-4 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, სტუდენტის მიერ ორი თვით სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში მას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. ამავე დებულების ამავე მუხლის 26-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს პირადი სურვილით. უნივერსიტეტის წესდების 66-ე მუხლის მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს პირადი განცხადების საფუძველზე. არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად, კანონით დადგენილი არის საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის, ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ანდა მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ლ. ქ-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2005 წლის დეკემბრის თვის ბოლოდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ იურიდიულად სათანადოდ ვერ დასაბუთდა, თუ რატომ არ მიიჩნია მოპასუხე 2008 წლამდე პერიოდში უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ანდა თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია მოსარჩელის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია „ზედიზედ სამი სამესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“. ასევე აღსანიშნავია 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით“. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს 151-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლო შესასრულებელი ვალდებულებიდან.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა მის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობისას. კერძოდ, არანაკლებ სამი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ითვლება 2008 წლიდან, ზედიზედ 3 სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა გახდა საფუძველი სტუდენტის მიმართ სტატუსის შესაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის. საბოლოოდ კი, წარმოება დასრულდა 2008 წლის დეკემბრის ბრძანებით. აღნიშნულის შედეგად სტატუს შეწყვეტილი პირების მიერ სტუდენტის სტატუსის ხელახლა მოპოვება შესაძლებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან. უნივერსიტეტი ამ დრომდე მოპასუხეს სტუდენტად მიიჩნევდა. შესაბამისად თვლიდა, რომ მასთან იყო სამართლებრივ ურთიერთობაში, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, დამატებითი ძალისხმევის გარეშე სტუდენტს სწავლა გაეგრძელებინა. მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის აქტის გამოცემისთანავე უნივერსიტეტს წარმოეშვა უფლებამოსილება, დარღვეული უფლების აღსადგენად მიემართა სტუდენტისათვის, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ სასამართლოსათვის. არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე გამოუცხადებლობის გამო ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობისას სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი. (2012 წლის 16 თებერვალი, საგადასახადო დავალება #315) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.