№ას-363-344-2012 17 მაისი , 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები: – 1. ი. ბ-ა (მოსარჩელე)
2. ნ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორ ი. ბ-ას მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასატორ ნ. მ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, მარტერიალური ზიანის – 6516.20 ლარის ანაზღაურების დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ემ მცხეთაში, მ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ უძრავი ქონება დატოვა საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი. ბ-ას მისი კუთვნილი უძრავი ქონება დაუბრუნა პირვენდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. მ-ეს ი. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1541 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩჲვრა ორივე მხარემ.
ი. ბ-ამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ნ. მ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. ბ-ას უარი ეთქვა თევზის შესაბოლისა და საკურდღლის მოწყობის ხარჯების ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. მ-ეს ი. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თევზის შესაბოლისა და საკურდღლის მოწყობის ხარჯების ანაზღაურება 284 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2011 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის მაისში ნ. მ-ესა და ი. ბ-ას შორის შედგა ფორმადაუცველი შეთანხმება მცხეთაში, მ-ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნასყიდობასთან დაკავშირებით.
ორი წლის მანძილზე, კერძოდ, 2008 წლის მაისიდან 2010 წლის მაისამდე ნ. მ-ე სარგებლობდა მცხეთაში, მ-ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთითა და მასზე მდებარე შენობით.
2010 წლის მაისში ნ. მ-ემ პოლიციის მოთხოვნით გამოანთავისუფლა მის მიერ დაკავებული ი. ბ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მან ი. ბ-ას მოთხოვნით მოშალა სარგებლობის პერიოდში საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენება (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ. 2,3; შესაგებელი, ს.ფ. 45-53).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.06.2011წ. დასკვნის შესაბამისად, ი. ბ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე ნაგებობების - საკურდღლის, თევზის შესაბოლის, სანკვანძის მოწყობის, ასევე საცხოვრებელი სახლის შუშაბანდის მოწყობის, ღობეების აღდგენის ხარჯები, ასევე აგურებისა და აზბოცემენტის შიფერის ღირებულებმა საერთო ჯამშიშეადგინა 5 326,2 ლარი. კერძოდ, ლითონის ღობის მოწყობის ხარჯებია 495 ლარი, თევზის შესაბოლის მოწყობის ხარჯები 146 ლარი, დამხმარე სათავსოს მოწყობის ხარჯები 649 ლარი, საკურდღლეს მოწყობის ხარჯები 138 ლარი, სანკვანძის მოწყობის ხარჯებია 996.4. ლარი, კედლის აშენების ხარჯებია 124,6 ლარი, ტალავერის ხარჯებია 351,2 ლარი. შუშაბანდის მოწყობის ხარჯებია 872,8 ლარი; 1700 ცალი აგურის ღირებულება ექსპერტიზს დასკვნის მიხედვით შეფასებულია 510 ლარად, ხოლო 46 ცალი აზბოცემენტის შიფერის ღირებულება განსაზღვრულია 563,5 ლარით; ამავე დასკვნის შესაბამისად, დაზიანებული ნარგავების ( 3 ძირი ალუბლის ხე, 2 ძირი ლეღვის ხე, ორი ძირი ბლის ხე, 2 ძირი თუთის ხე, 1 ძირი ქლიავის ხე, 1 ძირი დაფნა, 1 ძირი ჟასმინის ხე, 1 ძირი ტყემალი, 1 ძირი იასამანი, 1 ძირი კარალიოკი) ღირებულებამ შეადგინა 1190 ლარს (ტ.I, ს.ფ. 83–92).
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზე, რომ ნ. მ-ემ ი. ბ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის პერიოდში მოშალა ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობები - საკურდღლე, თევზის შესაბოლი. ნ. მ-ისათვის ამ ნაგებობების სარგებლობაში გადაცემა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზით, რომელიც 2009 წელს შესრულებულია ნ. მ-ის დაკვეთით და ნახაზზე საცხოვრებელი სახლის გარდა გამოსახულია დამხმარე ნაგებობები (ტ.I, ს.ფ. 31-37). მოსარჩელისათვის ამ ნაგებობების სარგებლობაში გადაცემის ფაქტი დაადასტურა თავად ნ. მ-ემაც (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2012წ. სხდომის ოქმი, ტ.II, ს.ფ.97). სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე მოწმეების ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნაგებობები ი. ბ-ას მიწის ნაკვეთზე აღარ მდებარეობდა და ისინი მოიშალა ნ. მ-ის მფლობელობის პერიოდში (იხ.: 22.09.2011წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 15.29 სთ-15.49.სთ).
მცხეთის რაიონული სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ ი. ბ-ასა და ნ. მ-ეს შორის არსებობდა შეთანხმება ამ ნაგებობების მოშლის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია (იხ.: გადაწყვეტიელბა, ტ.I, ს.ფ.133), ვინაიდან აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ი. ბ-ასათვის ცნობილი იყო ნ. მ-ის მიერ განხორცილებული სამუშაოების თაობაზე და იწონებდა აღნიშნულს, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, თავად ნ. მ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2012წ. სხდომაზე განმარტა, რომ რაიმე შეთანხმება ი. ბ-ასთან დამხმარე ნაგებობების მოშლასთან დაკავშირებით არ ყოფილა (ტ.II, ს.ფ. 97). საქმეში ასევე არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. მ-ის განმარტებას მასზე, რომ დამხმარე ნაგებობა (თევზის შესაბოლი) ჩამოიშალა თავად (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2012წ. სხდომის ოქმი, ტ. II, ს.ფ.97).
ვინაიდან დადგენილი იყო თევზის შესაბოლისა და საკურდღლის ნ. მ-ის მფლობელობაში გადაცემის ფაქტი, ასევე ფაქტი მასზე, რომ უძრავი ქონების ნ. მ-ის მიერ გამონთავისუფლების და ი. ბ-ასათვის დაბრუნების მომენტისათვის ეს ნაგებობები აღარ არსებობდა და ნ. მ-ეს არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ეს ნაგებობები თავისით ჩამოიშალა, სააპელაციო პალატამ დაასკვნა,რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საკურდღლის და თევზის შესაბოლის აღდგენისათვის საჭირო ხარჯებიას - ჯამში 284 (146+138) ლარის დაკსირების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არსებობდაამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ქვის კედლის, ლითონის ღობის (მავთულბადის) და შუშაბანდის მოწყობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და, შესაბამისად, არ არსებობდა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მავთულბადის ღობესთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ მოწმე ლეილა სიდამონიძის განმარტებით, თავად ი. ბ-ას მამის მიერ იქნა მავთულბადის ნაწილი მოხსნილი ეზოს ტყის მხარეს გაფართოვებისას (იხ.: 22.09.2011წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 15.50–15.59.სთ), ხოლო მოწმე ი. ი-ის ჩვენებით, ეზო ნ. მ-ისათვის გადაცემის მომენტში არ იყო შემოღობილი (იხ.: 22.09.2011წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 16.01 სთ-16.07 სთ). რაც შეეხება ფერდობის ჩამოშლისაგან დასაცავ ქვის კედელს, მოწმე ლეილა სიდამონიძის განმარტებით, იგი წარმოადგენდა ერთად დაწობილ აგურებს, რასაც უნდა დაეცვა ეზო (იხ.: 22.09.2011წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 15.50–15.59.სთ). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ ი. ბ-ას მიწის ნაკვეთზე არსებული ხეები მოიჭრა ნ. მ-ის მიერ უძრავი ნივთის მფლობელობის განმავლობაში. პალატის მითითებით, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია ნ. მ-ის გამოსახლებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ეს ხეები მოჭრილი იყო ნ. მ-ის გამოსახლების შემდეგ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეზოში არის ხის კუნძები, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი ი. ბ-ას მიწის ნაკვეთში იყო მოპასუხის გამოსახლებიდან მცირე პერიოდის შემდეგ (იხ.: ექსპერტიზის დასკვნა, ტ.I, ს.ფ.83–92; მოწმეების ეთერ მიკირტუმოვის და ლეილა სიდამონიძის ჩვენებები, 22.09.2011წ სხდომის ოქმი 15.29სთ-15.59. სთ). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 1190 ლარი და არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით (ტ.I, ს.ფ.12-18) და მოწმეეთა ჩვენებებით (ეთერ მიკირტუმოვის და ლეილა სიდამონიძის ჩვენებები, 22.09.2011წ სხდომის ოქმი, 15.29სთ-15.59.სთ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ ნ. მ-ემ ი. ბ-ას უძრავი ნივთის სარგებლობის პერიოდში მოშალა ვაზის ტალავერი (საყრდენი რკინის მილები). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 351,2 ლარი და არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განმმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ემყარებოდა იმ საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული ზიანი გამოწვეული იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უძრავი ნივთის მოპასუხისათვის გადაცემისა და მოპასუხის მიერ სარგებლობის დროს, რაც ცხადყოფდა, რომ მოსარჩელე ითხოვად ფორმადაუცველი გარიგებით მოპასუხისათვის გადაცემული და ორი წლის შემდეგ პოლიციის მეშვეობით გამოთხოვილი ქონების მოპასუხის მიერ დაზიანებული ნაწილების ღირებულების ანაზღაურებას.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-ასათვის ქონების დაბრუნების შემდეგ, სარჩელი აღძრული ჰქონდა ნ. მ-ესაც, რომელიც ითხოვდა ი. ბ-ასათვის გადაცემული თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და უძრავ ქონებაზე ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურებას. მცხეთის რაიონული სასამართლოს 06.04.2011წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.2011წ. გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ გადაცემული თანხისათვის სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. ბ-ას ნ. მ-ის სასრგებლოდ დაეკისრა 2008 წლის მაისიდან ყოველწლიურად 3000 ლარის 10%–ის გადახდა ნ. მ-ის სასრგებლოდ (ტ.II, ს.ფ.99–112).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც, დადგენილია დამხმარე ნაგებობების - საკურდღლის და თევზის შესაბოლის მოშლა ნ. მ-ის მიერ უძრავი ქონების ფლობის განმავლობაში, ნ. მ-ე ვალდებულია აუნაზღაუროს ნივთის მესაკუთრეს აღნიშნულით მიყენებული ზიანი - 284 ლარი, მიუხედავად იმისა, ნ. მ-ე ეწეოდა თუ არა თევზის შებოლვისა და კუღდღლების მოშენების საქმიანობას და ესაჭიროებოდა თუ არა უძრავი ქონებით სარგებლობისას აღნიშნული დამხმარე ნაგებობები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ნარგავების გაჩეხვითა და ვაზის ხეივნის ტალავერის მოშლით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 1541 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართოლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი, 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 981.3-ე და 408.1-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ი. ბ-ამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 981-ე და 408-ე მუხლები, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი შედეგის დადგომა. კასატორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ნ. მ-ემ აღიარა ქვის კედლის მოშლის ფაქტი, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა აღნიშნული ფაქტი. კასატორის აზრით, სასამართლომ იგნორირება გაუკეთა შუშაბანდის მოწყობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას და ყოველგვარი დასაბუტების გარეშჱ მიიჩნია მისი მოთხოვნა დაუსაბუთებლად აღნიშნული ოტხოვნის ნაწილში. სასამარტლომ ყურადრება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მხარეებს შორის, ჯერ კიდევ გამოსახლებამდე არსებობდა კონფლიქტი. ამასტან, უსაფუზვლოდ დაადგინა ის ფაქტი, რომ ი. ბ-ასთვის ცნობილი იყო ნ. მ-ის მიერ სარემონტო სამუსაოების ჩატარების თაობაზე.
ნ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილ;ების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ი. ბ-ას მიერ სარცელის აღძვრა მიზნად ისახავდა მისთვის ნ. მ-ის სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული 3000 ლარის გადახდისაგან ტავის არიდება, რაც სასამარტლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა, მით უფრო, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტუირდებოდა მისი მხრიდან ი. ბ-ასათვის ზიანის მიყენების ფაქტი, პირიქით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მტკიცდება, რომ ი. ბ-ამ უძრავი ნივთი ჩაიბარა პირვანდელ მდგომარეობაში და არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა 2011 წლის თებერვალში აღძრული სარჩელის განხილვისას. კასატორის განმარტებიტ, სასამართლომ უსაფუზვლოდ დააკისრა მოჭრილი ხეებისა და ტალავერის საფასური – 1500 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება არ დგინდებოდა არანაირი მტკიცებულებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებებით ნ. მ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ნ. მ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ ი. ბ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მ. მ-ის მიერ №4915942 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 28 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.