Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-37-37-2012 4 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. და ბ. ს-ეები (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი – ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. ნ. და მ. ს-ეები

წარმომადგენელი – ზ. ბ-ე

2. ნოტარიუსი ზურა ჩ-ი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აფენის ტერიტორიული ორგანო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. და ბ. ს-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. და მ. ს-ეების, ნოტარიუს ზ. ჩ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აფენის ტერიტორიული ორგანოს მიმართ სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სამკვიდროდან წილის მიკუთვნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

1986 წელს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ნ. ს-ე. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ზემო ნ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლნენ მამკვიდრებლის შვილი ბ. ს-ე და მოსარჩელეები – ბ. და ნ. ს-ეები. 1988 წელს ბ. ს-ე გარდაიცვალა. 2009 წელს ბ. ს-ის შვილებმა – მ. და ნ. ს-ეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აფენის ტერიტორიული ორგანოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ყალბი და არაკომპეტენტური ცნობების საფუძველზე მთელ სამკვიდრო ქონებაზე მიიღეს სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ქონების თანამესაკუთრეებად.

თ. ს-ემ, ე. და რ. კ-ეებმა ასევე სარჩელი აღძრეს მ. და ნ. ს-ეების მიმართ სამკვიდრო ქონებიდან წილის განსაზღვრის შესახებ და მოითხოვეს მამკვიდრებლის ნ., (ნ., ნ.) ს-ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ნ., (ნ., ნ.) ს-ეს ჰყავდა ოთხი შვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი სამკვიდრო ქონება მიიღეს ერთ-ერთი შვილის – ბ. ს-ის შვილებმა – მ. და ნ. ს-ეებმა. მოსარჩელეები თვლიან, რომ მათ, როგორც მამკვიდრებლის შვილიშვილებს, სამკვიდრო ქონებიდან უნდა მიეკუთვნოთ წილი, თითოეულს 1/4-ის ოდენობით.

მოპასუხეებმა მ. და ნ. ს-ეებმა ნ. და ბ. ს-ეების სარჩელი, ისევე, როგორც თ., ე. და რ. ს-ეების სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ნ. და ბ. ს-ეები კანონით დადგენილ ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებიან, ამიტომ მათ გასაჩივრებული დოკუმენტების, ასევე სამკვიდრო მოწმობის ბათილობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ. ასევე გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა.

მოპასუხეთა მითითებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში არც მოსარჩელეები თ., ე. და რ. ს-ეები შედგომიან სამკვიდრო ქონების ფლობას ან/და მართვას, მათაც გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა, ამდენად, არც წილის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ცნობები გაცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აფენის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თ. ყ-ი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ცნობები გაცემულია ტერიტორიული ორგანოს დებულებისა და „ნოტარიატის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ამდენად, ცნობები არ არის ყალბი, დანაშაულებრივი და უკანონო.

სარჩელი არ ცნო არც ლაგოდეხის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა ზ. ჩ-მა, რადგან სადავო სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით როგორც ნ. და ბ. ს-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ. ს-ის, ე. და რ. კ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ბ. ს-ეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნ. და ბ. ს-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. (ნ.) ნ-ის ასული ს-ე და 1986 წელს გარდაცვლილი ნ. ს-ე ერთი და იგივე პიროვნება და აკაკი და ბ. ს-ეების დედაა, რაც სადავოდ არ გამხდარა.

ბ. და ნ. ს-ეები არიან აკაკი ს-ის შვილები, ხოლო ნ. და მ. ს-ეები – ბ. ს-ის შვილები.

აკაკი ს-ე გარდაიცვალა ნ. (ნ.) ს-ის სიცოცხლეში – 1969 წლის 19 იანვარს, ხოლო ბ. ს-ე – 1988 წლის 11 მაისს.

სადავოს არ წარმოადგენს, რომ ნ. (ნ.) ს-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი შვილი ბ. ს-ე (მ. და ნ. ს-ეების მამა), ხოლო ბ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის შვილები – ნ. და მ. ს-ეები.

2009 წლის 19 აგვისტოს ნ. და მ. ს-ეებმა მიიღეს სამკვიდრო მოწმობა ნ. (ნ.) ს-ის სამკვიდრო ქონებაზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე - 0,48 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი.

2009 წლის 19 აგვისტოს მ. და ნ. ს-ეები სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ქონების თანამესაკუთრეებად.

პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონების ბ. და ნ. ს-ეების მიერ ფლობის ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება. ბ. და ნ. ს-ეების მითითებით, ნ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონების მათ მიერ ფლობა დასტურდება სოფელ ზემო ნ-ში მცხოვრები მოქალაქეების 2009 წლის 7 სექტემბრის აქტით, მიწის ნაკვეთის №189 მიღება-ჩაბარების აქტით და ვ. ნ-ის ასული ს-ის ახსნა-განმარტებით, რომელიც ხელმოწერილია მეზობლების მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დათარიღებულია 1997 წლის 20 მარტით, არ ასახავს ნ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ - 1986 წლიდან მისი დანაშთი ქონების ნ. და ბ. ს-ეების მიერ ფლობის ფაქტს.

რაც შეეხება დოკუმენტებს, რომლებშიც ასახულია სოფელ ზემო ნ-ის მცხოვრებთა ჩვენება სადავო გარემოების თაობაზე, ისევე, როგორც ვ. ს-ის ჩვენება, ისინი ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცებულებად, რომელსაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს სადავო გარემოების დადგენისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრეს. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშნულ ნორმაში მითითებული მტკიცების ნებისმიერი საშუალება. სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. მოწმის სტატუსის მქონე პირის ახსნა-განმარტებას მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიენიჭება, თუ ახსნა-განმარტება სასამართლოს მიერ მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების მითითება ქ. რუსთავში მამკვიდრებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებად ვერ გამოდგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. და ბ. ს-ეების მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რა მათი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების – სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ არსებობს შესაბამისი გარემოების დადგენის საფუძველი.

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ეს მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობში სამკვიდროს გახსნის დღიდან. კანონით გათვალისწინებულია სამკვიდროს მიღების ორი ფორმა: პირველ შემთხვევაში, მემკვიდრე გამოხატავს სამკვიდროს მიღების ნებას და განცხადება შეაქვს სანოტარო ბიუროში. მეორე შემთხვევაში, მემკვიდრე ფაქტობრივად ეუფლება სამკვიდროს, განცხადების სანოტარო ბიუროში შეტანის გარეშე. კანონმდებელი სამკვიდროს ფაქტობრივი მიღებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვეს, ანუ დროის ამ მონაკვეთში მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ფლობისა და მართვის ფაქტს.

სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთების, ფასიანი ქაღალდების დაუფლებით ან მოქმედებით, რაც გამოიხატება ქონების მოვლის, შენახვის, სავალდებულო და სხვა გადასახადების გადახდაში.

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდროს გახსნის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ნ. და ბ. ს-ეებს არ მოუპოვებიათ სადავო სამკვიდრო ქონებაზე უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ ქონება ან/და მისი ნაწილი.

სასამართლოს მითითებით, აპელანტების პრეტენზია, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, არაარსებითი მნიშვნელობის გარემოებაა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ნ. და მ. ს-ეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რაც სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად, ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ინტერესი მდგომარეობს სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ინტერესის დაკმაყოფილებას გამორიცხავს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება, აღიარებითი მოთხოვნების (სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა) დაკმაყოფილების მიუხედავად, არ იარსებებს ნ. და ბ. ს-ეების ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. და ნ. ს-ეების სარჩელს მართლზომიერად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ იქნა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და ბ. ს-ეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ არ მიიღო და არ შეაფასა კასატორთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. არ დაკითხა მოწმეებად ის მეზობლები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც კასატორები ფლობდნენ სამკვიდრო ქონებას.

მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1986 წელს, ხოლო ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა 2009 წელს კანონის უხეში დარღვევით.

სასამართლო განჩინების ფაქტობრივი დასაბუთებისას აღნიშნავს, რომ ნ. (ნ.) ს-ის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ბ. ს-ე, რაც არასწორია. ბ. ს-ე მუდმივად ცხოვრობდა თბილისში და პერიოდულად ჩადიოდა ლაგოდეხში და, როგორც კასატორები, ისე ბ. ს-ე ამუშავებდნენ თავიანთ წილ მიწას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. და ნ. ს-ეების მიერ სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება მაშინ, როცა სასამართლომ არ მიიღო კასატორების მიერ წარმოდგენილი მეზობლების ახსნა-განმარტება და არ დაკითხა ისინი მოწმის სახით.

სააპელაციო პალატამ არ შეაფასა მეზობლების გამოკითხვის აქტი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და კასატორების დედის – ვ. ს-ის ახსნა-განმარტება. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის, რომ კასატორების ახსნა-განმარტებით მამკვიდრებელი გარდაიცვალა ქ. რუსთავში და კასატორები შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას. სადავო სახლის ის ნაწილი, რომელიც მათ კუთვნილ წილად მიაჩნიათ, აშენებულია მათი მშობლების მიერ და სწორედ ამ ნაწილში ცხოვრობდა ბებია გარდაცვალებამდე. სახლის ამ ნაწილში კასატორებს ჰქონდათ ავეჯი და ჭურჭელი, რომლებიც მოპასუხეებმა გარეთ გადმოუყარეს. აღნიშნულის დასადასტურებლად შეადგინეს მეზობლების გამოკითხვის აქტი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის მტკიცებულებად არ მიიღო.

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ სადავო საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ კასატორებს უნდა ემტკიცებინათ თავიანთი მოთხოვნების კანონიერება. მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარესაც ეკისრებოდა და სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და სადავო საკითხი ყოველმხრივ და სრულად არ გამოიკვლია. სასამართლომ არ დაკითხა მოწმეები და არ მიიღო წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებებით კი უდავოდ დგინდებოდა, რომ კასატორები დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას და სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. მოსარჩელეები – ნ. ს-ე და ბ. ს-ე თანახმა არიან, მიიღონ საკუთრებაში დღეის მდგომარეობით ნ. და მ. ს-ეების საკუთრებაში რიცხული 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1150 (ათას ას ორმოცდაათი) კვ.მ მიწის ნაკვეთი;

2. მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდეს საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გვერდებს – 149,2 მ და 32,5 მ საზღვრებს შორის მთლიან სიგრძეზე მეზობელ ბ-ეების მხრიდან;

3. გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მოხდეს სპეციალისტის მეშვეობით და ღიობის აღმართვა მოხდეს გამიჯვნისთანავე ნ. ს-ისა და ბ. ს-ის მიერ.

4. მ. და ნ. ს-ეები თანახმა არიან, თავიანთ საკუთრებაში არსებული 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საკუთრების უფლებით გადასცენ 1150 (ათას ას ორმოცდაათი) კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ. და ნ. ს-ეებს. საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ნარგავებზე ნ. და მ. ს-ეებს პრეტენზია არ ექნებათ;

5. ნ. და მ. ს-ეები თავიანთი ხარჯით გადაიტანენ ჭიშკარს მათ კუთვნილ ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს – ნ. და ბ. ს-ეებს უნდა დაუბრუნდეთ ბ. ს-ის მიერ 2012 წლის 13 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ნ. და ბ. ს-ეებს, ხოლო, მეორე მხრივ, მ. და ნ. ს-ეებს შორის შემდეგი პირობებით:

1. მოსარჩელეები – ნ. ს-ე და ბ. ს-ე თანახმა არიან, მიიღონ საკუთრებაში დღეის მდგომარეობით ნ. და მ. ს-ეების საკუთრებაში რიცხული 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1150 (ათას ას ორმოცდაათი) კვ.მ მიწის ნაკვეთი;

2. მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდეს საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გვერდებს – 149,2 მ და 32,5 მ საზღვრებს შორის მთლიან სიგრძეზე მეზობელ ბ-ეების მხრიდან;

3. გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მოხდეს სპეციალისტის მეშვეობით და ღიობის აღმართვა მოხდეს გამიჯვნისთანავე ნ. ს-ისა და ბ. ს-ის მიერ.

4. მ. და ნ. ს-ეები თანახმა არიან, თავიანთ საკუთრებაში არსებული 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საკუთრების უფლებით გადასცენ 1150 (ათას ას ორმოცდაათი) კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ. და ნ. ს-ეებს. საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ნარგავებზე ნ. და მ. ს-ეებს პრეტენზია არ ექნებათ;

5. ნ. და მ. ს-ეები თავიანთი ხარჯით გადაიტანენ ჭიშკარს მათ კუთვნილ ტერიტორიაზე.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ნ. და ბ. ს-ეების სარჩელის გამო ნ. და მ. ს-ეების, ნოტარიუს ზ. ჩ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აფენის ტერიტორიული ორგანოს მიმართ სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სამკვიდროდან წილის მიკუთვნების შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კასატორებს – ნ. (პირადი №...) და ბ. (პირადი №...) ს-ეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 13 თებერვალს №3 სალაროს შემოსავლის ორდერით ბ. ს-ის მიერ გადახდილი 300 ლარი.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.