№ას-385-364-2012 28 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ას მიმართ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად კუთვნილი წილის ღირებულების დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 1977 წლის 24 თებერვლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ. კ-ასთან. მხარეებმა 1985 წლის 25 ნოემბერს ქორწინების განმავლობაში შეიძინეს ბათუმში, ი-ის ქ.№23-ში მდებარე უძრავი ქონება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე და რ. კ-ა განქორწინდნენ და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაიყვეს, საიდანაც 1/2 წილი მიეკუთვნა ნ.კ-ას. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, ხოლო უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო რ. კ-ას საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რ. კ-ამ გ. დ-ეს 50000 ლარად მიჰყიდა სადავო უძრავი ქონება. ვინაიდან, მოპასუხემ გაასსხვისა ნ.კ-ას კუთვნილი წილი, მოპასუხე ვალდებულია გადასცეს მოსარჩელეს მიღებული სარგებლის ნახევარი - 25000 ლარი.
2011 წლის 15 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. კ-ას სასარგებლოდ, რ. კ-ას მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა რ.კ-ამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.კ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. კ-ამ სარჩელი აღძრა რ. კ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და შესაგებლის წარმოსადგენად გადაეგზავნა რ. კ-ას. მოპასუხეს, ასევე, განემარტა, რომ, თუ იგი გზავნილის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, არასაპატიო მიზეზით, არ წარუდგენდა შესაგებელს სასამართლოს, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. გზავნილი რ. კ-ას ჩაჰბარდა 2011 წლის 4 აგვისტოს, თუმცა მას შესაგებელი სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მას შემდეგ არ წარმოუდგენია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისთვის უცნობი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ აპელანტი ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. მით უმეტეს, რომ აპელანტს სასამართლოს გზავნილით განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები და, აქედან გამომდინარე, ისინი მისთვის ცნობილი იყო. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ შესაგებელი სასამართლოს მან ვერ წარუდგინა ავადმყოფობისა და ხელმოკლეობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით აპელანტს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარებიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში იყო ავად და, ამის გამო, ვერ მოახერხა შესაგებლის წარდგენა. აღნიშნულს გამორიცხავს თავად რ.კ-ას განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი მზად იყო, მონაწილეობა მიეღო საქმის ზეპირ განხილვაში - თუ აპელანატს შეეძლო სასამართლოში გამოცხადება და საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღება, ცხადია, მას შეეძლო შესაგებლის წარდგენაც. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ რ.კ-ამ, მიუხედავად ქონებრივი მდგომარეობისა, შესძლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრისა და, შემდგომში, სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანა. აქედან გამომდინარე, აპელანტს შეეძლო, წარედგინა შესაგებელიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ი-ის ქ. №23-ში მდებარე ბინის 1/2 ნაწილი ეკუთვნოდა ნ. კ-ას. აპელანტმა ეს ბინა, ნ. კ-ას თანხმობის გარეშე, გაასხვისა 50000 ლარად. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რ.კ-ა ვალდებულია, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა და ნ. კ-ას დაუბრუნოს კუთვნილი წილი. მაგრამ, რადგან ეს შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, აპელანტი ვალდებულია, მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადოს კუთვნილი წილის ღირებულება, 50000 ლარის 1/2 - 25000 ლარი. აქედან გამომდინარე, ნ. კ-ას მოთხოვნა იურიდიულად ამართლებდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ.კ-ასათვის სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადა იყო არაგონივრულად მცირე, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გამოიტანა არა მის მიერ დადგენილ ვადაში, არამედ, აპელანტისათვის სარჩელის ჩაბარებიდან 11 დღის შემდეგ. ეს ვადა კი სავსებით საკმარისი იყო შესაგებლის წარმოსადგენად. ამის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა და საქალაქო სასამართლომ მართებულად დატოვა იგი ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. კ-ამ შემდეგი დასაბუთებით: კასატორმა ჯანმრთელობისა და უსახსრობის გამო ვერ წარადგინა შესაგებელი. ელოდებოდა სასამართლო უწყებას და სასამართლო სხდომაზე მისცემდა ახსნა-განმარტებას საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად არ ამართლებს მოსარჩელის – ნ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მხოლოდ მაშინ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.