Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-391-370-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ვ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 19646 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2008 წლის 9 ივლისს შპს „ვ-მა“ სატენდერო წინადადებით მიმართა შპს „ს. რ-ას“, რითიც იკისრა ვალდებულება, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მიეწოდებინა მოპასუხისათვის რუსული წარმოების ვაგონის მარაგ-ნაწილები.

2008 წლის 25 ივლისს შპს „ვ-სა“ და შპს „ს. რ-ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ვ-მა“ იკისრა ვალდებულება, 2008 წლის 30 სექტემბრამდე შპს „ს. რ-ისათვის“ მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მახასიათებლებისა და რაოდენობის 392 920 ლარის ღირებულების საქონელი. როგორც ხელშეკრულების დანართიდან (ფასების ცხრილი) ირკვევა, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რუსული წარმოების ვაგონის მარაგ-ნაწილები. ის გარემოება, რომ შპს „ვ-ის“ ვალდებულებას უპირობოდ წარმოადგენდა მოპასუხისათვის რუსული წარმოების ვაგონის მარაგ-ნაწილების მიწოდება, დაადასტურა ასევე შპს „ს. რ-ის“ წარმომადგენლებმა.

2008 წლის 25 ივლისს ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ვ-მა“ წარადგინა სს „... ბანკის“ მიერ ხელშეკრულების 5%-ის ოდენობით 19 646 ლარზე გაცემული საბანკო გარანტია.

2008 წლის 22 ივლისს „ჟ.ტ პერმსა“ და შპს „ვ-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანია „ჟ.ტ პერმს“ უნდა მიეწოდებინა მისთვის 2008 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. 2008 წლის 18 აგვისტოს წერილით კომპანია „ჟ.ტ პერმმა“ აცნობა შპს „ვ-ს“, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო პრაქტიკულად შეწყდა როგორც საჰაერო, საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტირება. „ჟ.ტ პერმმა“ ზემოაღნიშნული ფორს-მაჟორული ვითარების გათვალისწინებით აცნობა შპს „ვ-ს“ ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე.

2008 წლის 21 აგვისტოს №39 წერილით შპს „ვ-მა“ წერილით მიმართა შპს „ს. რ-ას“. წერილში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად შპს „ვ-მა“ დადო ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის ქალაქ პერმის ორგანიზაცია „ჟ.ტ პერმთან“, მაგრამ, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ განხორცილებული აგრესიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით საქართველოში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, შპს „ვ-ი“ ფორს-მაჟორული გარემოების გამო ვერ ახერხებდა 2008 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შპს „ვ-მა“ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 5%-იანი საბანკო გარანტის დაბრუნება. ფორს-მაჟორული ვითარების თაობაზე შპს „ვ-ს“განუმარტა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამაც.

2008 წლის 10 დეკემბერს შპს „ს. რ-ამ“ მიმართა სს „... ბანკს“ და მოითხოვა შპს „ს. რ-ასა“ და შპს „ვ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ანგარიშში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 19 646 ლარის მის ანგარიშზე გადარიცხვა. ამ მოთხოვნის წარდგენის თაობაზე ბანკმა აცნობა შპს „ვ-ს“.

შპს „ვ-ის“ დირექტორმა 2008 წლის 9 დეკემბერის წერილით აცნობა შპს „ს. რ-ას“, რომ შპს „ვ-ის“ მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა 19 646 ლარი გადაირიცხა შპს „ს. რ-ის“ ანგარიშზე მომსახურე ბანკთან მოსალოდნელი საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ს. რ-ას“ საბანკო გარანტიის გამოყენება აღარ დასჭირდა, რადგან შპს „ვ-მა“ 2008 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თავად გადარიცხა შპს „ს. რ-ის“ ანგარიშზე, ამასთან, იქვე აცნობა კრედიტორს, რომ გადახდა განხორციელდა საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით. უდავოა, რომ შპს „ვ-ის“ მხრიდან ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „ს. რ-ა“ (ბენეფიციარი) თანხას მიიღებდა ბანკისაგან (გარანტი), რისთვისაც პრინციპალს მოუწევდა გარანტის წინაშე შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურება. შესაბამისად, ასეთ პირობებში განხორციელებული გადახდა თავისთავად ვერ შეფასდება ვალდებულების აღიარებად.

მოცემულ საქმეში შპს „ვ-ი“ ითხოვს გადახდილი პირგასამტეხლოს, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღურებას შპს „ს. რ-ისაგან“. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს შპს „ვ-ისათვის“ დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის საფუძველი არ არსებობდა შემდეგ გარემოებათა გამო:

2008 წლის 25 ივლისს ხელშეკრულების საერთო პირობების 18.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, 2008 წლის 21 აგვისტოს №39 წერილით შპს „ვ-მა“ წერილით მიმართა შპს „ს. რ-ას“ და აცნობა ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა ფორს-მაჟორული გარემოებების გამო.

ხელშეკრულების საერთო პირობების 20.1. პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში. ამდენად, ხელშეკრულება თავად გამორიცხავდა საჯარიმო სანქციის გამოყენებას ფორს–მაჟორული გარემოებების შემთხვევაში.

ხელშეკრულების საერთო პირობების 22.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.

ხელშეკრულების საერთო პირობების 22.2. პუნქტის თანახმად, „ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

პალატის მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში არსებობდა ფორს-მაჟორული გარემოება, საომარი ვითარების გამო რუსეთთან შეწყვეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა და შეუძლებელი იყო რუსეთიდან რუსული წარმოების საქონლის შემოტანა.

ამასთან, თავად ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ რუსული წარმოების საქონლის შემოტანას და შპს „ვ-ს“ შესაბამისად სწორედ რუსულ კომპანისთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული. მას ჰქონდა ვალდებულება, წერილობით ეცნობებინა შემსყიდველისათვის ყველა სუბკონტრაქტორის შესახებ. შესაბამისად, მას უნდა შემოეტანა უშუალოდ შეთანხმებული საქონელი, რაც ვერ შეძლო საყოველთაოდ ცნობილი ფორს-მაჟორული გარემოებების (გაუთვალისწინებელი, გარდაუვალი, აუცდენელი, შპს „ვ-ის“ ნებისაგან დამოუკიდებელი გარემოებების) გამო.

სასამართლომ დამატებით აღინიშნა, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს შპს „ვ-მა“ წერილით მიმართა შპს „ს. რ-ას“ და მოსთხოვა დამატებითი შეთანხმების გაფორმება, რათა მას მიეცა შესაძლებლობა, ალტერნატიული გზებით უკრაინიდან შემოეტანა 2008 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, მაგრამ უკრაინული წარმოების ნაცვლად, რუსული წარმოების. შპს „ს. რ-ის“ მიერ აღნიშნული წერილი დარჩა უპასუხოდ.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების გამო არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის შპს „ვ-ისაგან“ 2008 წლის 25 ივლისს ხელშეკრულების 8.3. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მიღების საფუძველი. შესაბამისად, მითითებული უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 407-ე, 385-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარის მიერ ბრალის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არც პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან შპს „ვ-მა“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ვერ უზრუნველყო კასატორს შეთანხმებულ ვადაში სავაგონო მორიგ-ნაწილები არ მიაწოდა.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 პუქნტის დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს „ვ-ს“ უნდა დაკისრებოდა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

ამდენად, სასამართლოს სრულყოფილად არ შეაფასა საქმის გარემოებანი და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 თებერვალს გადახდილი 982,30 ლარის 70% – 687,61 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 24 თებერვალს №94 საგადასახადო დავალებით გადახდილი 982,30 ლარის 70% – 687,61 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.