№ას-404-383-2012 7 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. კ-მა მოპასუხე ა. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე მე-14 კორპუსში მდებარე ბინაში №54-ის 1/6 წილის თანამესაკუთრედ ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ა. გ-ის სახელზე რიცხული, ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე მე-14 კორპუსში მდებარე ბინა №54-ში 1/6 წილის მესაკუთრედ (ტომი 1, ს.ფ. 124-129).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 145-153).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე ა. გ-ის სახელზე ტექაღრიცხვის სამსახურში აღრიცხულია ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე, მე-14 კორპუსში მდებარე ბინა №54 , რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
ი. კ-ი (ქორწინებამდე ი. გ-ი, რასაც ადასტურებს ქორწინების მოწმობა), წარმოადგენდა ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე, მე-14 კორპუსში მდებარე №54 ბინაზე გაცემულ ბინის ორდერში შეყვანილ პირს – დამქირავებლის ოჯახის წევრს.
1994 წლის 29 ნოემბერს ა. გ-სა და გალინა იაკოვლევს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი – პრივატიზაციის ხელშეკრულება, ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე, მე-14 კორპუსში მდებარე ბინა №54-ზე.
ბინის პრივატიზაციის სანოტარო საქმეში არსებული და პრივატიზაციის დროს წარდგენილი ფორმა №1-ის მიხედვით, ამ დროს ქ.თბილისში, მ-ის პ-ზე, მე-14 კორპუსში მდებარე ბინა №54-ში ჩაწერილი იყო ექვსი პირი: ა. გ-ი, მისი შვილები: მ. და დ. გ-ები, მოსარჩელე ი. კ-ი, მისი მეუღლე ა. კ-ი და შვილი მრ. კ-ი .
ი. კ-ი რეგისტრირებულია მისამართზე – ქ.თბილისი, მ-ი, პ-, კორპუსი 14, ბინა №54, 1975 წლის 5 მარტიდან, რასაც ადასტურებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იგი ამჟამადაც პირადობის მოწმობის მიხედვით რეგისტრირებულია მითითებულ მისამართზე, მისი ბინაში ცხოვრება და რეგისტრაცია უკავშირდება დამქირავებლის ოჯახის წევრობას, იგი წარმოადგენს ამ ბინაზე გაცემულ ორდერში მითითებულ პირს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი დანაწესიდან გამომდ.რე, სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. აღნიშნული ნორმიდან გამომდ.რე ყველა ის პირი ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, მათ შორის არასრულწლოვანი პირებიც, ბინის მესაკუთრეებად ითვლებიან იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა პრივატიზაცია.
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1994 წლის 29 ნოემბერს ა. გ-ის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის სადავო ბინაში რეგისტრირებულები (ჩაწერილები) იყვნენ ა. გ-ი, მისი შვილები: მ. და დ. გ-ები, მოსარჩელე ი. კ-ი, მისი მეუღლე ა. კ-ი და შვილი მრ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნა სადავო ბინიდან.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ ი. კ-ი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ჩაწერილი იყო სადავო ბინაში და იგი ამ ფართზე უფლებადაკარგულ პირად მიჩნეული ან ამოწერილი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა ძმის, ა. გ-ის სახელზე, არ გულისხმობდა ი. კ-ის მიერ საკუთრების უფლებაზე უარის თქმას. მხოლოდ ერთ-ერთი დამქირავებლის სახელზე (სხვა ოჯახის წევრების არსებობის შემთხვევაში) პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაციის ფაქტი არ ნიშნავდა საკუთრების უფლების გასხვისებას მხოლოდ მასზე.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ი. კ-ი ა. გ-ის სახელზე რიცხული სადავო საცხოვრებელი ბინის 1/6 წილის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:.
სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა სახის ვადებს იცნობს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების, ხანდაზმულობის ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მესაკუთრის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული რაიმე სპეციალური ვადით შეზღუდული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, გამოსაყენებელი ნორმა – ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტი, თავისი შინაარსით ადგენს, რომ პრივატიზაციის დროისათვის ბინაში რეგისტრირებული პირი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარე. აღნიშნულ მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საკუთრების უფლება სადავო ბინაზე პრივატიზაციის მონაწილე პირებს მოპოვებული აქვთ კანონით და მოსარჩელე ითხოვს არა საკუთრების უფლების მოპოვებას, არამედ მისთვის კანონის მიერ უკვე მინიჭებული საკუთრების უფლების რეალიზაციას (ტომი 2, ს.ფ. 43-50).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე ა. გ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
კასატორი განმარტავს, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია განახორციელა 1994 წლის 29 ნოემბერს. აღნიშნულ ბინაზე 1970 წლის 12 ივნისს გამოწერილი იყო ორდერი, რომელიც გასცა ქ.თბილისის ოქტომბრის აღმასკომის საბინაო განყოფილებამ 4 სულზე. ორდერში შეყვანილნი არიან თვითონ, დედ-მამა და და – ი. გ-ი. ა. გ-ს დედ-მამა გარდაეცვალა, ი. კ-ი კი გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის მშობლების ბინაში. პრივატიზაციის საქმის მასალებში არის ფორმა №1, 1994 წელს ა. გალასტოვის ოჯახის შემადგენლობის შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ ა. კ-ი დროებით, 1992 წლის 30 მაისიდან 1997 წლის 30 მაისამდე, დროებით არის ჩაწერილი, თუმცა ჩაწერა მას არანაირ უფლებას არ წარმოუშობდა. მართალია, ი. კ-ი ორდერში მოხსენიებული პირია, მაგრამ მან ფიზიკურად დატოვა ბინა, იქიდან მისი ნებით წავიდა და დაკარგა ფართზე უფლება.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლიდან 2011 წლამდე მოწინააღმდეგე მხარეს ბინაზე პრეტენზია არ ჰქონია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომი დროებით სხვაგან მყოფ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს უნარჩუნდება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ხანგრძლივი ვადის გასვლის დროს არაუმეტეს 5 წლისა. საქმეზე შეკრებილი მასალებით დასტურდება, რომ ი. კ-ი 1992 წლიდან არ ცხოვრობს სადავო ბინაში. აქედან გამომდ.რე, მოსარჩელეს შეწყვეტილი აქვს დამქირავებლის სტატუსი, არ წარმოადგენს დამქირავებლის ოჯახის წევრს და სადავო ფართზე არანაირი უფლება არ გააჩნია.რაც შეეხება ი. გ-ის მეუღლეს ა. გ-ს, ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა სადავო ფართის მოსარგებლე და უფლებამოსილი პირი, იგი ბინის პრივატიზაციის დროს დროებით იყო ჩაწერილი ბინაში. ეს ასახულია ფორმა №1-ში და დადასტურებულია პრივატიზაციის მასალებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოყენა №107 დადგნილება და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კანონის დანაწესს, ამასთან, არ დაადგინა, 1994 წელს, ანუ კასატორის მიერ ბინის პრივატიზაციის დროს რუსეთში მუდმივად საცხოვრებლად იყო თუ არა წასული ი. კ-ი და მისი ქმარ-შვილი, იყო თუ არა ეს უკანასკნელი ფართზე უფლებადაკარგული ბინის პრივატიზაციის დროს. ამასთან დაუდგენელია, თუ რა კანონმდებლობით განსაზღვრა სასამართლომ 1994 წელს პრივატიზებულ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ვინაიდან №107 დადგენილება პრივატიზაციის უფლებას აძლევდა ოჯახის წევრებს ყველას ერთად და ერთ პირს, მაგრამ არ მიუთითებდა, რომ პრივატიზებულ ფართზე შეიძლება თანამესაკუთრის დადგენა დროის განუსაზღვრელად. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი. კ-ის სარჩელი ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდ.რე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. გ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 12 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 4950550, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.