Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-407-386-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. პ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ე. პ-ას მინდობილობის საფუძველზე, მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინის გასხვისებიდან მიღებული თანხის –2000 ლარის მოსარჩელისათვის, როგორც ე. პ-ას მემკვიდრისათვის გადახდის დაკისრება, მოპასუხისათვის ბინის ღირებულების თანხის დროულად გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც შეადგენს მისი გასხვისების დღიდან _ 1998 წლის 5 ივნისიდან, ანგარიშსწორების სრულ დაფარვამდე ყოველ დაგვიანებულ თვეზე გადაუხდელი თანხიდან 3%-ს, ანუ 90 ლარს, რომელმაც შეტანის დღისათვის შეადგინა სულ _ 12240 ლარი, ასევე, ა. პ-ისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (368 ლარის) და ადვოკატის ხარჯების (500 ლარის) დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. პ-ს გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ე. პ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი ბინის გასხვისებისაგან მიღებული 2000 ლარის გადახდა, ასევე ბინის ღირებულების დროულად გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მისი გასხვისებიდან – 1998 წლის 5 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 1799,98 ლარის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

1998 წლის 5 ივნისს ა. პ-მა ნოტარიუს ნ.ი-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, როგორც ე. ნ-ის ასული პ-ას რწმუნებულმა, რეესტრის №3-619 ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქ.თბილისში, თ-ის ქ.№19-ში მდებარე №2 ბინა მიჰყიდა მოქალაქე ც. ბ-ს, რომელიც არის ა. პ-ის მეუღლე, ხოლო ე. პ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. პ-ის ძმასთან.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საცხოვრებელი სახლი გაიყიდა 2000 ლარად, რაც, ხელშეკრულების თანახმად, მიიღო ა. პ-მა ც. ბ-ისაგან.

2000 წლის 1 მაისს ე. პ-ა გარდაიცვალა. მოსარჩელე გ. ტ-ე არის მისი დისშვილი, II რიგის მემკვიდრე, ხოლო ა. პ-ა, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 1 მარტს, არის მოსარჩელის დედა.

2003 წლის 11 ოქტომბერს ა. პ-ას სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა გ. ტ-ის სახელზე.

საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო №01/103-12 ბარათით დადგენილია, რომ ე. პოდოლსაკაია რეგისტრირებული იყო გ-ის ქ№19-ში მდებარე ბინა №2-ში.

ინდივიდუალური საწარმო ქ.თბილისის საცნობარო-საინფორმაციო სამსახურის 2008 წლის 2 დეკემბრის №180 ცნობის თანახმად, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე თ-ის ქუჩა არის ყოფილი გ-ის ქუჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. პ-ისა და ც. ბ-ის სარჩელი ა. პ-ას სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ 2003 წლის 1 აპრილს გარდაცვლილ ა. ნ-ის ასული პ-ას ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა დის – 2000 წლის 1 მაისს გარდაცვლილ ე. ნ-ის ასულ პ-ს სამკვიდრო ქონება

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს 1998 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000 ლარის გამყიდველისათვის გადახდის და, შესაბამისად, მისი გადაუხდელობით ზიანის ანაზღაურების საკითხი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. პ-ას 1998 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულება 2000 ლარის ოდენობით არ მიუღია, ისევე როგორც არ მიუღია სხვა შესრულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ ა. პერტოსიანის მიერ ე. პ-ასათვის სადავო თანხის გადაცემის ან/და კრედიტორის მიერ სხვა შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხეს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ე. პ-ას მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯებით ა. პ-მა შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 2000 ლარის ე. პ-ასათვის გადახდის ვალდებულება.

1998 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს ა. პ-მა, როგორც ე. პ-ას რწმუნებულმა და ც. ბ-მა (ა. პ-ის მეუღლემ). ამდენად, ერთი მხრივ, ე. პ-ასა და ა. პ-ს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებები, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უკავშირდება ქონების გადაცემას და არა მომსახურების გაწევას.

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოქმედებები (მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯების გაწევა) არ შეიძლება მიუთითებდეს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 2000 ლარის ე. პ-ასათვის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე.

სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ კრედიტორი ე. პ-ა 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ დათანხმდა მოვალის, ამ შემთხვევაში ც. ბ-ის და არა ა. პ-ის წინადადებას სხვა მოქმედების შესრულებაზე, რადგან ა. პ-ი იყო არა ც. ბ-ის, არამედ ე. პ-ას წარმომადგენელი.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ე. პ-ასა და ა. პ-ის შორის შეთანხმება სხვა შესრულების მიღებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ე. პ-ამ მიიღო სხვა შესრულება, ისევე, როგორც არ დასტურდება, რომ სადავო თანხის მიღებულად მიჩნევის შემთხვევაში, ე. პ-ამ მიღებული 2000 ლარი განკარგა ა. პ-ის მიერ გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა 1998 წლის 5 ივნისიდან ანგარიშსწორების სრულ დაფარვამდე ყოველი დაგვიანებული დღისათვის გადასახდელი თანხიდან 3%-ის დღეში 90 ლარის ოდენობით, სულ – ბინის გასხვისების დღიდან სარჩელის აღძვრამდე 12 240 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლისა (2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე რედაქციით) და 625-ე მუხლის (2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე რედაქციით) საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ძირითადი თანხიდან პროცენტის დაკისრებას მოითხოვს, როგორც მიუღებელ შემოსავალს 1998 წლის 5 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო (პირდაპირი ზიანი). მოვალისათვის სავარაუდო ზიანი ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის. ხოლო ზიანის სავარაუდოობა ობიექტური მასშტაბით უნდა იქნეს შეფასებული.

პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, ფულადი თანხა წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ყველაზე გავრცელებულ ობიექტს, შესაბამისად, ა. პ-ისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ ფულადი სახსრების გამოუყენებლობა გ. ტ-ისათვის წარმოშობდა გარკვეული სახის ზიანს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული 1998 წლისათვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან შესაბამისად პალატამ გონივრულ წლიურ საპროცენტო განაკვეთად მიიჩნია 8% - იანი განაკვეთი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. პ-ს გ. ტ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბინის ღირებულების დროულად გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მისი გასხვისების დღიდან 1998 წლის 5 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 1799,98 ლარის ოდენობით (ძირითადი თანხის - 2000 ლარის წლიური 8%).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი, მართებულად იხელმძღვანელა 484-ე მუხლით და დასაბუთებულად ჩათვალა, რომ მამკვიდრებლის სურვილი იყო, თავის სიცოცხლეშივე განეკარგა კუთვნილი ქონება.

პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ა. პ-ს უნდა წარედგინა მტკიცებულება მის მიერ ბინის რეალიზაციით მიღებული თანხის ე. პ-ასათვის დაბრუნების ფაქტი.

სასამართლომ არ მოუსმინა კასატორს, რომელიც განმარტავდა, რომ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა მან წინასწარი შეთანხმებისამებრ მოახმარა ე. პ-ას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ა. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. პ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 27 მარტს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ა. პ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 27 მარტს №3 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.