Facebook Twitter

№ას-414-392-2012 10 მაისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა. ქ-ე

წარმომადგენელი - ლ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „... ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „... ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 7 მაისს დადებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც სს „... ბანკს“ საკუთრებაში გადაეცა ა. ქ-ის კუთვნილი აქციების 55% სს ,,ე. ე-ის“ კაპიტალში. მოსარჩელის მითითებით, აქციების გასხვისება მოხდა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.

მოპასუხე სს „... ბანკმა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ,,ე. ე-მა“ დაარღვია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №659646 ხელშეკრულებით და აღნიშნულის საფუძველზე 2010 წლის 20 იანვარს სს ,,... ბანკთან“ დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სს ,,ე. ე-სა“ და სს „... ბანკს“ შორის 2006 წლის 13 ივნისს დაიდო ხელშეკრულება №659646 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 20000000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ 2026 წლის 13 ივნისამდე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა _ 48%;

2. სს ,,ე. ე-სა“ და სს „... ბანკს“ შორის 2007 წლის 18 ივლისს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება №659646-7, რომელიც წარმოადგენდა 2006 წლის 13 ივნისს დადებული №659646 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართს. გირაოს საგნად განისაზღვრა ა. ქ-ის კუთვნილი წილი სს ,,ე. ე-ის“ კაპიტალში _ აქციათა 25%, ღირებულებით 2500000ªაშშ დოლარი;

3. სს ,,ე. ე-სა“ და სს „... ბანკს“ შორის 2007 წლის 3 აგვისტოს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება №659646-8, რომელიც წარმოადგენდა 2006 წლის 13 ივნისს დადებული №659646 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართს. გირაოს საგნად განისაზღვრა ა. ქ-ის კუთვნილი წილი სს ,,ე. ე-ის“ კაპიტალში _ აქციათა 30%, ღირებულებით 3000000 აშშ დოლარი;

4. 2010 წლის 20 იანვარს სს ,,ე. ე-სა“ და სს „... ბანკს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №659646-1099824, რომელიც წარმოადგენდა 2006 წლის 13 ივნისის №659646 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართს. კრედიტის თანხა განისაზღვრა 1080000 ლარით, წლიური სარგებლის ოდენობა _ 16%, მოქმედების ვადა _ 2010 წლის 15 აპრილამდე;

5. სს ,,ე. ე-მა“ დაარღვია საბანკო კრედიტით სარგებლობის ხელშეკრულება და 2010 წლის 19 მარტის მდგომარეობით საზოგადოების დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენდა 559575,64 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის №12 დანართის მიხედვით უზრუნველყოფილი კრედიტორები შეთანხმდნენ, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ დროს, სს ,,... ბანკს“ უფლება ექნებოდა გამოეყენებინა გირავნობის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებისა და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა შპს ,,... ბროკერის“ მიერ და სს ,,ე. ე-ის“ აქციების 55% შეიძინა შპს ,,... ბანკმა“ 2010 წლის 7 მაისს. აღნიშნული გარემოებები კი, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა რომ ა. ქ-ეს დავის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნა აქციათა ნასყიდობის 2010 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ვერ უზრუნველყოფდა მისთვის სასურველი შედეგის დადგომას და აქციათა 55%-ის ა. ქ-ის საკუთრებად აღრიცხვას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე დაეთანხმა ვალდებულების დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია გონივრულ და სამართლიან ფასად უნდა მოხდეს, სხვა კრედიტორების ინტერესების გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გირავნობის საგნის რეალიზაციის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობაა, რაც, ამ შემთხვევაში, არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5817,90 ლარის) 70% - 4072,53 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-ის (პირადი N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 13 მარტის N... სალაროს შემოსავლის ორდერითა და იმავე წლის 28 მარტის N5001823 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5817,90 ლარის) 70% - 4072,53 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.