№ას-415-393-2012 24 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ის წინააღმდეგ, არასრულწლოვანი შვილის - 2004 წლის 9 აგვისტოს დაბადებული ა. ვ-ის სარჩოდ, მის სასარგებლოდ, ალიმენტის – თვეში 350 ლარის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი მ. ვ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ვ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ შვილის 2004 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ა. ვ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა 2011 წლის 15 ივლისიდან, მის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. მ-ი და მ. ვ-ე 2003 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში 2004 წლის 09 აგვისტოს შეეძინათ შვილი ა. ვ-ე.
მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არსრულწლოვანი ბავშვი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან, რომელიც არ მუშაობს, არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობს დედის ოჯახში.
მ. ვ-ე მუშაობს სს ბანკი “...ს” (ჯგუფი “ს. ჟ-ი”) ბათუმის ფილიალის ინკასაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 670 ლარს.
ა. ვ-ე სწავლობს საგანმანათლებლო სკოლა “პანსიონში” რომლის ერთი წლის საფასური შეადგენს 3500 ლარს. 2011 წლის ივნისში მოპასუხის მიერ გადახდილია სწავლის საფასურის ნაწილი - 1000 ლარი.
2010 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით მ. ვ-ეს სს “ბანკ ...ში” ერიცხება სასეხო დავალიანება 10238.11 აშშ დოლარი და სესხზე თვეში გადასახდელი თანხა შეადგენს 145 აშშ დოლარს.
სამოქალაქო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის კმაყოფაზე იმყოფება მოხუცი დედა, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი და აღინიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, აპელანტის დედა დაბადებულია 1952 წლის 02 ოქტომბერს ანუ იგი არ არის პენსიონერი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტი მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
აპელანტის მითითება მასზე, რომ მას სს “ბანკი ...ს” მიმართ გააჩნდა სასესხო დავალიანება და სესხზე თვეში გადასახდელი თანხა შეადგენვფ 145 აშშ დოლარს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მეტყველებდა მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდებოდა ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მ. ვ-ეს მშობლის პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა განესაზღვრა საბანკო კრედიტის ოდენობა, რათა საფრთხე არ შექმნოდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე 31 1214-ე მუხლებზე და საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბაშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იყო 200 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საალიმენტო ვალდებულებისაგან აპელანტის განთავისუფლების ან ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მასზე, რომ მ. ვ-ეს თავის კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც მძიმე ავადმყოფია და, შესაბამიასდ, ესაჭიოროება დამატებითი ხარჯები. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა იგი სარჩელს 100 ლარის ნაწილში აღიარებდა, ვინაიდან მან შესაგებლით სარჩელი არ ცნო და თანხმობა განაცხადა 100 ლარის გადახდაზე მორიგების შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2198.30 ლარი) 70% –1538.81 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. ვ-ის (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ე. პ-ის მიერ №... შემოსავლის ორდერით 2012 წლის 2 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% –105 ლარი.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.